წლების წინ გეოლოგიური ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტი ავარიაში მოჰყვა, რის მერეც მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა... გვანცა ზადიშვილი დღეს წარმატებული პარასპორტსმენია... პარამოფარიკავე მის ცხოვრებაში მომხდარი უმძიმესი ამბის შემდეგ გახდა. ამბობს, რომ ფარიკაობამ გადაარჩინა... წლების წინ გვანცა ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლებოდა და უმძიმესი ავარია მის გეგმებს თავდაყირა დააყენებდა... ახალი მიზნები, მისთვის ბრძოლა კი ასეთ წარმატებას მოუტანდა.
გვანცას ძალიან უყვარს ის ენერგეტიკა, სინათლე და სიხარული, რომელიც ახალ წელს მოაქვს, როგორც გავარკვიეთ, მისთვის ეს დღესასწაული საკუთარ დაბადების დღეზე ბევრად ძვირფასია. საახალწლო განწყობას გვიზიარებს საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გვანცა ზადიშვილი.
- გვანცა წლის მიწურულია, მოდით, ერთად შევაფასოთ, როგორი იყო თქვენთვის 2023 წელი?
- 2023 წელს 10-ბალიანი სისტემიდან დავუწერდი 8 ქულას, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული წელი იყო. კარიერული თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, 2023 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ შეჯიბრში არ მქონია მედალი და პირველად წელს ავიღე ბრინჯაო.
- ახალი წელი ერთ-ერთ ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, გვაინტერესებს, როგორი წინასაახალწლო განწყობა გაქვთ, რას ელით ახალი წლიდან და რამე განსაკუთრებული გეგმები ხო არ გაქვთ?
-ახალი წელი ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, იმდენად თბილი და ოჯახური ზეიმია, რომ ჩემს დაბადების დღეზე მეტად მიყვარს. წელს სოფელში ვაპირებ ახალი წლის შეხვედრას თბილ ღუმელთან, ოჯახთან და თოვლთან ერთად. ახალი 2024 წლისგან ასე წინასწარ ვერ ვიტყვი, რას ველი, მაგრამ ვფიქრობ და მინდა, რომ კიდევ უფრო მეტს მივაღწიო.
- ვისთან ერთად აპირებთ ახალი წლის შეხვედრას და როგორია ტრადიციულად თქვენი საახალწლო სამზადისი, გიყვართ თუ არა საახალწლო ატრიბუტები, იღებთ თუ არა სახლის მორთვაში მონაწილეობას? ასევე საინტერესოა, როგორი დიასახლისი ხართ, გიწევთ თუ არა კერძების მომზადებაში მონაწილეობა?
- სამწუხაროდ, დედა ემიგრანტია და ახალ წელს ბოლო წლებია ვხვდები ბიძებთან ერთად სოფელში, რა თქმა უნდა, ვემზადებით ახალი წლისთვის. კი, საახალწლოდ ყველა ვიღებთ მონაწილეობას სახლის მორთვაში და ვამზადებთ სუფრას. შეიძლება ითქვას, რომ კარგი დიასახლისი ვარ. კერძები მომზადება, რა თქმა უნდა, მეხერხება, შემიძლია საკმაოდ რთული და საახალწლოდ სუფრისთვის საჭირო რამე-რუმეების მომზადება, მაგრამ, გაგიმხელთ, დიდად არ მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, თუმცა, ახალი წლისთვის გამონაკლისს ვუშვებ და თბილ ოჯახურ გარემოში ვამზადებ საახალწლო არაერთ კერძს.
- ხომ არ გაქვთ ახალი წლის შეხვედრის რაიმე გამორჩეული ტრადიცია?
- არ ვიცი, რამდენად ჩაითვლება ტრადიციად, მაგრამ უზომოდ მიყვარს ახალი წლისთვის სახლის მორთვა, ფერადი და თბილი გარემოს შექმნა.
- მოფარიკავეთა გუნდის წევრებთან, როგორც ვიცი, ძალიან ახლოს ხართ. გაქვთ საერთო გეგმები საახალწლოდ?
- სამწუხაროდ, ახალ წელს გუნდის არცერთი წევრი თბილიში არ ვართ და ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ერთად შეხვედრას, მაგრამ უკვე დამდგარ ახალ 2024 წელს ვაპირებთ შეკრებას, ერთად დროის გატარებასა და აღნიშვნას.
- დასასრულ, იქნებ გაუმხილოთ ჩვენს მკითხველს, როდესაც ადამიანის ცხოვრებას ერთი მომენტი ძირფესვიანად ცვლის, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ცვლილებებს და როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?
- ჩემი წარმატების ფორმულად მივიჩნევ ჩემი მიზნების ვიზუალიზაციას, როდესაც მთელი სულით, გულით და სხეულის თითოეული ნაწილაკით შევიგრძნობ მიზანს და მისი განხორციელებისთვის ვიწყებ ბრძოლას... ასევე უმნიშვნელოვანესია თავდაუზოგავი შრომა. მიზნის მიღწევს გზაზე გაჩენილი წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ გაცილებით უფრო ძლიერად გრძნობ ადამიანი თავს...
საოცრად ლამაზი გოგო! ბედნიერი შობა ახალი წელი გვანცა!