გამოცემა “ბათუმელების" ინფორმაციით, ბათუმის პორტში მილიარდერი ჯეიმს საიმონსის კუთვნილი იახტა "არქიმედე“ იმყოფება. იახტის ღირებულება 100 მილიონი დოლარია.
"ბათუმელების“ თანახმად, საიმონსი თავადაც ბათუმშია.
"ფორბსის“ მსოფლიო მილიარდერთა სიაში ჯეიმს საიმონსი 52-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება რეალურ დროში 28,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საიმონსი არის მსხვილი სავაჭრო ჰეჯ-ფონდის Renaissance Technologies -ის დამფუძნებელი. მან იგი 1982 წელს დააფუძნა და 2010 წელს დატოვა თანამდებობა, თუმცა "ფორბსის“ თანახმად, იგი კვლავაც თამაშობს როლს Renaissance Technologies-ში და იღებს სარგებელს ფონდის საქმიანობიდან.
"ფორბსის“ 2022 წლის ყველაზე მსხვილი ამერიკელი ფილანთროპების სიაში საიმონსი მე-8 ადგილს იკავებს. სიის პირველი შვიდეული კი ასე გამოიყურება: უორენ ბაფეტი, ბილ და მელინდა ფრენჩ გეითსები, ჯორჯ სოროსი, მაიკლ ბლუმბერგი, მაკკენზი სკოტი, ჩარლზ ფინი, გორდონ და ბეტ მურები.
განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით, ჯეიმს საიმონსს ფილანთროპიაში სულ 4 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.
ჯეიმს საიმონსის ფილანთროპია ძირითადად მეცნიერების მიმართულებით მუშაობს. 1994 წელს, როგორც თავად საიმონსი ამბობს, მეუღლის, მერილინის ინიციატივით და მასთან ერთად დააფუძნა "საიმონსის ფონდი“, რომელიც მთავარი შემწირველია მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის – "მათემატიკა ამერიკისთვის“. "საიმონსის ფონდი“ ასევე მხარს უჭერს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და აუტიზმის კვლევებს. განაგრძეთ კითხვა