ავტორი:

"რუსეთს უნდა, უკრაინა აქციოს ისეთ ინვალიდ სახელმწიფოდ, როგორიც საქართველოა, რომელიც ხმას არ იღებს - მას საქართველო უკვე მოყუჩებული ჰყავს" - პაატა ზაქარეიშვილი

"რუსეთს უნდა, უკრაინა აქციოს ისეთ ინვალიდ სახელმწიფოდ, როგორიც საქართველოა, რომელიც ხმას არ იღებს - მას საქართველო უკვე მოყუჩებული ჰყავს" - პაატა ზაქარეიშვილი

"ძალიან გულდასაწყვეტია რაც ხდება, როგორც ჩანს, სააკაშვილს სხვა არანაირი რესურსი არ რჩება გარდა შიმშილობისა, შიმშილობა სულაც არ არის საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ ალბათ, მან უკეთესად იცის, თუ შიმშილობას დაიწყებს, ის იძულებული იქნება, ნამდვილი რეალური შიმშილობა დაიწყოს და დაიზიანებს ჯანმრთელობას", - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, თუ სააკაშვილი შიმშილობას დაიწყებს მთელი ყურადღება მასზე გადავა, "ქართულ ოცნებას“ კი ხელს აძლევს ის, რომ "საქართველოში ვილაპარაკოთ მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილზე“.

"უკრაინას არ სცალია სააკაშვილისთვის, ამ წუთში შეიძლება ომი იწყებოდეს, სააკაშვილს ეს კარგად ესმის და ამიტომ თვლის, რომ შეიძლება დაიკარგოს ციხეში, დაიკარგოს მისი თემა, ამიტომ ასეთ ექსტრემალურ ფორმას მიმართავს. როგორც ჩანს იფიქრა, იფიქრა და მერე მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე ასე მგონია, რომ ჯობია იყოს ჯანმრთელი. მის ამომრჩეველს, ვინც მისთვის იბრძვის, ურჩევნია, რომ ის იყოს ჯანმრთელი. მისი ავადმყოფობა და მისი დაძაბულობა "ქართული ოცნების“ ინტერესებშია. "ქართული ოცნება“ აშკარად ჩანს, რომ არის ცინიკური მის მიმართ, არ ადარდებს მისი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი აზრით, მისი სიცოცხლე ადარდებს, ურჩევნია, რომ ცოცხალი იყოს და ციხეში.

დღეს თუ სააკაშვილი შიმშილობას დაიწყებს, ისევ მთელი ყურადღება გადავა სააკაშვილზე და საქართველოზე არავინ ილაპარაკებს. შეიძლება სააკაშვილს სხვა გამოსავალი არ აქვს. სააკაშვილის ამოცანა, ყურადღება მიიპყროს, გასაგებია, მაგრამ მას ამავე დროს უნდა ესმოდეს, რომ მისი ყურადღების მიპყრობა "ქართულ ოცნებასაც“ აწყობს. "ქართულ ოცნებას“ აწყობს, საქართველოში ვილაპარაკოთ მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილზე.

არ ვუსურვებ სააკაშვილს სიკვდილს ნამდვილად. ხელისუფლებას სჭირდება ასეთი "ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ჩემი აზრით, მას არ სჭირდება მკვდარი სააკაშვილი იმიტომ, რომ გამოეცლება საყრდენი რაზე ილაპარაკოს ქვეყანაში.

ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი, ის არ დაიკარგება ციხეში, ის იქნება ნომერ პირველი პატიმარი ყოველთვის, ვიდრე არ გამოვა. მე მგონია, რომ როგორც კი უკრაინის კრიზისი გადაივლის, მისი აქტუალურობა საერთაშორისო დონეზე დაბრუნდება, დღეს მართლა არავის არ აინტერესებს, ეს კია რა ნავალნი არავის აღარ აინტერესებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, სააკაშვილმა შიმშილობის დაწყებით, შესაძლოა შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზება შეძლოს და ოპოზიციამ 2-3%-ზე მეტი მიიღოს, მაგრამ შემდეგი საარჩევნო პროცესი 2024 წლამდე გადავადდება, ხოლო სააკაშვილს ხელში დაზიანებული ჯანმრთელობა შერჩება.

"არ გამოვრიცხავ, ის თვლის, რომ მისი შიმშილობით პოლიტიკურ ტემპერატურას აწევს ქვეყანაში. შუალედურ არჩევნებში, ოპოზიციას უკეთეს შემთხვევაში მიემატება მაქსიმუმ 2-3%, მეტი არა, სამაგიეროდ მისი ჯანმრთელობის რამდენი პროცენტი დაზარალდება? აწევს მართლა, მაგრამ მოხდება მისი ჯანმრთელობის ხარჯზე. რომც გაიმარჯვოს რუსთავში ოპოზიციამ, ამით გაჩერდება, დიდი ხნით გადავადდება შემდეგი საარჩევნო კამპანიები და სააკაშვილს შერჩება ხელში მისი დაზარალებული ჯანმრთელობა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობა“ "მომავლის პარტიაა“, ხოლო "ქართული ოცნება“ მკვდარი ორგანიზმია.

"ამომრჩევლის თითქმის 45% არის "ნაციონალური მოძრაობის“, ალალი ხმები "ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი აქვს, ვიდრე "ქართულ ოცნებას“. ვგულისხმობ, ვინც გულწრფელად მივიდა და ხმა მისცა "ნაციონალურ მოძრაობას“. "ქართულ ოცნებას“ მეტმა მისცა ხმა, მაგრამ ეს არის დაშინებული ხალხი, მოსყიდული ხალხი... მათ კარგად იციან, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ მომავლის პარტიაა, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ეს დღეს. "ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაქრება იმიტომ, რომ ძლიერდება. ამას ხედავს "ქართული ოცნება“ და კობახიძემ იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკოს სახელმწიფოზე სულ სააკაშვილზე ლაპარაკობს და გახარიაზე იმიტომ, რომ აშკარად ჩანს, რომ გახარიასა და სააკაშვილის ერთობა საკრებულოებში შედეგს იძლევა, დემოკრატიას იძლევა და ესენი ქორწინებაზე ლაპარაკობენ. ქორწინება კი არა დემოკრატიაა ესა. "ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი, 2024 წლისთვის შეიძლება ძალიან ძლიერებიც იყვნენ. შიგნით, "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებია. ჩემთვის "ნაციონალური მოძრაობა“ არის ცოცხალი ორგანიზმი, ხოლო "ქართული ოცნება“ არის მკვდარი ორგანიზმი. შეიძლება მკვდარი დიდხანს შეინახო მაცივარში, დიდხანს იყოს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, გადაცემაში პაატა ზაქარეიშვილმა მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე და პრემიერ-მინისტრის ვიზიტზეც ისაუბრა.

ზაქარეიშვილმა პრემიერის ვიზიტს "არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ "რომ არ ჩასულიყო ერთი უბედურება იქნებოდა და ასე ჩასვლა მეორე უბედურებაა“, რადგან მიუნხენში პრემიერი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის არ შეხვდა.

"ვიღაცას facebook-ზე იხუმრა, დავოსში ეგონათ თავი, მიუნხენშიც მთებია, როგორც შვეიცარიაში და ბავარიის მთები აერია შვეიცარიის მთებშიო. მართლაც არაადეკვატური იყო მისი ჩასვლა. რომ არ ჩასულიყო ერთი უბედურება იქნებოდა და ასე ჩასვლა მეორე უბედურებაა. არც კი ჰქონია მგონი მცდელობა, რომ ზელენსკის შეხვედროდა. მაშინ, როცა ჩვენ და უკრაინა ერთ ბედში ვართ, წესით სადაც ზელენსკი იჯდა, იქ უნდა მჯდარიყო ღარიბაშვილი აუცილებლად, უნდა ეთქვა, დიახაც, ჩვენთანაც ეს მოხდა ზუსტად.

რუსეთმა ჩვენგან მიიღო ყველაფერი, რატომღაც ჩვენთან არსებობს ლეგენდა, ზემოდან წამოსული და ქვემოდან გამყარებული, თითქოს რუსეთი მერე ჩვენ მოგვიბრუნდება. არა, ბატონებო, ჩვენთან უკვე მოაგვარა სიტუაცია. რუსეთი ბედნიერია, რომ ჩვენ ხმას არ ვიღებთ, რუსეთს უნდა უკრაინა აქციოს ისეთ ინვალიდ სახელმწიფოდ, როგორიც არის საქართველო, რომელიც ხმას არ იღებს. საქართველო უკვე მოყუჩებული ჰყავს მას და ეს გამოჩნდა მიუნხენში“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.