2017 წლის 12 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავა. ერწთლიანი სასამართლო პროცესების და ციხეში გატარებული თვეების შემდეგ, ოთარ აბესაძე 15 იანვარს პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აბესაძის გათავისუფლებამდე მისმა ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნაც წარადგინეს, სადაც ეწერა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ აბესაძეს ქრთამის აღების ბრალდება - 339-ე მუხლი გადაუკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმე დანაშაულად, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას.
AMBEBI.GE-სთან საუბარში მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ მისთვის ბრალდება "ქრთამის აღება" სრულიად მიუღებელი და მოულოდნელი იყო და ის რომ ახლა გამართლდა, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
30 წლის ოთარ აბესაძე საქმის დეტალებზე და მის ამჟამინდელ ცხოვრებაზე პირველად სწორედ AMBEBI.GE-სთან ალაპარაკდა.
"პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩემი ოჯახის გვერდით იდგა. როცა დამაკავეს, 10 000 ხელმოწერიანი პეტიცია შედგა და რომ არა ეს მხარდაჭერა, ჩემი ოჯახი ამ მძიმე ტვირთს ვერ გადაიტანდა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, რომელთა მუხლჩაუხრელი შრომით დადგა ეს შედეგი.
ქრთამის აღების ბრალდებით დამაკავეს, რაც მიუღებელია ჩემთვის, ეს იყო შოკი. პირველივე სასამართლოზე ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას შექმნილი ვითარების გამო, და ვთქვი, სხვა დანარჩენს გამოძიება დაადგენს-მეთქი. ქრთამის აღება არ დადასტურდა. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ ბრალდებაში გამართლება, რადგან ბოლო 5 წელია პროფესორი ვარ და სწორედ ამ საგანს ვასწავლი, ფინანსები, ეკონომიკა - ფული.
ეს ბრალი სამმაგად დამანგრეველი იყო ჩემთვის და ქრთამის აღება ჩამეხსნა. გადაკვალიფიცირდა მუხლი და ახლა ეს არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.
ორი წელი მიდიოდა ეს პროცესები, ძალიან დავიღალეთ, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პლუს ჩემი კარიერა, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვიწყობდი, დავთანხმდი პროკურატურის შემოთავაზებას და მოვაწერე საპროცესოზე ხელი, იმისთვის, რომ დამთავრებულიყო სასამართლოები, კორუფცია და მექრთამეობა ჩემს სახელთან და გვართან არ ყოფილიყო ასოცირებული.
- რა მოხდა რეალურად?
- დიდია საქმე. ამიტომ მოკლედ ვიტყვი: ჩემი ახლო გარემოცვიდან დამიკავშირდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ადვოკატი ირმა ჭკადუა ახასიათებს, როგორც კვლიფიციურ აგენტ-პროვოკატორს. მან აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემთან შემოსულიყო კომუნიკაციაში და წავეყვანე შეცდომისკენ. მას სურდა პატარა კაფეს გაკეთება მტკვარზე. ის აჭღურვილი იყო შესაბამისი ტექნიკით, მზად იყო მოეწყო ეს ვაკხანალია და მისი ჩვენების საფუძველზე დამაკავეს.
გეტყვით, რა წერია ჩემს საბრალდებო დასკვნაში, მე მას ვუთხარი: მე ჩემი პირადი კონტაქტებით, რაც შემიძლია დაგეხმარები-მეთქი და ამის გამო აღმოვჩნდი ციხეში. კანონის ენით, ეს თურმე ითვლება ზეგავლენის მოხდენად.
- ფიქრობთ, რომ ვინმესგან იყო მოგზავნილი ე.წ. აგენტ-პროვოკატორი?
- ჩემი ადვოკატი მრავლისმნახველია, ბევრი რამ იცის და ამბობს, რომ ეს სტაჟიანი აგენტ-პროვოკატორია. ორ წელზე მეტია მიდის ეს საქმე და სულ ამ კვანძის ამოხსნას ვცდილობ. ვის გადავეკვეთე, ვის რა დავუშავე, ვერ ამოვხსენი და ამაზე ფიქრმა დამმართა მძიმე დაავადება...
ფაქტია, ჩემზე იმუშავა კვალიფიციურმა აგენტ-პტოვოკატორმა. ეს იყო უმძიმესი პერიოდი. რეაბილიტაცია წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. 6 თვე ვიყავი საპატიმროში, გირაოში ყოფნისას გავაკეთე შეუძლებელი. მინდა სხვებისთვის ვიყო სტიმული, სტიმული იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ორი წელი ვერიდებოდი პრესას, სანამ ხელში არ მექნებოდა განაჩენი, ვერ დავიწყებდი ლაპარაკს. ეს ორი წელი გამოვიყენე და ორი უნივერსიტეტის პროფესორი გავხდი საქართველოში. ევროპის წამყვანმა უნივერსიტეტმა მიმიწვია, სამეცნიერო კუთხით განვვითარდი. როცა გგონია რაღაც დამთავრდა, თურმე ეს ასე არ არის.
- ძალა როგორ იპოვე, რომ თავიდან დაგეწყო ცხოვრება?
- დამეხმარა ჩემი მეუღლე დეიკო (ოთარ აბესაძემ და დეა აფციაურმა 2018 წლის დასაწყისში საპყრობილეში იქორწინეს), რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე დავმდგარიყავი ფეხზე. როცა ტაქსის მძღოლი ვიყავი, ბევრი რამ გამოვიარეთ. იყო პერიოდი, როცა ბევრი რაღაც გავყიდეთ, ნოტარიუსი არ მართმევდა ფულს, შვილო, შენგან როგორ ავიღო ფულიო... 131-ე მარშუტკის მძღოლმა არ გამომართვა გზის ფული და აქეთ მომცა გამოგადგებაო. ასეთმა ხალხმა გადამარჩინა... ყველა გრძნობდა, რომ მე განწირული ვიყავი.
დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს, ასევე კახა შენგელიას, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტი ლაპარაკობდა ჩემზე...
უნდა ვთქვა, რომ ჩემი განაჩენი ეძღვნება იმ "მეგობრებს", ვინც დღეს აღარაა ჩემი მეგობარი. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც, როცა მე საავადმყოფოში ვიყავი, ჩემს მეუღლეს "ამშვიდებდნენ", რა ვქნათ, ოთომ დააშავაო. ეს სიტყვები, რაც ჩემს ატირებულ ცოლს უთხარით, გაპატიეთ.
გულში არაფრის ჩადებას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა გითხრათ, მაშინ როცა ჩემი მეუღლე ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იყო, თქვენ ეუბნებოდით, ოთო არის დამნაშავეო. ოთო არ ყოფილა კორუმპირებული და მექრთამე! მე თქვენ ამას გპატიობთ და ბედნიერებას გისურვებთ ყველას.
- თქვი, ტაქსის მძღოლი ვიყავიო... ეს როდის იყო?
- როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუმჯობესდა, არანაირი შემოსავალი არ მქონდა, დაყადაღებული იყო სახლი, გირაოს თანხა გადავიხადეთ, ამიტომ დღისით ვიყავი ტაქსის მძღოლი, საღამოს კი სამეცნიერო სტატიებს ვწერდი... დეა სულ მეხმარებოდა, მანქანის გარეცხვაშიც კი. გავიარე ეს ეტაპი, არანაირი შრომა არაა დასაძრახი და როცა ოჯახს სჭირდება, არაფერი არ უნდა ითაკილო. როცა დამაკავეს დეაც უმუშევარი დარჩა, გვქონდა ვალები, პრობლემები. კოშმარი და ჯოჯოხეთი გამოვიარეთ...
სანამ დამიჭერდნენ, ორივეს მაღალანაზღაურებადი სამსახურები გვქონდა, ავიღეთ ვალი, რადგან საქორწინო მოგზაურობაში წასვლა და ცალკე გადასვლა გვინდოდა... როცა დამიჭირეს, ვალებს პროცენტები დაემატა. მერე უკვე დიდი თანხა დასჭირდა ჩემს მკურნალობას, ციხეში შენახვას და ექსპერტიზას, რომ გითხრათ ეს რა თანხები დაჯდა, თვალები შუბლზე აგივათ...
ახლა ვმუშაობთ, ვლაგდებით. დეამ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მეგობრების საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა, სადაც მენეჯერია. აქტიურადაა ჩართული ყველაფერში.
- ელოდი დეას ასეთ თანადგომას?
- ახლა რომ ვფიქრობ ველოდი, მაგრამ იმ მომენტში სხვანაირად ვხედავდი. წარმოიდგინე, იჭერენ ადამიანს, ემუქრება მინიმუმ 6 წლით ციხე, ამ დროს შენ ხარ ლამაზი, მშვენიერი მოდელი გოგონა, რატომ უნდა იდგე „პერედაჩებზე“? მაგრამ იქ იდგა კვირაში ორჯერ! მთელი საკანი ამ პატარა გოგომ შეგვინახა. ციხეში მოვაწერეთ ხელი... ძალიან დიდი შრომა და რესურსია ციხეში პატიმრის შენახვა. ახალი ხილი და არაფერი არ მომკლებია. ჩემთვის ეს გმირობის ტოლფასია!
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- კარგი შემოთავაზებები მაქვს ევროპის უნივერსიტეტიდან. არ გამოვრიცხავ გარკვეული პერიოდი იქ ვიცხოვროთ. მაგრამ ვთვლი, ჩემი მოვალეობაა აქ ვიყო აქტიური პიროვნება, მინდა ბევრი კარგი საქმე გავაკეთო იმ ხალხისთვის, ვინც ჩემი გათავისუფლების პეტიციას მოაწერა ხელი...