წარმატებული ქართველი საოპერო მომღერლების მიერ აქციაზე შესრულებულ "შავლეგოს" სოციალურ ქსელში რეკორდული გაზიარება და დიდი აღფრთოვანება მოჰყვა... სიმღერას ასრულებდნენ თეა დემურიშვილი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ლევან მაკარიძე, ნათია ბეჟაშვილი და შალვა აბრამიშვილი...
მარიკა მაჩიტიძე:
- გუშინ ძალიან ციოდა, გავცივდი, თუმცა ეს გაციება გაივლის და ის ემოციები კი მთელი ცხოვრება გამყვება! ძალიან სპონტანურად და მოულოდნელად დავიწყეთ სიმღერა და ეს სიმღერა გულიდან იყო ამოსული. არც ერთს წინასწარ ამაზე არც გვიფიქრია, უბრალოდ ვიდექით, ვსაუბრობდით, ერთმანეთს ჩვენს ტკივილს ვუზიარებდით. ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, ქართული სიმღერა სულ ისმოდა ჩემთან სახლში, ეს ქართული სული და იდენტობა სისხლში მაქვს, ამას ვერასოდეს მოვიშლი. ახლა ჩემს ქვეყანას უდგას ყოფნა, არ ყოფნის დილემა. ამ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და ის რაც ქვეყანაში ხდება, ესაა ტერორი...
რამდენიმე დღის წინ „დაისი“ უნდა მემღერა ჩემს თეატრში. "დაისი" ყველაზე მეტად შეეფერება დღევანდელობას და მაროს როლიც. მაროც ხომ იმიტომ დაარქვა ფალიაშვილმა მთავარ გმირს, რომ მარო მაყაშვილის სახელი უკვდავი ყოფილიყო. ასე, რომ სადაც მომიხერხდება და სადაც მომინდება , როგორც შემეძლება იქ ისე ვიმღერებ! მე სხვა არაფერი შემიძლია ამ ქვეყნისთვის, ჩემს სათქმელს სიმღერით გამოვხატავ. არავის არაფერს მოვუწოდებ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და მერე მიხვდებიან სად უნდა იდგნენ.
იმდენი გულანთებული და თვალებგაფართოებული ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა შემოგვიერთდა გუშინ იქ, რომ ვმღეროდით და ხალხის ცრემლიანი თვალები….. აი ამად ღირს ცხოვრება! არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია, უბრალოდ ვიმღერეთ…. ჩვენ ყოველ დღე იქ ვართ, გავიმარჯვებთ სახელოვნად...
თეა დემურიშვილი
- ოპერის მომღერლებმა ასე სპონტანურად ვიმღერეთ. მხოლოდ "შავლეგო" არ გვიმღერია, შევასრულეთ "ჩემო კარგო ქვეყანავ", "მრავალჟამიერი", საქართველოს ჰიმნი...
ადრეც მიმღერია პოლიციასთან ახლოს. ჩვენ სიმღერით, მშვიდობიანად უნდა დავამყაროთ წესრიგი ჩვენს ქვეყანაში. საშინელებაა რაც დღეს პარლამენტთან ხდება, როგორც ექცევიან ჩვენს ბავშვებს. აუცილებლად მინდა ვთქვა და დავაფიქსირო, რომ მე არცერთ მხარეს არ წარმოვადგენ. აპოლიტიკური ვარ, მაგრამ მე ვარ ჩემი სამშობლოს, ჩემი შვილების, ჩემი სახელმწიფოს ნათელი მომავლის მხარე. რა თქმა უნდა - გზა ევროპისკენ და არა საბჭოთა კავშირისკენ!
სულხან გველესიანი:
- ჩემი ქვეყნის ტკივილი მტკივა , ეს არის ჩემი სათქმელი! კარგი, უკეთესი ქვეყანა მინდა, არ მინდა დიქტატურა, არ მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, როგორისკენაც მივექანებით... რუსეთი დაბადებიდან არ მინდა! სხვათა შორის 1988 წლიდან, სტუდენტობიდან მოყოლებული მიტინგებზე - შავლეგოს ვმღეროდი. ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ, და არ მინდა ისეთი რამ ვთქვა, რაც სადაო იქნება... აპოლიტიკური ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მომღერალი ვარ, ამ საქმეში ვარ პროფესიონალი! შემიძლია ის ვთქვა, როგორ მიყვარს სამშობლო და 1988 წლიდან დღემდე აქციებზე რომ ვდგავარ. ჩემი პოლიტიკა ჩემი სამშობლოა. ვცდილობ ყოველთვის იმ მხარეს ვიდგე, რომელიც მიმაჩნია რომ მართალია და სწორ მხარეს წარმოადგენს. არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი, ჩემი ქვეყნის სამსახურში, როგორც შემიძლია ისე ვარ.
ეს სიმღერა რომ გაჟღერდა მიტინგებზე, მაშინ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ვსწავლობდი და იქიდან ვიცოდი. ძალიან ბევრჯერ მაქვს მიტინგებზე ხალხთან ერთად ნამღერი და რომ დავიწყებდი, ირგვლივ ყველამ მდენად კარგად იცოდა, სმენიანი თუ უსმენო სწორად მღეროდა. იმდენჯერ ვიმღერე, ერთი პერიოდი აქციებზე რომ გამოვჩნდებოდი, შავლეგოს მეძახდნენ.
- ბევრს გაახსენდა, რომ მერაბ კოსტავას განსაკუთრებულად უყვარდა ეს სიმღერა...
- რაც შეეხება მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას, მათ გააღვიძეს იმ დროის ქართველობაში ეროვნული ღირსება, პატრიოტული გრძნობა, დამოუკიდებლობა... ეს სიტყვები პირველად რომ გავიგე, ლამის გული გამიჩერდა. საბჭოთა ბავშვს რომ ასეთები გესმის, გული აგენთება.
მინდ,ა რომ საქართველო მართლაც დამოუკიდებელი იყოს. კი, დამოუკიდებელი არის რასაკვირველია, მაგრამ მინდა მეტად თავისუფალი იყო. ბოლოსდაბოლოს დამთავრდეს, ამ ქვეყნის ბედს ყოველთვის ერთი ადამიანი წყვეტდეს. აღარ შეიძლება ასე! რაც არ უნდა კარგი კაცი იყოს, ის ყოველთვის შეცდება, როცა ქვეყანას ერთპიროვნულად მართავს. მსურს მეტად დემოკრატიული გზით ვიაროთ, ერთი კაცის მმართველობა როდისმე შეიცვალოს. იმ ერთ კაცს თუ კარგი საქმის კეთება შეუძლია, თავის საქმე აკეთოს.
აი ეს არის ჩემი აზრი, რომ ჩემთვის პირველი ქართველობაა. აქციებზე ვდგავარ იმიტომ, რომ ჩემს შვილებს სხვანაირი ქვეყანა უნდათ. უფრო კარგი ქვეყანა და ეს ჩემ სურვილსაც კი სცდება. მიხარია, რომ გავიგე, როგორი ქვეყანაც უნდათ. საუბრის ბოლოს კი ვიტყოდი, რომ ჩვენი გზა აუცილებლად ევროპისკენ უნდა წავიდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს!