ქალები და ბავშვები სხვადასხვა ფორმის ძალადობას ხშირად განიცდიან, თუმცა რეალური სურათი და ციფრები სტატისტიკაში ნაკლებად აისახება. ამის მიზეზი გაბატონებული ტრადიციული გენდერული ნორმები, სოციალური მხარდაჭერის არქონა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ნაკლებობაა.
გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც არასათანადოდ და არასაკმარისადაა მიწოდებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა გენდერი, გენდერული ნიშნით ძალადობა, შესაბამისი რეაგირება და პრევენციული მექანიზმები.
აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს World Vision საქართველო, რომელიც ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემების გაძლიერებას უწყობს ხელს, რათა შექმნას ჯანსაღი გარემო, რომელიც არის ინკლუზიური, ტოლერანტული და ყველას თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს.
2022 წლიდან World Vision საქართველოს ფონდი ახორციელებს პროექტს "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების გზით", რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და გენდერული ძალადობის პრევენციას საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების გზით. პროექტი ხორციელდება კანადის მთავრობა - კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ სამიზნე რეგიონში: სამცხე- ჯავახეთი (ახალციხის და ადიგენის მუნიციპალიტეტები), იმერეთი (ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები), კახეთი (გურჯაანის, ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტები).
კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერული ნიშნით ბავშვების დაყოფა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამიტომაც, გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება აუცილებელია. პროექტის კოორდინატორი, ფსიქოლოგი ქეთევან ქიმოსტელი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რას გულისხმობს ეს პრაქტიკა და რატომაა მნიშვნელოვანი.
- გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიური პრაქტიკის დროს გოგონებისა და ბიჭებისთვის დამახასიათებელ საგანმანათლებლო თავისებურებებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ასევე, ეს სწავლა-სწავლების ისეთი პრინციპებია, რომლებიც ყოველდღიურად გოგონებისა და ბიჭების სპეციფიკურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე ყურადღებას გაამახვილებს. თუ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას ავიღებთ, პირველ რიგში, საჭიროა, კურიკულუმი შეიქმნას და გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა ყოველდღიურ პრაქტიკაში დაინერგოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკლასო ოთახი და საგანმანათლებლო გარემო შესაბამისად მოეწყოს, მოსწავლეებთან ინტერაქცია და კომუნიკაცია გენდერულად პასუხისმგებლიან პრაქტიკას მოიცავდეს და მოსწავლეებთან უკუკავშირის მიწოდებაც და შეფასებაც აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებდეს.
თუმცა, ამ პროცესში, გარდა მასწავლებლისა, სკოლის მენეჯმენტი აქტიურად უნდა ჩაერთოს, რომ თითოეული მასწავლებლის განვითარებასა და იდეების წახალისებაზე იზრუნოს და შესაბამისი რესურსებით მობილიზებას მხარი დაუჭიროს. ასევე, მასწავლებლის მხრიდან გენდერული სტერეოტიპების გამოვლენა, დისკრიმინაციული მიდგომები მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. გოგონებსაც და ბიჭებსაც სასკოლო სივრცეში განვითარების თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ და ისინი გენდერული ნიშნით არ უნდა იჩაგრებოდნენ.
ქეთევან ქიმოსტელი აღნიშნავს იმასაც, კვლევის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში რა ტიპის პრობლემას წააწყდნენ და როგორ აისახა ეს საგანმანათლებლო სისტემაზე:
- ჩვენი პროექტის სამიზნე არა ქალაქი თბილისი, არამედ 3 რეგიონი და 7 მუნიციპალიტეტი იყო. პრობლემებიც სხვადასხვაგვარი გამოიკვეთა. ზოგიერთ დასახლებულ არეალში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომლებსაც გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი კულტურული ნიშა აქვთ და ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია. ასევე, არის დასახლებები, სადაც ისეთი სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე მუშაობენ, ძალიან დაბალია. სოფლებში მიგრაციის საკითხიც აღსანიშნავია, სადაც სტერეოტიპული დამოკიდებულებები დროში თითქმის აღარ იცვლება, რადგანაც არ ხდება მოსახლეობის მიმოსვლა, ინფორმაციის გაცვლა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა.
ამავე კვლევამ დაადასტურა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვების გენდერული ნიშნით დაყოფა, მათთვის გარკვეული იარლიყების მიწებება, მაგალითად, ის, რომ კონკრეტული საგნის სწავლა ბიჭებს უფრო უკეთ გამოსდით და გოგოებს ნაკლებად, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ფსიქოლოგი განმარტავს, რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას ბავშვებს მსგავსმა მიდგომამ სამომავლოდ:
- 21-ე საუკუნეში ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სკოლამდელი აღზრდა იქნება, თუ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა, ყოველი ბავშვის განვითარებას ინდივიდუალური, დიფერენციალური მეთოდით ვუდგებით. რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ბავშვის შესაძლებლობებს ვითვალისწინებთ, ვეყრდნობით მას და მის ხარჯზე ვავითარებთ სხვა შესაძლებლობებს.
შესაძლოა, ერთ ბავშვს გაკვეთილის ვერბალურად გადმოცემა უმარტივდებოდეს, მეორეს - წერით და ასე შემდეგ. აქიდან გამომდინარე, მოსწავლესთან რომელიმე საგნის მიმართ მისი აქტიურობა ან პასიურობა, სტერეოტიპული შეხედულების მიხედვით არ უნდა წავახალისოთ. მსგავსი მიდგომა ბავშვების შესაძლებლობას თრგუნავს და ავტომატურად, აფიქრებინებს, რომ რომელიმე საგნის შესწავლა არ შეუძლიათ. შედეგად, იქმნება ე.წ. იარლიყები, რომლებიც, მაგალითად, გოგონებს უბიძგებს, რომ მაინცდამაინც ჰუმანიტარულ საგნებში სცადონ განვითარება, ბიჭებს კი ტექნიკური საგნების თვალსაზრისით. საბოლოოდ კი, როდესაც კონკრეტული მოსწავლე პროფესიის არჩევის წინაშე დადგება, შესაძლოა ის საქმე, რომელსაც აირჩევს და რომლისკენაც უბიძგეს, ვერ გამოიყენოს, რადგან დასაწყისიდანვე არასწორი მიდგომა ჰქონდა. გარდა ამისა, როდესაც ბაღის ასაკიდანვე გარკვეული კომპეტენციის მქონე ადამიანი ბავშვს შესაძლებლობაზე მითითებას აძლევს და თავად განუსაზღვრავს, რა გამოსდის, ან რა-არა, პიროვნული ზრდა-განვითარებისთვისაც საკმაოდ ხელისშემშლელი ფაქტორია. შესაძლოა, მომავალში, ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვები მუდმივად სხვების მითითებას უცდიდნენ და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება ვეღარ შეძლონ. მეტიც, შეიძლება საერთოდ ასცდნენ საკუთარ სურვილებს და მომავალში პიროვნულად რეალიზება ვეღარ მოახერხონ.
პროექტის კოორდინატორი გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ ხშირად საბავშვო ბაღებში ფერების, სათამაშოების განაწილება გენდერული სტერეოტიპების მიხედვით ხდება და აღნიშნა, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, მსგავსი პრაქტიკა კვლავ აქტუალურია:
- პროექტის ფარგლებში მსგავსი პრობლემები ნამდვილად გამოიკვეთა. მაგალითად, საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა თქვეს, რომ ბიჭების თოჯინებით თამაში დაუშვებელია და რომ ამას თავიანთ საკლასო გარემოში არ დაუშვებდნენ. მეორე პედაგოგმა თქვა, რომ ვარდისფერი და ცისფერი ჟურნალები აქვს, სადაც გოგონებისა და ბიჭების აკადემიურ მოსწრებას აღწერდა. მსგავსი მაგალითები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ საგანმანათლებლო სივრცეში ბავშვების გენდერის ნიშნით დაყოფა ჯერ კიდევ ხდება. როგორც წესი, ზედაპირული მიდგომა არსებობს და სიღრმისეულად გააზრებული არ არის თუნდაც ის ფაქტი, რომ მაგალითად, ბიჭს თოჯინით თამაშმა შესაძლოა, მზრუნველობის, ემპათიის, სითბოს გამოხატვის უნარი კიდევ უფრო განუვითაროს. ძალიან ბევრი სიკეთე და მაგალითი შეიძლება ჩამოვთვალოთ, რაზეც, შესაძლოა აღმზრდელებს ჯერჯერობით არ უფიქრიათ და მხოლოდ არსებული სტერეოტიპების ფონზე იღებენ გადაწყვეტილებას. ნებისმიერი ტიპის აკრძალვა, თუ მას ახსნა არ ახლავს, ბავშვის ფსიქიკისა და განვითარებისთვის საკმაოდ სტრესულია. ის არგუმენტი, რომ რაკი ბავშვი "გოგონად დაიბადა" მან აუცილებლად თოჯინით უნდა ითამაშოს და მანქანა "ბიჭებისთვისაა" განკუთვნილი, ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს. ბავშვების სურვილების უგულებელყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ ის გოგონად/ბიჭად დაიბადა, დაუშვებელია, მათში უსამართლობის განცდას იწვევს და შემდგომში უპირობოდ ჩათვლის, რომ რაკი გოგონა ან ბიჭია, რაღაცის გაკეთებას ვერ შეძლებს.
გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელებაში მშობლების როლიც განსაკუთრებულია და აღნიშნულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით მათთან მუშაობა აუცილებელია.
- კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუკი ჩვენ გენდერულად პასუხისმგებლიან პრაქტიკაზე ვისაუბრებთ, ეს იქნება ბაღებში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში, რამდენიმე რგოლი უნდა გამოვყოთ, რომლებიც ბავშვის განვითარებაშია ჩართული. გარდა მასწავლებლის, აღმზრდელისა და ადმინისტრაციის, განსაკუთრებული როლი მშობლებს ენიჭებათ. ბაღის აღმზრდელები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც თავად მშობელს აქვს პროტესტი და აგრესია მაშინ, როდესაც ყველა ბავშვი გარკვეულ პროცესებში თანაბრად ერთვება. მაგალითად, ბაღის ოთახის დალაგების შემთხვევაში, მშობელს გამოუხატავს პროტესტი, რომ მისი შვილი "გოგო არ არის" და ამ აქტივობაში მონაწილეობას არ მიიღებდა. გარდა ამისა, თუ ღონისძიებისთვის საცეკვაო ნომერი მზადდება, ზოგიერთი მშობელი ავტომატურად მოიაზრებს, რომ წყვილში გოგონა და ბიჭი უნდა იყოს და მხოლოდ გოგონების, ან მხოლოდ ბიჭების ცეკვა, მაშინაც კი, თუ საკმარისი რაოდენობის ბავშვი არ არის, დაუშვებელია.
სწორედ ამიტომ, აღმზრდელთან და სკოლის მასწავლებელთან ერთად, მშობლების ცნობიერების ამაღლებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის ფსიქოლოგია დაზიანდება, რადგანაც საგანმანათლებლო სისტემა სრულიად სხვა მოდელს შესთავაზებს, ოჯახში კი განსხვავებული მიდგომები ექნებათ. ასევე, არ შემიძლია არ გამოვყო საკითხი, რომელიც ბავშვებში სექსუალურ ქცევას უკავშირდება. შესაძლებელია, ბავშვს ეს სადღაც ნანახი ჰქონდეს და უბრალოდ, ქცევის მოდელირებას გამოხატავდეს, ან სექსუალური განვითარების ფაზებს ემთხვეოდეს და სკოლამდელ ასაკშიც გამოვლინდეს. იყო ფაქტები, როდესაც ოჯახმა და ბაღის მასწავლებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. ამიტომ, მედიკამენტური მკურნალობით სურდათ, მსგავსი ქცევები შეემცირებინათ. რეალურად კი ბავშვს არასწორი, არასაჭირო დანიშნულება და მკურნალობა ჩაუტარდა და მსგავს შემთხვევებში, შედეგები სამომავლოდ ძალიან მძიმეა. ამიტომაც, სამედიცინო რგოლის ინფორმირებულობაც აუცილებელია.
ქეთევან ქიმოსტელის თქმით, სკოლებში სასწავლო პროგრამებიდან მოზარდის სექსუალური განვითარება, ფაქტობრივად, ამოღებულია. ბევრი მასწავლებელი ამ საკითხზე არ საუბრობს და როგორც წესი, ამ თემას გამოტოვებენ ხოლმე.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავდა სახელმძღვანელოები "გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიური პრაქტიკა" სკოლების და ბაღების პრაქტიკოსებისთვის და გადამზადდა 500-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელი, მასწავლებელი და აღმზრდელი. აღნიშნული სახელმძღვანელოები დაეხმარება პრაქტიკოსებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლაში საგანმანათლებლო სისტემაში. გზამკვლევების ონლაინ ვერსიები უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის World Vision საქართველოს ვებგვერდზე https://worldvision.ge/
პროექტის კოორდინატორი გვიყვება, რაზეა აღნიშნულ სახელმძღვანელოებში ძირითადი აქცენტები გაკეთებული:
- პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ორი გზამკვლევი შევიმუშავეთ. ერთი სკოლამდელ აღზრდის დაწესებულების პედაგოგებისთვისაა, მეორე კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებისთვის. აღწერილია, სკოლამდელ დაწესებულებებში როგორ შეგვიძლია გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება. ასევე, კარგადაა ახსნილი, რატომ უნდა გავითვალისწინოთ მსგავსი პრაქტიკა ყოველდღიურობაში. გარდა ამისა, შეთავაზებულია რამდენიმე საინტერესო გზა, თუ როგორ გავხადოთ პრაქტიკა და საგანმანათლებლო პროცესი გენდერულად პასუხისმგებლიანი.
რაც შეეხება სკოლის პედაგოგებისთვის განკუთვნილ გზამკვლევს, ამ შემთხვევაშიც ტერმინები განმარტებულია და ახსნილია, რას გულისხმობს გენდერულად პასუხისმგებლიანი პრაქტიკის გამოყენება. სახელმძღვანელოებში ასევე საჭირო რჩევებია შემდეგ საკითხებზე: როგორ უნდა დაგეგმონ საგაკვეთილო პროცესი, როგორი კომუნიკაციაა მისაღები მოსწავლეებთან და ინტერაქციის რა სტილი უნდა შეინარჩუნონ, ასევე როგორ უნდა შეაფასონ აკადემიური მოსწრება ისე, რომ გენდერულად მიკერძოებულები არ იყვნენ, როგორ უნდა ითანამშრომლონ სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებთან და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში სხვადასხვა პრაქტიკული იდეის მაგალითია შეთავაზებული. მჯერა, რომ ის 500 მასწავლებელი, აღმზრდელი და დირექტორი, რომლებიც ჩვენი პროექტის ფარგლებში გადამზადდა, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვასაც შეძლებენ და სამომავლოდ ეს დისკრიმინაციისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევების შემცირებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.
გენდერის მკვლევარი, სოციოლოგი, გიორგი ურჩუხიშვილი, რომელიც ამავე პროექტზე მუშაობდა, ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთხელ აჯამებს იმ ძირითად გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც გამოიკვეთა :
- კვლევამ გვიჩვენა, რომ პედაგოგებსა და აღმზრდელებს გენდერული ნიშნით მიკერძოება კვლავ ახასიათებთ და არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ამოიცნონ გენდერული ნიშნით ძალადობა. ასევე, გამოიკვეთა მაგალითები, როდესაც ცდილობდნენ, რომ მოსწავლეების ქცევები, არსებული სტერეოტიპების მიხედვით, შეცვალონ. მაგალითად, თუ სკოლაში სწავლობდა ბიჭი, რომელიც ფემინურად გამოიყურებოდა, სურდათ, რომ "დაერიგებინათ", ბიჭებს აგზავნიდნენ და ცდილობდნენ, რომ "გამოესწორებინათ". ამიტომ, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის დანერგვა აუცილებელია.
რას გულისხმობს ეს პრაქტიკა?- ეს კონკრეტული ნაბიჯებია, რომლებიც მასწავლებელს, აღმზრდელს, ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ როგორ უნდა წარმართონ საგაკვეთილო პროცესი და მოსწავლეებთან კომუნიკაცია.
მაგალითად, ბაღში გოგონები მხოლოდ სერვირების პროცესში არ უნდა ჩართნონ და არ უნდა დაავალონ, რომ თამაშის დროს, მაინცდამაინც ბიჭებს გაუმასპინძლდნენ. სკოლებში მხოლოდ გოგონებს არ უნდა სთხოვონ ფანჯრების გაწმენდა და ბიჭებს მერხების გადაადგილება, ან კიდევ ექსკურსიაზე წასვლის დროს მხოლოდ ბიჭებს არ უნდა დაევალოთ კოცონის დანთება, გოგონებს კი სუფრის გაწყობა.
გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა სწორედ მსგავსი მიდგომების შეცვლას ისახავს მიზნად. მნიშვნელოვანია, რომ გოგონებიც და ბიჭებიც კლასგარეშე თუ კლასში არსებულ აქტივობებში ერთად ჩაერთონონ და ერთმანეთისაგან არ გავმიჯნოთ. მაგალითად, გოგონებს არ უნდა ვუთხრათ: "შენ გოგო ხარ და კაბა არ უნდა დაისვარო", ან კიდევ ბიჭებს მივმართოთ: "თუ წაიქცევი, არ უნდა იტირო". ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და უფრო მეტად პასუხისმგებლიანი გახდეს. ბიჭებმა უნდა იცოდნენ, თუ წაიქცევიან, ტირილი სამარცხვინო არ არის და ემოციების გამოხატვა შეუძლიათ, გოგონებმა კი უნდა გაიაზრონ, რომ კაბის დასვრაში არაბუნებრივი არაფერია.
გიორგი ურჩუხიშვილის განმარტებით, გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიური პრაქტიკის დანერგვა აქტიურ თვითმხილველებს წარმოქმნის და ბავშვებს შორის არსებულ დაპირისპირებას მასწავლებლები და მოსწავლეები მხოლოდ "მათ საქმედ" აღარ ჩათვლიან და დროულად ჩაერევიან:
- ბავშვები თუ ჩხუბობენ, ზოგჯერ პედაგოგები აღნიშნავენ, რომ მოჩხუბრები საკითხს თავად გაარკვევენ. ასეა მოსწავლეების შემთხვევაშიც. ვფიქრობ, გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა აქტიურ თვითმხილველებს წარმოქმნის, რომელიც ცდილობს, რომ ძალადობრივ ქმედებაში ჩაერიოს და არ მისცეს მოსწავლეებს, ან თანატოლებს იმის უფლება, რომ კონფლიქტმა უფრო სერიოზული და ფატალური შედეგები გამოიწვიოს.
სოციოლოგი ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, თუ რა კავშირია გენდერული სტერეოტიპების გამყარებასა და სამომავლოდ, ეკონომიკურ ფონს შორის:
- საბოლოო ჯამში, სტერეოტიპული, დისკრიმინაციული მიდგომები ერთი მხრივ, ბავშვების განვითარებაზე, მეორე მხრივ კი, მათ სამომავლო ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახება. სწორედ ამიტომაა, რომ მიუხედავად იმისა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გოგონები უფრო კარგი მოსწავლეები არიან, ვიდრე ბიჭები, მეტი ანაზღაურება კაცებს აქვთ, რადგანაც გოგონებს ბავშვობიდან ძალიან ბევრ საკითხში ბოჭავენ და თავისუფლად განვითარების შესაძლებლობას არ აძლევენ. ჩვენი ქვეყნის სიღარიბის ერთ-ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები თვლიან, რომ არ უნდა იმეცადინონ, რასაც ნაკლები კვალიფიკაცია, უნარები და შესაბამისად, სიღარიბე მოჰყვება.
პედაგოგებსა და სასკოლო სივრცეს მნიშვნელოვანი როლი აქვთ მომავალი თაობის პიროვნულ/პროფესიულ განვითარებაში და მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ წარმოდგენები და ჩვევები, რასაც ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შევუქმნით, მერე, დროთა განმავლობაში, ძნელად იცვლება."
აღსანიშნავია, რომ World Vision საქართველოს ფონდის მიერ განხორციელებული პროექტი გრძელვადიან შედეგზეა ორიენტირებული, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებული ძალადობის შემცველი გენდერული ნორმების, დამოკიდებულებების და ქცევების დადებითად გარდაქმნას მოიაზრებს.
World Vision საქართველოს საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ორგანიზაციის ონლაინ პლატფორმებს:
ვებგვერდი: www.worldvision.ge
Facebook: https://www.facebook.com/WorldVisionInGeorgia
Instagram: World Vision Georgia (@worldvisiongeorgia) • Instagram photos and videos
Youtube: World Vision Georgia - YouTube
R
თანასწორები სოციალურად უნდა გახდნენ და არა სხვა ქვეყნიდან გადმოღებული ტაკიმასხარობით
ამ მორიგ სიაფანდობაში თუ იგუისხმება- ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია, მაშინ მობრძანდით ბატონო. მაგრამ თუ იგულისხმება რომ ძუ ხვადია და ხვადი ძუა, მაშინ აახვიეთ თქვენი ფილოსოფიებით, თავად გავერკვევით სად, რამდენჯერ და როდის