ავტორი:

ტექნიკური ხარვეზი თუ ლობისტების მუშაობა - რატომ ჩააგდო პარლამენტმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ მიმართული  კანონპროექტი?

ტექნიკური ხარვეზი თუ ლობისტების მუშაობა - რატომ ჩააგდო პარლამენტმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ მიმართული  კანონპროექტი?

კანონის ტექნიკური ხარვეზი თუ ლობისტების მუშაობა - პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო. სწორედ ამიტომ ხვალ დელისის მეტროსთან ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ შეიკრიბებიან და „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რეგულაციების გარეშე ონლაინ-კაზინოები მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებენ, ამიტომ ამ საკითხზე მუშაობის პირობა დადო.

"ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული", - განაცხადა მაშინ პრემიერმა.

უკვე 2018 წლის ზაფხულს კი დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოამზადა კანონპროექტი, რომელიც თამაშების რეკლამირებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებდა.

2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი, თუმცა ამ კანონმა მხოლოდ 42 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

პარლამენტის მიერ ჩაგდებული პროექტის მიხედვით, იკრძალებოდა აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა და 10 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი ხდებოდა. პროექტის თანახმად, იკრძალებოდა აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში.

ამავე პროექტით აკრძალვას ექვემდებარება ქართული საგადასახადო ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების განხორციელება.

კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. თავდაპირველად განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვითაც, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს. მდინარაძემ განმარტა, რომ თუკი ინიციატორი პროექტს ახლიდან, ახალი ფორმულირებით შემოიტანს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

აღნიშნული არგუმენტი მიუღებელი აღმოჩდა თავად ლევან გოგიჩაიშვილისთვის. მან დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის ინიციატორები მის გარდა, უმრავლესობის წევრებიც არიან.

"თუკი პროექტის სულისკვეთებას იზიარებთ, მხარი დაუჭირეთ მას და თქვენი სახელი დაარქვით, ოღონდ მიიღეთ ხალხისთვის", - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველ გუნდს.

უმრავლესობიდან დეპუტატები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფო კილაძე და გია ვოლსკი კენჭისყრის გადადებისა და შემდგომი კონსულტაციების გაგრძელების წინადადებით გამოვიდნენ, თუმცა მათი ამ შეთავაზების გაზიარება არ მოხდა.

კანონპროექტის ავტორის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, "აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ საკითხი არ დარჩება მარტივად პარლამენტში, ველოდები როდის შეიქმნება ეთიკის საბჭო და მას მივმართავ".

"ვფიქრობ, ადგილი აქვს მიზანმიმართულ ჩავარდნას. ეს არის ლობირებისა და, ამ შემთხვევაში, ერთი მონოპოლიური კომპანიის ინტერესების გათვალისწინება, რომელსაც აქვს მონოპოლია მოპოვებული ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმიდან და ამ კომპანიას ჰქვია "აუთდორი". ამის გამო ჩავარდა ეს კანონპროექტი, რომ მათ სერიოზულად ეკრძალებოდათ რეკლამების განთავსება. ეს სივრცე, აზარტული სივრცე პირდაპირი მნიშვნელობით ამ ქვეყანას აუბედურებს. პირადად მამუკა ბახტაძეს მივმართავ, მათ არ ეყოთ გამბედაობა წასულიყვნენ ხალხის მხარეს და დაიჭირეს მონოპოლისტური კომპანიის მხარე, რომელსაც თბილისის მერიამ ხელახლა გაუგრძელა ინტერესი გარე რეკლამასთან დაკავშირებით", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა, უკავშირდება პირადად მას. როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, გარკვეულ ძალებს არ სურთ, რომ მან "ქულები ჩაიწეროს".

"ვფიქრობ, ეს არის, კორუფციული შეთანხმება ხელისუფლებასა და ამ კომპანიას შორის. არ არსებობს ლოგიკა, რომ პოლიტიკოსმა მხარი არ დაუჭიროს ამ იდეას, იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია სოციალური თვალსაზრისით. მაინტერესებს, ამ საკითხზე შეხვედრები პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მერს ამ მონაპოლიურ კომპანიებთან ჰქონდათ თუ არა?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს არ დავტოვებთ და მივიყვანთ ბოლომდე.

ძალიან სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილებაა. რადგან ჩემი ინიციატივა იყო, ესეც იყო მთავარი მიზეზი, რომ ვიღაცის თვალში არ ჩამწეროდა ქულები, ამიტომ ჩააგდეს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით კი, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტთან დაკავშირებული პროცესი პოლიტიკური პროცესი იყო.

"საკითხის ისტორია არის ძალიან მარტივი. პროექტი ჯერ კიდევ 6 თვის წინ განიხილებოდა. შესატანი იყო კენჭსაყრელ საკითხთა სიაში. მაშინ ლევან გოგიჩაიშვილის მიმართ იყო შეთავაზება, რომ შეცვლილიყო რადიუსი და განსაზღვრულიყო 100-მეტრიანი რადიუსი. ამაზე ბატონმა ლევანმა კატეგორიული უარი თქვა და კენჭისყრა ამის გამო შეჩერდა. მაშინ იყო კატეგორიული წინააღმდეგი - ახლა აღმოჩნდა, რომ აღარ არის კატეგორიული წინააღმდეგი. ეს არის პოლიტიკური პროცესი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ანალიტიკოს ზურაბ კუკულაძის თქმით, გოგიჩაიშვილის კანონპროექტი აზარტული თამაშების პრობლემას ვერ გადაწყვეტდა, თუმცა „ოცნებამ“ ესეც კი ვერ გაბედა, რომ ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადაედგა.

„აზარტული თამაშები იმდენად მრავალწახნაგოვანი პრობლემების გამომწვევია ქართულ ეკონომიკაში, რომ მისი რეკლამირების აკრძალვა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მაგრამ პარლამენტმა ესეც კი ვერ გაბედა, რომ მიეღო ეს კანონი. ეს ჩემთის უკვე სახასიათოა.

ტექნიკური ხარვეზების მიზეზით იკარგება ძალიან ბევრი დრო და ზუსტად ასე წელავს დროს დღევანდელი ხელისუფლება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. არამარტო 2015 წელს, ამაზე საუბრობდა კობა დავითაშვილიც 2013 წელს.

მთავრობა ამბობდა, რომ აზარატული თამაშები არის ძალიან დამაზიანებელი და მისი რეგულირებაა საჭირო, თუმცა ყველა ეს ინიციატივა მოკვდა. ხელისუფლების მიდგომაა ასეთი, რომ თითქოს იზიარებენ პათოსს, რომ ეს უქმნის საზოგადოებას პრობლემას, ამას უნდა ებრძლონ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, ტექნიკური მიზეზებით მიჩქმალავენ თემას.

ამას აკეთებ შეგნებულად, ან გაუაზრებლად, არ იცი, ან ინტერესი აქვთ. ჩემთვის ახლა სულ ერთია, თუმცა ის, რომ მთავრობის გარკვეული ჩინოვნიკები რაღაც ბიზნესს ლობირებენ, პრობლემაა, პირდაპირ რომ ვთქვათ, დანაშაულია და ამას გამოძიება უნდა.

კონკრეტული ფაქტი, რომ ამაში ვიღაცამ ფული აიღო და ამას ლობირებდეს, არ მაქვს. ამიტომ ვამბობ ესენი არიან ან უცოდინრები ან მავნებლები, ასეთი ადამიანების ადგილი კი პარლამენტში არ არის", - უთხრა AMBEBI.GE-ს ზურაბ კუკულაძემ.

ორგანიზაცია "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" კი ხვალ "დელისის" მეტროსთან შეიკრიბება და "ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებს.

„სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 11 მილიარდამდე მიდის და ამ ტკბილ ლუკმას, როგორც ჩანს, ვერ ელევა პარლამენტის წარმოამდგენლობა და სახელისუფლებო გუნდი. როგორ შეიძლება, პარლამენტში იჯდეს ადამიანი, რომელიც ამ ბიზნესის ერთ-ერთი მეწილეა. ვგულისხობ „კრისტალბეთის“ მეწილეს, იგი პარლამენტში სწორედ ამ მიზეზით შევიდა.

ამ ბიზნესმა ქვეყანა დაღუპა, დააქცია, მიწასთან გაასწორა. 500 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვრამდე მიიყვანა.

1000 გამოკითხულიდან 56% დამოკიდებულია თამაშზე და თანაც თინეიჯერები, 13-14 წლის ასაკის ადამიანები. აქედან ნახევარი გოგოა და ნახევარი ბიჭია, განსხვავება აღარ არის.

დღეს თუ მოთამაშე 500 ათასი ადამიანია, მეორე 500 ათასი კიდევ წამოვა და შემდეგ რას აპირებს ეს მთავრობა?! მოგვცეს სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რამდენია ამის გამო სუიციდის შემთხვევები. საკმაოდ ბევრია.

ივნისში 9 სულიან ოჯახს გარეთ რომ გამოყრიან მცირეწლოვანი ბავშებით და ლოგინად ჩავარდნილი ადამიანით, რას ეტყვის მერე ამათ მთვარობა?!

ქართულმა ოცნებამ დღეს თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას კიდევ უფრო მეტად გამოაცალა საყრდენი, თავისი უნიათო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამიტომ ხვალ 18 საათზე "დელისის" მეტროსთან ვიკრიბებით ყველა, ვისაც ქვეყნის და ახალგააზრდების ბედი აწუხებს", - გვითხრა ორგანიზაციის დამფუძნებელმა, თამარ ჯაფარიძემ.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი