ავტორი:

"ბულინგმა სულიერად უფრო გამაძლიერა... ცხოვრების მადლობელი ვარ, განვლილ ყოველ წამს და წუთს ვაფასებ" - თედო ბექაური ოჯახზე, ცხოვრებასა და გამარჯვებაზე

"ბულინგმა სულიერად უფრო გამაძლიერა... ცხოვრების მადლობელი ვარ, განვლილ ყოველ წამს და წუთს ვაფასებ" - თედო ბექაური ოჯახზე, ცხოვრებასა და გამარჯვებაზე

თედო ბექაურის ცხოვრებაში წარმატება 10 წლის ასაკში მოულოდნელად მოვიდა, როდესაც რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა ის თავისი ფილმისთვის "გაღმა ნაპირი“ აღმოაჩინა და მთავარი როლის შესასრულებლად შეარჩია... ამ როლმა პატარა მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა - რადგან დაკისრებულ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა. "გაღმა ნაპირით“ თედო არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ფესტივალებზე გაიცნეს...

მერე კი ყველაზე პოპულარული ბიჭის ცხოვრებაში ყველაფერი ჩვეულებრივად წარიმართა... კიდევ 2 ფილმში ითამაშა, თუმცა მისით მეტად კინოში აღარ დაინტერესებულან. როგორ ცხოვრობდა მთელი ეს წლები, ამაზე ინტერვიუდან შეიტყობთ.

თუმცა ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ის კონკურსის გამარჯვებულია - თედომ მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონი მოიგო. პირველი ადგილი მან მეწყვილე ანნა ბირთველიშვილთან ერთად დაიკავა. გამარჯვებულს მთავარი პრიზი - ბინა ბაკურიანში ერგო. თედო ბექაურის ცხოვრებაში, როგორც თვითონ ამბობს, ახლა განსხვავებული რაღაც ხდება...

- თედო, გამარჯვებას გილოცავ. ფიქრობდი იმაზე, რომ შესაძლოა, ვერ მოგეგო?

- რა თქმა უნდა. არ უნდა დამეშვა ფიქრი იმაზე, რომ 100%-ით აუცილებლად მოვიგებდი... ეს უპირველესად იმისთვის, რომ გულის წყვეტა არ მქონოდა. გულშემატკივრების იმედი კი მქონდა... საბოლოოდ ისე მოხდა, როგორც გვინდოდა მე და ჩემს გულშემატკივარს...

- როგორია შენი ემოციები და გეგმები?

- ჯერჯერობით ვერაფერს ვფიქრობ... საოცარი რამ მოხდა... ჩვენს ამ ინტერვიუმდე ფინალს ვუყურებდი და კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ მე-12 სეზონის გამარჯვებული მე ვარ და ეს ყველაფერი ჩემს თავს მოხდა. აქამდე ასეთი ემოცია არ მქონდა, სიტყვებით ვერ გამოვთქვამ - რაღაც არნახული, უჩვეულო და სხვანაირი გრძნობაა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონი დაიხურა... წინა სეზონებისას თუ გიფიქრია, რომ ამ პროექტში მიგეღო მონაწილეობა?

- კი, მიფიქრია, დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი-მეთქი, მაგრამ აქამდე პროექტში მონაწილეობა არავის შემოუთავაზებია... მერე ისე მოხდა, რომ ნოე სულაბერიძესთან გადაცემაში ვიყავი და მითხრა, შოუში ხომ არ იცეკვებო? დიდი სიამოვნებით, რატომაც არა-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ამაზე ნაფიქრი მქონდა... ძალიან კარგი, მე ხელს შეგიწყობო... მადლობა ნოეს...

- შენი თავის იმედი გქონდა, რომ შეძლებდი ცეკვას?

- ვფიქრობდი, რამდენად გამომივა-მეთქი, მაგრამ ამასთანავე ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერს ვარჯიშის შედეგად დავხვეწდი. ისე, ქართული ცეკვა უფრო რთულია, ვიდრე სპორტული.... მეწყვილეც კარგი შემხვდა, ანნა ბირთველიშვილი. ბიჭები - ირაკლი ძაძამია და რატი გაჩეჩილაძე კარგად მეხმარებოდნენ, მაგრამ სულ ჩემთან ხომ არ იყვნენ და ძირითადად მარტო ვმუშაობდი ხოლმე... ძალიან კარგი ადამიანების გარემოცვაში მოხვდი, ყველა მეხმარებოდა.

- ეს სამი თვე როგორი იყო შენს ცხოვრებაში?

- უძილო, დაღლილი და კიდურებ-კუნთებ-ძვლებ ნატკენი... მართლა ყველა ძვალი მტკივა, მაგრამ ღირდა... კიდევ რომ ეკითხათ - იცეკვებო?, კიდევ ვიცეკვებდი...

- ამ პროექტამდე როგორ ცხოვრობდი?

- არაფერი განსაკუთრებული, სამსახური, სახლი... ასე ვიყავი... საერთოდ, ჩემი სამსახური ელიავას ბაზრობაზე იყო, რაც ძალიან რთულია... როცა ადამიანს რაღაც გინდა და ვერ აკეთებ, თავს კომფორტულად ვერ გრძნობ. ამიტომ იმ გარემოში ცოტა მიჭირდა. ხალხსაც უკვირდა, იქ რომ მხედავდა... მაგრამ როცა შემოსავლის სხვა წყარო არ გაქვს და გიჭირს, რას იზამ?!

- 10 წლის ბიჭმა ფილმში "გაღმა ნაპირი“ როლის შესანიშნავად შესრულება შეძელი. რა ადგილი უკავია ამ ფილმს შენს ცხოვრებაში?

- ეს არის ტკბილი ბავშვობა, რომელიც სულ ჩემთანაა და სულ მახსოვს...

- თავის დროზე, თურმე გადამღები ჯგუფიდან ვიღაცებს არ მოსწონდი. ამბობდნენ, რატომ მოიყვანეთ ეს ბიჭი, სხვა ვერავინ მოიძებნაო?

- კი, მაგრამ მაშინ ამის შესახებ არ ვიცოდი, ეს გვიან გავიგე. ჩემამდე კი მოვიდა ინფორმაცია, მაგრამ იმის იქით არ დავინტერესებულვარ, ეს ვინ თქვა და რატომ. არც მიკითხავს, რადგანაც მე ფილმში ჩემი შედეგი მაქვს და ვიცი, რა გავაკეთე. იდარდონ იმ ადამიანებმა, ვინც ჩემზე რამე ცუდად თქვეს...

- ვიდრე კინო იქნებოდა, თურმე ბავშვობაში გარკვეული ბულინგის ობიექტიც ყოფილხარ, რაც შენს თვალთან დაკავშირებულ გარკვეულ პრობლემას უკავშირდებოდა. ეს ბავშვობის ტრავმა დღესაც მოგყვება?

- კი, ბავშვობის ტრავმაა, მაგრამ მაგ ბულინგმა სულიერად უფრო გამაძლიერა... ცხოვრების დიდად მადლიერი ვარ, განვლილ ყოველ წამს და წუთს ვაფასებ.

- როდესაც ადამიანის ცხოვრებაში პოპულარობა მოდის, ბევრი წონასწორობის დაცვას ვერ ახერხებს. საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა ექმნებათ... შენ ხარ ადამიანი, რომელმაც წონასწორობის დაცვა ყველა ეტაპზე შეძელი. როგორ მოახერხე?

- მშობლები არიან ისეთი ადამიანები, რომ სწორად აღმზარდეს... სხვანაირად არ შემეძლო და არ შემიძლია...

- ამ გამარჯვების შემდეგ, მშობლებმა რა გითხრეს?

- მათთან დალაპარაკება ჯერ ნორმალურად ვერც მოვასწარი. კიდევ არ გვჯერა იმის, რაც ჩვენს თავს მოხდა და ხდება... ჩემი მეუღლე და პატარა, მოუსვენარი დემეტრე (2 წლის და 9 თვის), გამარჯვება... ეს ყველაფერი ჩემთვის ნამდვილი ზღაპარია. ზღაპრულად ვართ კი... მეუღლე ამ პროექტის განმავლობაში მხარში მედგა...

- სად ცხოვრობთ?

- ახლა თბილისში ვართ, სხვის სახლში, მაგრამ აქ პროექტის გამო ვიყავით. მე ორბეთიდან ვარ. ჩემი სოფელი თბილისიდან არც ისე შორსაა, საკმაოდ მაღლაა და ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს... ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. მთელი ბავშვობა იქ გავატარე. პატარა სოფელია თავის პატარა სამეზობლოთი და დიდი სიყვარულით, მშრომელი, კეთილშობილი ადამიანებით.

- გამარჯვების შემდეგ იქვე სცენაზე შენთან მოსალოცად მოხუცებული ქალბატონი მოვიდა, ფაქტობრივად, პირველმა მოგილოცა. ბებოა?

- ეს ქალბატონი მეგობრის მეზობელია - ჩვენი მონათესავე გვარის წარმომადგენელი. ძალიან ვუყვარვარ და ფინალზე საგულშემატკივროდ მოვიდა. სამწუხაროდ, ბებო არ მყავს, ამ ქალბატონის სახით კი ბებია ნამდვილად შევიძინე, ძალიან მიყვარს და ვაფასებ. ჩემი მეგობრისთვის უთქვამს, მანახე ბავშვიო და მანაც ჩემთან წამოიყვანა. გაცნობიდან მოყოლებული ბებიობას მიწევს. ძალიან კარგი ადამიანია.

- გამოჩნდა ვიღაც ინკოგნიტო ქალბატონი, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტში შენს სწავლას უზრუნველყოფს... ეს ნატვრაც აგიხდება...

- კი, ასეა. მანამდე თეატრალურ კოლეჯში ვსწავლობდი, სადაც დიდი განათლება არ მიმიღია. ეს იმისთვის მინდოდა, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებაში დამხმარებოდა. მერე იქ გადასახადს ფინანსურად ვეღარ გავწვდი... ახლა ცოტა ხანი აზრზე მოსასვლელად დრო მჭირდება, კალაპოტში ჩავდგები და ყველაფერს მივხედავ...

ყველას, ვინც გვერდით მედგა, ასევე ჩემს გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი. ვინც ერთი ზარი ან ერთი მესიჯი გამოუშვა. სიტყვიერად გვერდში დამიდგა, ყველას დიდი მადლობა. მთელ საქართველოს ულევ სიხარულს ვუსურვებ!..

იხილეთ ასევე: