ავტორი:

"კოლეგები ამბობენ, რომ ირანის ბედი გველის... აქ ბევრი ექიმი და ექთანია ინფიცირებული..." - რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ "ჩუმ პანიკაზე"

"კოლეგები ამბობენ, რომ ირანის ბედი გველის... აქ ბევრი ექიმი და ექთანია ინფიცირებული..." - რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ "ჩუმ პანიკაზე"

რუსეთში უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ კრემლის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკა და რეალობა, ძალიან შორს არის, პუტინის მედიის მიერ ასახული სურათისგან...

ქვეყნის ხელმძღვანელობის მოჩვენებითი მშვიდი ტონი რუსი საზოგადოების ნაწილს, 1986 წელს მომხდარი ჩერნობილის კატასტროფის შემდგომ პერიოდსაც კი ახსენებს, როდესაც "ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა".

AMBEBI.GE-სთან საუბარში რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ჰყვებიან, რომ ქვეყანაში არსებული ავისმომასწავებელი განწყობა სურსათის მაღაზიებსა და აფთიაქებში კარგად ჩანს. მოსახლეობა ცუდის მოლოდინში მარაგის გაკეთებას ცდილობს...

აი, რას გვიყვება რუსეთში მომუშავე ქართველი ექიმი, 62 წლის ნელი, რომელიც მოსკოვში წლებია ცხოვრობს და ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს:

"პანიკური განწყობა უკვე რამდენიმე დღეა იგრძნობა. კოლეგები გვეუბნებიან, ირანელი ექიმების ბედი გველის, ძალიან ბევრი ექიმი და ექთანია ინფიცირებულიო... მათ უფლება არ ჰქონდათ საეჭვო პირებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული ზომები მიეღოთ, ადმინისტრაცია გაფრთხილებული ჰყავდათ, გააკონტროლეთ სამედიცინო პერსონალმა პანიკა არ დათესოსო...

ჩვენზე არავის უფიქრია, არც იმ ხალხზე, ვისაც დიდი ალბათობით საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდათ, მაგრამ ანალიზი არც აუღეს და ისე გაუშვეს სახლში... მათაც ალბათ ჩვეულებრივ მოიარეს ტრანსპორტი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ჰქონდათ კონტაქტი ოჯახის წევრებთან, განაგრძეს მუშაობა სამსახურებში...

ზოგი ექიმი არც კი იყო გაფრთხილებული ამ ვირუსის შესახებ. როდესაც უკვე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ასეთი მასობრივი სახე მიიღო, თავად წაიკითხეს ინფორმაცია თუ როგორ იმოქმედონ. ანალიზები გადაგზავნეს და პასუხებიც მოვიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... შემდეგ რამდენიმე პაციენტი დავიბარეთ და ბოქსირებულ პალატაში გადაიყვანეს. მათთან ურთიერთობის უფლება ყველას არ ჰქონდა, პანიკა რომ არ დაწყებულიყო...

სამსახურიდან გამოსვლისთანავე ვრეკავდით ახლობლებთან, ძველ პაციენტებთან, ვისთანაც მეგობრული ურთერთობა გვაქვს და ვაფრთხილებდით, რომ მორიდებოდნენ სახლიდან გამოსვლას, მიეღოთ ბევრი ცხელი სითხე და ხალხმრავალ ადგილებში არ გასულიყვნენ... ბევრისთვის გაგვიჭირდა ამის ახსნა, რადგან კრემლის მედიაპროპაგანდა ძალიან ძლიერია.

არიან მოხუცები, მათი შვილები წელებზე ფეხს იდგამენ, რომ ბინის ქირის ფული იხადონ და ოჯახები არჩინონ, ეს მოხუცები კი, ბინას სახელმწიფოს, პუტინს უტოვებენ და პენსიით დანაზოგს აკეთებენ, პუტინის ფონდში რომ გადარიცხონ... ასეთებს ვერაფერს აუხსნი, "ონ ჩესნი ჩელოვეკო" გეტყვიან...

ბევრმა მაშინვე მიმართა ექიმს და ანალიზებიც ჩააბარა, რომლის პასუხებმაც, საკმაოდ დააგვიანა. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ამას ერთი ახსნა აქვს, - რუსეთში იმაზე ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე გვეგონა.

არ გვქონდა საკმარისი ეკიპირება, სპეცტანსაცმელი, სუნთქვის აპარატები, პირბადეებიც კი, შემდეგ თანდათან მოიტანეს. სადღაც დაიწერა 1600-მდე ადამიანია გარდაცვლილიო, მე კი მგონია, რომ მეტი იქნება, რადგან იმ საავადმყოფოს მენეჯმენტის მუშაობის გათვალისწინებით, სადაც მე ვმუშაობ, მშვიდად ყოფნის საფუძველი არ გვაქვს..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ქართველი ემიგრანტი.

ვახო აკობია, რუსეთში მცხოვრები ქართველი:

"პანიკის საფუძველი არ არსებობსო, გვეუბნებოდნენ და ხალხმა გარშემო მაღაზიები დააცარიელა. ჰიგიენური ნივთების გარდა, ძირითადად, ბურღულეულსა და კონსერვებს ეზიდებოდნენ, ასევე, მაიონეზს, მარილსა და ზეთს. თან ისინი, ვინც საჯარო სამსახურებში მუშაობენ, წესით, მათ უნდა ჰქონდეთ პირველი ინფორმაცია...

სამსახურში სადაც ვმუშაობ, საკმაოდ ხალმხმრავლობაა. სკოლის მერე ჩემი შვილი გამომივლის და ერთად მივდივართ სახლში.

ერთ დღეს, ნაცნობმა პოლიციელმა გვითხრა: "პირბადეები მაინც გაიკეთეთ, ისეთი საშიში ვირუსია გავრცელებული, წესით ჩვენი მთავრობა ზომებს უნდა იღებდესო". რომ ვკითხე, თქვენ რატომ არ გიკეთიათმეთქი - "უფლება არ მაქვს, ამიტომ, დეზინფექციისთვის, გადავკრავ ხოლმეო..." არ ვიცი, იცავს თუ არა პირბადე, მაგრამ მას ათასჯერ მეტ ადამიანთან უწევდა კონტაქტი. ახლა კი ამბობენ, დამალვას რა აზრი აქვსო, მაგრამ ფაქტია, რომ მალავენ" - უყვება AMBEBI.GE-ს აკობია.

თეა ლალიაშვილი, პეტერბურგში მცხოვრები ემიგრანტი:

"წლებია სილამაზის სალონში ვმუშაობ. ჩემს წინ უზბეკების ოჯახს ყვავილების მაღაზია ჰქონდათ. ვიცი, რომ მამაკაცი გაცივდა და ცუდად გახდა. საავადმყოფოში დააწვინეს. რაღაც ვირუსი დაუდგინესო. საბუთების პრობლემა ჰქონდათ და მერე აღარ გამოჩენილან... არ ვიცი თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ, თუ კარანტინში გადაიყვანეს, მაგრამ არ ჩანან... იმედია, კარგად არიან. ხალხი პანიკაშია და სულ კითხულობს მათ ამბავს, თორემ სხვა დროს, შეიძლება არც კი შეემჩნიათ, რომ არ არიან..." - გვეუბნება პეტერბურგში მცხოვრები ქართველი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა ვალერი სოლოვეიმ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა, რომ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე მიაღწია 150-180 ათას ადამიანს, დაღუპულთა რიცხვი კი - 1600 ადამიანს აღწევს. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება რეალობას უბრალოდ მალავს.

კრემლის ოფიციალური მონაცემებით კი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც აწვდის, რუსეთში ინფიცირების 114 შემთხვევაა დაფიქსირებული და მათგან 8 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

რას გვირჩევს 90 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - "მუდამ დაწოლილი ნუ იქნები, შეინარჩუნე პოზიტივი და ილოცე"

ევროპარლამენტის შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობენ და გაჭირვებულებს საკვებს მოუმზადებენ

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დღე-ღამეში 938 ადამიანი დაიღუპა, იტალიაში კი - 542 ადამიანი