ავტორი:

"უკვე მესამედ გახდა უდანაშაულო დაკავების მსხვერპლი" - რას წერს ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი დაკავებულ ცოლიძმაზე

"უკვე მესამედ გახდა უდანაშაულო დაკავების მსხვერპლი" - რას წერს ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი დაკავებულ ცოლიძმაზე

საქართველოს ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი თბილისში მისი ცოლისძმის დაკავების შესახებ წერს. ყაზაიშვილი ირწმუნება რომ, 30 წლის ნოდარ ნიშნიანიძე, რომელიც უკვე მესამედ დააკავეს იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, უდანაშაულოა.

"მეგობრებო, მინდა გამოვეხმაურო შემთხვევას, რომელიც თბილისში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. ჩემი მეუღლის ძმა უკვე მესამედ გახდა უდანაშაულო დაკავების მსხვერპლი. წინა ორ შემთხვევაში ის გამართლდა და გათავისუფლდა, ამჯერად კიდევ ერთხელ მოხდა მისი დაკავება აბსურდული მიზეზით, საუბარია კვლავ იარაღის უკანონო ტარებაზე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება სხვადასხვა გარემოების გამო.

მსგავსი გამოხმაურებები ჩემი მხრიდან ნამდვილად უჩვეულოა, თუმცა იმედი მაქვს, რომ დროულად მოხდება ამ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება და უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება" - წერს ყაზაიშვილი.

ვიდეომიმართვა გაავრცელა ფეხბურთელის მეუღლემ, გვანცა ნიშნიანიძემ, რომელიც ძმას იცავს და ამბობს, რომ სამართალდამცველები აიძულებენ მას, საქართველოდან წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში ჩასვამენ:

"არ ვაპირებ გაჩერებას და არავის მივცემ უფლებას, ჩალით იყოს დაფარული ეს ქვეყანა, მით უმეტეს ჩემს ოჯახთან დაკავშირებით!

ალბათ გახსოვთ, ჩემს ძმას როცა ჩაუდეს იარაღი და გავმართლდით, ამის შემდეგ გააგდეს ქვეყნიდან და დაემუქრნენ, რომ იარაღს კი არა ნარკოტიკს ჩაგიდებთ, რომ 15-წლიანზე წახვიდეო. ამის შემდეგ ჩემი ძმა წავიდა ამერიკაში, მაგრამ ოჯახის და შვილის გარეშე ვერ გაძლო, რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში. გააჩერეს აეროპორტში და ჩვეულებრივად შემოუშვეს. გვეგონა რომ დალაგდა სიტუაცია... თუმცა, იმის გამო ავიყვანეთ დაცვა, რომ გვეშინოდა ისევ იარაღი არ ჩაედოთ და ეს ადამიანი ყოფილიყო სულ მის გვერდით.

დღეს მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ნოდარი დაიჭირეს იარაღით. ეს უკვე ყველა ზღვარს ცდება! კიდევ ცხრა თვე უნდა გავიაროთ სასამართლოში? ამათ არ უნდათ, რომ ჩემი ძმა იყოს საქართველოში და ამას არ შევარჩენ არავის! არ გავჩერდები, ამას არ შევარჩენ არავის, ეს არის მარაზმი და ეს ქვეყანა არ არის!" - ამბობს ვიდეომიმართვაში გვანცა ნიშნიანიძე.

რაც შეეხება ფეხბურთელ ყაზაიშვილის დაკავებულ ცოლისძმას ნოდარ ნიშნიანიძეს, შსს-ს ინფორმაციით, ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გუშინ დააკავეს. 1989 წელს დაბადებულ ნოდარ ნიშნიანიძეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით. უწყების ინფორმაციით, დაკავების დროს ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

ნიშნიანიძის ოჯახი იარაღის ჩადებაში პოლიციას 2016 წელსაც ადანაშაულებდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად თბილისში სამი პირი დააკავა. ნიშნიანიძე წარსულში მრავალგზის ნასამართლევია სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის ყაჩაღობის ბრალდებით. ნიშნიანიძის სახელი თბილისში მომხდარ არაერთ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებს. ერთ-ერთი 2015 წელს საბურთალოზე მომხდარი დაჭრაა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით გოჩა ვეფხვაძე დაჭრეს. სამართალდამცველებმა ნიშნიანიძე დაჭრის ბრალდებით რამდენიმე დღეში დააკავეს. საქალაქო სასამართლომ ეჭვმიტანილი გაამართლა, რადგან ვეფხვაძემ არ დაადასტურა, რომ ნიშნიანიძემ დაჭრა.

2016 წელს ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა. გამოძიება მაშინაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა.

დაკავებულის მეუღლე ნუკა ჩიკვაიძე ფეისბუქზე ავრცელებდა ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და ირწმუნებოდა, რომ მის მეუღლეს იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. როგორც ჩანს, დაკავების შესახებ ინფორმაციას ნიშნიანიძე წინასწარ ფლობდა, რადგანაც მან დღის განმავლობაში რამდენიმე ვიდეო ჩაწერა და ფეისბუქზე განათავსა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს