ფოტოკოლაჟი: ელენე სიფრაშვილი
კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამ დროისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს “დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოსაპოვებლად 1976-ზე მეტი დელეგატის მხარდაჭერა აქვს.
ჰარისმა აღნიშნა, რომ ასეთი ფართო მხარდაჭერით ამაყობს.
“ველი, რომ ნომინაციას მალე ოფიციალურად მივიღებ. ჩემს მიზანს ჩვენი პარტიის გაერთიანება, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ნოემბერში დონალდ ტრამპის დამარცხება წარმოადგენს“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.
ამასთან, ჰარისმა უილმინგტონში საარჩევნო კამპანიის შტაბის თანამშრომლებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის დონალდ ტრამპის ტიპაჟს კარგად იცნობს...
გამოსვლის დასრულებისას კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენს გაბედული ხელმძღვანელობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის გუნდი ნოემბერში გამარჯვებისთვის მზად არის.
“ჩემი მიზანია ეს ნომინაცია მოვიპოვო და გავიმარჯვო. როდესაც ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ!“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.
ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ნენსი პელოსმაც.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურის მიმართ მისი მხარდაჭერა “ოფიციალური, პირადი და პოლიტიკურია“.
“დემოკრატიულ პარტიაში ჩვენი მრავალფეროვნება და ერთობა ჩვენი სიძლიერეა. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დონალდ ტრამპი მტკიცედ დავამარცხოთ და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად კამალა ჰარისი ენთუზიაზმით ავირჩიოთ. წინ გამარჯვებისკენ!“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.
ოპონენტის კრიტიკით გამოირჩევა “რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი.
20 ივლისს, მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ტრამპმა კამალა ჰარისის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადება ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება:
“დააკვირდით მის სიცილს, ის გიჟია... ადამიანზე ბევრი რამის გაგება არის შესაძლებელი მისი სიცილიდან გამომდინარე. თუმცა, ის მაინც უკეთესია, ვიდრე ნენსი პელოსი“, - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 5 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და “დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
ასევე იხილეთ: