რამდენიმე დღის წინ, ირანში დრონების და რაკეტების საწარმოს დაბომბვას, დიდი რეზონანსი მოჰყვა. ეჭვის დონეზე, ამის შემოქმედად რამდენიმე სახელმწიფო მოიაზრება, თუმცა დღემდე არაფერია დადასტურებული. ამ თემაზე გვესაუბრება სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი"
- 28-29 იანვრის ღამეს, ირანის ტერიტორიაზე ერთდროულად მოხდა და უცნაურად დაემთხვა მიწისძვრა და საჰაერო დარტყმები ირანის საწყობებზე.
ზუსტი ინფორმაცია არ არის, რადგან ამას ირანიც ასაიდუმლოებს. მას შემდეგ, რაც ირანმა ფოტოები წარმოადგინა, ჩნდება 2 ვერსია:
ეს შეიძლება ყოფილიყო გარედან, სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტო კამიკაძე დრონები, ან უშუალოდ ირანის ტერიტორიიდან გაშვებული კვადროკოპტერები. გარედან თუ იყო, ყველას შეიძლება ეჭვი ისრაელზე მიეტანა და წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანზეც კი, ვინაიდან მანამდე, 2 დღით ადრე ისრაელის ქალაქებში, სინაგოგების სიახლოვეს არაბი ტერორისტების მხრიდან ებრაელებზე თავდასხმა მოხდა და მეორე - სწორდ იმ დღეს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეიჭრა კალაშნიკოვიანი ირანელი, ატეხა სროლა, მოკლა აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის უფროსი, 2 კაცი კი დაჭრა. აზერბაიჯანი იძულებული გახდა ევაკუაცია განეხორციელებინა, მთელი საელჩო და მათი ოჯახის წევრები გამოიყვანა იქედან.
ფოტოებზე, რომლებიც მეორე დღეს გაავრცელა ირანმა, ჩანს, რომ იმ სახურავზე შეიძლება ყოფილიყო კვადროკოპტერები. ირანელები ისპაჰანში აწარმოებენ შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონებს, რომლებსაც შემდეგ რუსებს აძლევენ, ისინი კი უკრაინელებს ბომბავენ (შეიძლება ეჭვი უკრაინაზეც ყოფილიყო მიტანილი, ეფიქრათ, რომ მათ შურისძიების მიზნით ჩაიდინეს, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან უკრაინიდან ირანი ძალზე შორ მანძილზეა). თუ ირანის წარდგენილ ფოტოებს დავუჯერებთ, იქ სახურავზე ჩანს კვადროკოპტერების ნაწილები, რომლის გაშვება ქვეყნის ტერიტორიის გარედან არ მოხდებოდა (ახლო მანძილზე ფრინავს და იქვე სიახლოვეს არის გაშვებული). ამასთანავე, დიდი ხანია, რაც ირანმა სტრატეგიული შენობების თავზე დაიწყო მეტალის ბადეების (ცხაურების) გავლება, რათა იმ შემთხვევაში, თუ კამიკაძე დრონებს გაუშვებენ, ის მანამდე აფეთქდეს, ვიდრე სახურავამდე მივა, ან თუ დრონი პატარა ბომბს ჩამოაგდებს, მანაც სახურავამდე ვერ მიაღწიოს და ამ ცხაურზე აფეთქდეს, ან არ აფეთქდეს და იქ დარჩეს. დაახლოებით ასეთი რაღაც იყო აღმოჩენილი სახურავზე, თუმცა რამდენიმე დღეში ველი, რომ ირანი საპასუხოდ, ბალისტიკური რაკეტებით შურისმაძიებელ დარტყმას განახორციელებს, სავარაუდოდ, ერაყის ტერიტორიაზე განთავსებული ამერიკული ბაზებისკენ.
ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ამერიკელები არაფერ შუაში არიან და ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა ის, რომ ირანთან დაკავშირებით ვითარება სერიოზულად იძაბება, ეს ფაქტია. ახლა ისრაელისთვის საუკეთესო პერიოდია მიაღწიოს იმას, რასაც ის დიდი ხანია ითხოვს აშშ-სგან - მათი დახმარებით მოახდინოს წერტილოვანი დარტყმები ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე, განსაკუთრებით მიწისქვეშა ობიექტებზე, სადაც ბირთვული ტექნოლოგიების დამუშავება ხდება.