ავტორი:

"ეს არის საქმე - "ბარემ, ესეც დავაკავოთ"... ვანო ბურდული უდანაშაულოა" - "ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულის ადოკატი

"ეს არის საქმე - "ბარემ, ესეც დავაკავოთ"... ვანო ბურდული უდანაშაულოა" - "ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულის ადოკატი

"ტვ პირველის“ ოპერატორის, ლევან ბრეგვაძის მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ვანო ბურდულის ადვოკატი, თორნიკე გვენეტაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძალადობაში მონაწილე პირები აუცილებლად უნდა დაისაჯონ, თუმცა, უდანაშაულო პირები არ უნდა დააკავონ.

"რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. როგორც კი გადაწყვეტილება ჩამბარდება, აუცილებლად გავასაჩივრებ და გამოვაქვეყნებ, რომ ყველამ ნახოს, როგორი დასაბუთება ექნება. მთავრობის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლაა, რომ საზოგადოების ნაწილს ასიამოვნონ, ხაზს ვუსვამ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ იქ ვინც იდგა, ყველა დასასჯელი არ არის. მოსამართლეებს შიში და ზეწოლა აქვთ ალბათ, ამიტომაც ტოვებენ ყველას პატიმრობაში.

ისევ და ისევ პროკურორის წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვამბობ, რომ ვანო ბურდული უდანაშაულოა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს, ამას შაბლონურად არ ვაცხადებ, ეს არის - „ბარემ, ესეც დავაკავოთ, საქმე“. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ადის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მანქანაზე და როგორ ვარდება ჩამსხვრეულ მინაში, მეორე ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი ხელკეტს იქნევს სხვის მიმართ და ესეც ხელს იფარებს, არ დამარტყასო. არსებობს პოლიციელების ჩვენებები, რომელიც ზუსტად ერთი და იმავეს იმეორებენ. თურმე, მათ, 5 ივლისიდან 14 ივლისამდე, ანუ 9 დღის შემდეგაც ახსოვთ ზუსტად როგორი მაისური ეცვა ბურდულს, როგორი კანტი ჰქონდა და ა.შ. ეს ხომ აბსურდია. საქმეში სხვა მოწმე არ არსებობს. ეს ჩვენებები შეთითხნილია, რომ საზოგადოების ნაწილს ასიამოვნონ, რომელიც მართლა პასუხებს ითხოვს, ამის გამო ყველას აპატიმრებენ. ეს არის საქმე - „ბარემ, ესეც დავაკავოთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სხვა მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულებს, ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდათ.

სამართალდამცველებმა ვანო ბურდული 15 ივლისს, ხოლო დავით ქოჩიაშვილი 14 ივლისს დააკავეს. ვანო ბურდულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. დავით ქოჩიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვის და აზრის გამო, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

ვანო ბურდულის და დავით ქოჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ნარკოტიკების უკანონო გასაღების და შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურის განცხადება

"ლექსო ლაშქარავასა და მის თანმხლებ პირებზე, ჰეროინის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს