"გაიტანეთ ეს სურათი, გა-ი-ტა-ნეთ", "არაფრის არ მეშინია, არაფრის, მე ტანკისტი ვიყავი, ომამდე" - ალბათ უკვე მიხვდით, ეს იმ ფილმის მთავარი გმირის ფრაზებია, რომელიც ყველამ ზეპირად ვიცით. ვასო ჩორგოლაშვილი "ცისფერი მთებში" ამაოდ ცდილობს, ოთახიდან გაატანინოს ნახატი ("გრენლანდია"), რომელიც ჩამოვარდნის შემთხვევაში, მიაჩნია, რომ პირადად საფრთხეს მის სიცოცხლეს შეუქმნის...
როლს მსახიობი ვასო (ვასილ) კახნიაშვილი თამაშობს, რომლის შესახებ სამწუხაროდ ბევრმა თითქმის არაფერი იცის, ინფორმაცია მწირია.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორთან, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტთან გუბაზ მეგრელიძესთან საუბრისას მკითხველისთვის გარკვეული ინფორმაცია შევკრიბეთ:
- კოლორიტული მსახიობი იყო, 1939 წელს მარჯანიშვილის თეატრის სტუდია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლომდე გორის თეატრს ერთგულად ემსახურა... 50 წლის განმავლობაში 300 როლი განასახიერა, რაც იმაზე მეტყველებს თუ რა პროდუქტიული მსახიობი იყო. აქვს დადგმული ასევე საკუთარი პიესა "ბედნიერი ბილეთი" და ასევე ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", სადაც ხევისბერს თვითონ თამაშობდა...
- დაუვიწყარია ფილმებში მისი სახასიათო როლები...
- დიახ, მაგრამ თეატრში დრამატულ როლებს თამაშობდა. ითამაშა "ჰაჯი მურადი" იონა ვაკელის "შამილში,“ გოგია დავით ერისთავის "სამშობლოში“ და არაერთი საინტერესო როლი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... დრამატული როლების მიუხედავად, ძალიან სახასიათო მსახიობი იყო და მაყურებელი კახნიაშვილს უმეტესად ფილმებიდან იცნობს. მათგან რამდენიმეში მთავარი როლი აქვს ნათამაშები, დანარჩენი ეპიზოდური, სადაც ასევე ჩანს მისი აქტიორული შესაძლებლობები.
"კუჩხი ბედნიერში" სიმამრია, ოჯახის უფროსი, პატარა მონაკვეთი აქვს, მაგრამ დასამახსოვრებელი სახეა. დარბაისელი მეგრელი კაცია, რომელიც ცდილობს, შეყვარებულ შვილიშვილს რაღაცნაირად შვება აგრძნობინოს და გვერდში დაუდგეს. სიყვარული და პირადი გრძნობებია მისთვის მთავარი, რომ მომავალი თაობა ბედნიერი იყოს - კეთილშობილი ბაბუაა...
ეს შეთავსება - როგორც სახასიათო, ისე დრამატული როლები კახნიაშვილის შემოქმედებისთვის მთავარია. ბატონი ვასო საქართველოს სახალხო არტისტი იყო. 1964 წელს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. გორის თეატრში შალვა ხერხეულიძესთან და სხვა მსახიობებთან ერთად, ძალიან კოლორიტულ ანსამბლს ქმნიდა...
- ფილმში "სამანიშვილის დედინაცვალი" განსხვავებულ ბეკინას თამაშობს...
- კი, დავით კლდიაშვილთან კომედიაა და ფილმში - დრამა. ყოველგვარი ირონიისა და კომედიური ელემენტების გარეშე. კახნიაშვილმა სამანიშვილის ბეკინას მართლაც სხვანაირი სახე შექმნა. მისმა სურვილმა, ადამიანურმა გრძნობამ, რაც ცოლის მოყვანას უკავშირდება, შვილთან უთანხმოება გამოიწვია. ვერ განსაზღვრა ის დრამატული მომენტები, რაც შემდგომში წინ დაუხვდა და ეს აწუხებდა. ვერ წარმოიდგინა, რომ ჭარმაგ ასაკში შვილი ეყოლებოდა. ამიტომ, ეს შინაგანი ბრძოლაა ფილმში გადმოცემული. ფაქტობრივად, ოჯახი თავისი ქორწინებით გაყო. რისიც მის შვილს, პლატონს ეშინოდა, საბოლოოდ ის მოხდა. მამის სიჯიუტის გამო პლატონს ეს საშიშროება აუხდა.
მთავარია, ამ ჟანრებს მსახიობი ძალიან ბუნებრივად ერგება და ამიტომაა გამორჩეული მისი პერსონაჟები. ავიღოთ, თუნდაც ვასო ჩორგოლაშვილი ფილმიდან „ცისფერ მთები“. ბეკინასგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ დასამახსოვრებელია თავისი სტილით და განწყობით. ძალიან სერიოზულია, აღშფოთებულია იმით, რომ სურათი ვერავის გაატანინა... ჩხუბიც უწევს, დათმობაც, მაგრამ ბოლოს "გრენლანდია" მაინც თავზე ემხობა. აინტერესებს ნახატის გატანა და არა ის, თუ რა ხდება იმ სივრცეში, სცენარის განხილვა და ა.შ. საერთო სიტუაციას, ვითარებასაა აყოლილი, მაგრამ პირადი ამბიციები გააჩნია. მისი არაფრისგან წარმოქმნილი ამბიცია კი მაყურებელში ღიმილს იწვევს.
- "ომამდე ტანკისტი ვიყავი", ხომ?
- ჰგონია, რომ წარსულში ვიღაც იყო, მაგრამ ომამდე ტანკისტობა ხომ უფუნქციო ტანკისტობა გამოდის. ამით რეჟისორმა გვითხრა, რომ აქვს ამბიციები, რასაც არ თმობს, მაგრამ საერთო სიტუაციიდან გამომდინარე, იქ იმ გაუგებრობაში ხმას არ იღებს, გამორჩეულს არაფერს ამბობს. როლთან მიმართებაში ეს კონტრასტია პიროვნულ და საზოგადოებრივი მოვლენებს შორის დამოკიდებულება.
გორის თეატრის ყოფილი მსახიობი, 91 წლის ფატი ფულარიანი ჩემთან საუბარში ვასო კახნიაშვილზე ჰყვება, რომ ბატონი ვასო სცენური სიმართლით გამოირჩეოდა.
პროფესიონალი მსახიობი იყო და საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. როლის ტყავში ძვრებოდა, რომ საინტერესო სახე შეექმნა. რეპეტიციებს არ აცდენდა. ყოველთვის საინტერესოდ მუშაობდა, სახეს ბოლომდე სწვდებოდა და მისი ნამუშევრები დამაჯერებლობით გამოირჩეოდა. არასდროს კარგავდა წონასწორობას, სულ კოხტად ჩაცმული დადიოდა... ქალბატონი ფატის თქმით, ერთი პერიოდი, თეატრში კრიზისი ყოფილა და მსახიობებს გადაუწყვეტიათ დირექტორთან, გედეონ ნავროზაშვილთან შესულიყვნენ. ვასო გამოუძახიათ და როგორც გაწონასწორებული ადამიანისთვის, დირექტორთან შესვლა უთხოვიათ. რომ შესულა, მსახიობები კართან მდგარან. თურმე კაბინეტიდან ჩამიჩუმი არ ესმოდათ. იქიდან გამოსულისთვის უკითხავთ, უთხარი ჩვენი სათხოვარიო? ვუთხარი კი არა, ვუყვირეო. ცნობილ მსახიობს, ქეთევან ბოჭორიშვილს უთქვამს, - აქ ვდგავართ და არაფერი გაგვიგონია. ჩუმად ვიყვირეო. იმის მერე "ჩუმ ვასოს" ვეძახდითო...
როდესაც აკაკი ბაქარაძეს ხელისუფლება გაუწყრა, იმ დროს გორის თეატრში ხელმძღვანელი არ ჰყოლიათ და მსახიობებს მისი გამოგზავნა მოუთხოვიათ. ვასოს კარგი კალიგრაფია ჰქონდა და განცხადება შევარდნაძის სახელზე მას დაუწერია. დიდი თხოვნის მიუხედავად, აკაკი ბაქრაძე თეატრში მაინც არ დაუნიშნავთ, თუმცა შეჰპირდნენ... როდესაც სახელმწიფო პრემია ფილმისთვის "ცისფერი მთები“ მისცეს, უკვე მოხუცებული იყო. შინ გადამღები ჯგუფთან ერთად მისულან. კარზე უკაკუნეს, უკაკუნეს და არ გააღოო. მერე დაუძახიათ - ვასო, კარი გაგვიღე, სახელმწიფო პრემია მოგიტანეთო. მან კი დახურული კარის მიღმა გამოსძახა - თუ მოიტანეთ, მანდ კართან ააყუდეთო... ქალბატონი ფატის თქმით, დახვეწილობით, კოლორიტულობით გამოირჩეოდა და პოპულარობით სარგებლობდა.
მსახიობ იმედა კახიანს, ფილმში "სამანიშვილის დედინაცვალი" ვასო კახნიაშვილის უშუალო პარტნიორობამ მოუწია. მათ ერთად მამა-შვილის - ბეკინა და პლატონ სამანიშვილის როლები ითამაშეს. ბატონი იმედა AMBEBI.GE-სთან იხსენებს, თუ როგორ მოხვდა ფილმში და როგორ დარჩა ბატონი ვასო მის მეხსიერებაში:
- პლატონი ჩემთვის საპასუხისმგებლო როლი იყო. როცა ასეთ კლასიკას ეჭიდები, თანაც კინოს და კოტე მარჯანიშვილს უკვე გადაღებულიც აქვს ის, სადაც პლატონს აკაკი ვასაძე თამაშობს, პასუხისმგებლობა მატულობს. მერე საქართველოში ყველა თეატრში იყო „სამანიშვილი“ დადგმული და ამ ფილმზე რომ დავიწყეთ მუშობა, რუსთაველის თეატრში ეს სპექტაკლი ტრიუმფით მიდიოდა... მოკლედ, საინტერესო სამუშაო მელოდა, რაზეც მანამდე არც მიფიქრია. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ერთ დღეს ელდარ შენგელაიამ მითხრა, მინდა, პლატონის როლზე გაგსინჯოო. გამიკვირდა. იმ პერიოდში 120 კილოგრამი ვიყავი. ამხელა პლატონი სად გინახავს-მეთქი?! სასინჯი გადაღება მაინც ჩატარდა. სამხატვრო საბჭომ თქვა, - თუ იმედა წონაში დაიკლებს, კარგი იქნებაო. ელდარმა დიეტას მოგიტან და გახდებიო... ის დიეტა კი არა, შიმშილი იყო - 20 კილო დავიკელი. დამამტკიცეს. გადაღება იმერეთში იყო. იქ ყოველ დღე იმერულ ოჯახებში ვიყავით - ხან ზესტაფონში, თერჯოლაში, ჭიათურაში, მაგრამ ხაჭაპური არ მიჭამია და ჭიქა ღვინოც არ დამილევია - დიეტაზე გახლდით. ჩემზე მეტად ცხენსაც აშიმშილებდნენ, ისიც გამხდარი უნდა ყოფილიყო... სწორედ იქ შევხვდი ბეკინას როლზე ბატონ ვასოს... საოცარი მსახიობი იყო, სასიამოვნო საურთიერთო პიროვნება, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა. მისგან ბევრი რამის სწავლა და გაგება შეიძლებოდა, როგორც ოსტატობაში, ისე ადამიანურ ცხოვრებაში. მასთან ურთიერთობით დიდად კმაყოფილი ვიყავი, ასევე თამაშით და ყურადღებით ვუსმენდი. მართალი მსახიობი იყო, რაც კინოს ძალიან სჭირდება. როცა ასეთი პარტნიორი გყავს, დიდ მსახიობთან ხარ, ბედნიერებაა.
- იმერეთში გადაღებისას სუფრასთან ყოფნა მუდმივად გიხდებოდათ, უყვარდა ბატონ ვასოს მოლხენა?
- კი, მაგრამ ზომიერად... პროფესიონალი იყო და ნასვამი გადაღებაზე როგორ გამოჩნდებოდა?! ხომ ვამბობ, გამიმართლა, რომ ასეთ ადამიანს შევხდი და "მამა-შვილი" ვიყავით. "მამებში“ საერთოდ, ძალიან გამიმართლა, "საბუდარელში" ჩემი პირველი მამა გენიალური მსახიობი გრიშა ტყაბლაძე იყო, „თეთრ ქარავანში“ ასევე გენიალური სპარტაკ ბაღაშვილი. ყველანი პროფესიონალები იყვნენ და თავიანთ საქმეს ისე ეკიდებოდნენ, როგორც რაიმე წმინდას. ასეთი იყო ბატონი ვასოც. ბედნიერი ვარ, რომ ამის უფლება მომეცა...
სამწუხაროდ, თეატრში არ მინახავს, მაგრამ ვიცი, მაყურებელს როგორ უყვარდა. მასთან ურთიერთობით და მისი საქციელით, გადაღებაზე რომ ვუყურებდი, გაოცებული ვიყავი, თუ როგორი დამოკიდებულებით იყო კინოს მიმართ. ფილმში ასეთი სცენაა - ჩოხას იკერავს და თავს როგორ იწონებს, - ეს საოცარი სანახავია. საცოლეს პირველად რომ შეხვდება, როგორ ელაპარაკება, ან როგორ მიიღო... ასეთი მსახიობები იყვნენ, თავიანთი პროფესიით ცხოვრობდნენ და ესმოდათ, რა პასუხისმგებლობა ჰქონდათ ხალხის და ქვეყნის წინაშე. კი ასეთი იყო ვასო კახნიაშვილი.
არანაირად არ მივსტირივარ საბჭოთა საქართველოს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ ეპოქაში გენიალური რეჟისორებისა და ასევე უნიჭიერესი მსახიობების მიერ შექმნილი დაუვიწყარი ფილმები საუკუნეების შემდეგაც საინტერესო იქნება ქართველი მაყურებლისათვის!!!
პირადად ჩემი მოსაზრებით არა მგონია, რომ ქართულმა კინემატოგრაფიამ ოდესმე მიაღწიოს გასული საუკუნის 50-80-იანი წლების მწვერვალებს...
პ.ს. ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ ათჯერ ნანახ ქართულ ფილმებს!
გორის თეატრის სახე იყო შალვა ხერხეულიძესთან ერთად!
დიდი ვარსკვლავები იყვნენ ორივე!