მას შემდეგ, რაც პოლიტიკა და შვილობილი პარტია დატოვა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსაც ტოვებს და საფრანგეთის დედაქალაქში აპირებს გამგზავრებას. ეს ვარაუდი გაამძაფრა იმანაც, რომ მან საქართველოში მის ხელთ არსებული აქტივები საკუთარი მენეჯმენტის სფეროდან გაიტანა. მოგეხსენებათ, ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გადასცა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს".
ექსპერტი გია ხუხაშვილიც მიიჩნევს, რომ პოლიტიკიდან წასვლის დასადასტურებლად, ის გარკვეული პერიოდით შეიძლება ქვეყნიდან წასვლას მართლაც აპირებდეს.
"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოდან სამუდამოდ წავა - ამას არ იზამს, რადგან მისთვის ეს ქვეყანა ძალიან ძვირფასია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს", - განაცხადა მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან". "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს გამორიცხულია, თუმცა როცა საქმე ბიძინა ივანიშვილს შეეხება, ბოლომდე ვერაფერს გამოვრიცხავთ. მით უფრო, რომ საფრანგეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა, სულ ცოტა ხნის წინ კი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.
როგორც საფრანგეთის მთავრობის განკარგულების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, "წელს ეს ჯილდო, მათ შორის, იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“. შეგახსენებთ, საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ადამიანებს სხვადასხვა მიღწევისთვის გადაეცემათ.
ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა ჯერ კიდევ 2010 წელს მიიღო. რაც ცნობილია, ივანიშვილებს საცხოვრებელი ბინა პარიზში და სახლი კი სენ-ტროპეს სანაპიროზე აქვთ. მოგეხსენებათ, საფრანგეთამდე ივანიშვილი რუსეთში ცხოვრობდა, სადაც დააგროვა კიდეც ქონება.
ივანიშვილი მოსკოვში 1982 წელს გაემგზავრა და ასპირანტურაში ჩააბარა, დროთა განმავლობაში კი ეკონომიკის დოქტორიც გახდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რთული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, ივანიშვილმა გადაწყვიტა ბიზნესით დაკავებულიყო და არმინირებული შლანგების წარმოება დაეწყო. იმ დროისთვის ეს საქონელი დეფიციტს წარმოადგენდა. დაარეგისტრირა კოოპერატივი და კამოს სახელობის ქარხანაში შენობა იჯარით აიღო, მაგრამ საქმე შლანგების გამოშვებამდე არ მივიდა - ივანიშვილმა გეზი შეიცვალა და "მომავლის“ საქონლით, კომპიუტერებით ვაჭრობა დაიწყო. პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ივანიშვილის ამ დაკვეთის შედეგად, კოოპერატივის ანგარიშზე სოლიდური თანხა დაგროვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თანხით დაინტერესდა პროკურატურა და მოახდინა მისი ანგარიშების ბლოკირება.
ამ მოვლენების შემდგომ ივანიშვილმა 1988 წელს დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში. როდესაც ის რუსეთში ჩავიდა, თავის ძველ ნაცნობს, ვიტალი მალკინს დაუკავშირდა, რომელიც შემდგომ მისი ბიზნეს-პარტნიორი გახდა. ახალგაზრდებმა კომპიუტერებით და ღილაკიანი ტელეფონებით ვაჭრობას მიჰყვეს ხელი. მათ სერიოზული პარტნიორების მოძიება საზღვარგარეთ გადაწყვიტეს. ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები პარიზში გაემგზავრნენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიათა გამოფენა იმართებოდა. იქ გაიცნეს ჰონგ-კონგური ფირმის წარმომადგენლები. ისინი მალევე ჰონგ-კონგში ჩავიდნენ და გააფორმეს მათი პირველი სერიოზული ფართომასშტაბიანი კონტრაქტი. საქმე უფრო შორსაც წავიდა: შეისყიდეს რა იქ ტელეფონებისა და მაგნიტოფონების დამამზადებელი ფაბრიკა, ივანიშვილის ფირმამ 1990 წლისთვის რუსეთში ელექტრო-ტექნიკით მოვაჭრე ერთ-ერთი მოწინავე ფირმის სახელი მოიხვეჭა. 1990 წელს მათ 100 ათასი დოლარი მოაგროვეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბანკი ”როსიისკი კრედიტი” დაეფუძნებინათ.
1998 წელს, სახელმწიფოების დეფოლტი დაიწყო, ფული გაუფასურდა და "როსკრედიტისთვის“ კრიზისული მომენტი დადგა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა თვით მისი არსებობაც - რამეთუ დეფოლტის გამოცხადების მიზეზით, ასიათასობით აქციონერი მოაწყდა ბანკს თანხების გასატანად, ხოლო, "როსკრედიტი“ სხვა ბანკებისგან განსხვავებით პატიოსნად გასცემდა თანხებს. ივანიშვილმა არ დაუშვა "როსკრედიტის“ ბანკროტად გამოცხადება და გადაწყვიტა ბანკის გადასარჩენად ჩაედო საბანკო აქტივების გარდა მის მფლობელობაში მყოფი $1 მლრდ "როსკრედიტის“ ვალების გასასტუმრებლად. ბიზნესმენთა დიდმა ნაწილმა ივანიშვილის ეს ნაბიჯი თვითმკვლელობად შეაფასა. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, "როსკრედიტი“ გადარჩა...
2002 წელს ივანიშვილმა რუსეთი საბოლოოდ დატოვა და ოჯახთან ერთად, საფრანგეთში გადასახლდა, სადაც ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას მიჰყო ხელი, რომელთა ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ კოლექციასაც ყიდის და თანხას ფონდ "ქართუს" გადასცემს. მისი ოთხივე შვილი საფრანგეთის მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ის ოჯახთან ერთად 2002 წლამდეც დროდადრო ცხოვრობდა. 1994 წელს მისი ვაჟი ბერა სწორედ პარიზში დაიბადა.
მოგეხსენებათ, 2003 წელს მან თბილისში სახლი ააშენა და სააკაშვილის მიერ მოწყობილი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მას საგამონაკლისო წესით, 2004 წელს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა 2010 წელს მან უკვე საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც მისი პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ სკანდალის საფუძვლად იქცა, რადგან აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა ავტომატურად ჰქონდა დაკარგული.
ივანიშვილების ოჯახის საქართველოში დაბრუნების შემდეგაც, წლების განმავლობაში საფრანგეთში საცხოვრებლად რჩებოდა მისი უფროსი ვაჟი - უტა, რომელმაც უმაღლესი განათლება სწორედ ამ ქვეყანაში მიიღო.
ნეტავ რა გეშველებათ რომ წავლენ ვისზე დაიწყებთ ბიოგრაფიების დაზეპირებას და ქონების აღრიცხვას საინტერესოა. იქნებ დაისვენოთ მარა იქაც არ მოასვნებთ
ასეთ დიდი მოღვაწე რომ ყავს დღევანდელ საქართველოს ეს მართლა ღმერთის საჩუქარია,უშეცდომო არავინაა,მაგრამ ამ კაცმა რაც გააკეთა თავისი სამშობლოსათვის, ამდენი, მართლა უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე არავის არ გაუკეთებია! უმადურ ხალხს რა დალევს საქართველოში!