მე ვფიქრობ, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასეთ სიტუაციაში განხილვა არ არის მართებული, - ამ სიტყვებით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას და დეპუტატებს.
"იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს რომელიმე დავა ფიზიკური პირებიდან, ეს დავები გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით. ეროვნული ბანკის ფუნქციაა, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აკისრია. თუ არ შეასრულებს მათ, ეს ცუდი იქნება, როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის. ჩემი, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობაა გითხრათ, რომ ასეთი სახის განხილვები ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ საზედამხედველო ფუნქციებთან დაკავშირებით, არ არის მართებული, რადგან ეს გამოიწვევს მოწყვლადობის შექმნას მთლიანად ფინანსურ სექტორში. მე მაქვს ყველა ინფორმაცია იმისთვის, რომ ვისაუბრო ამ საკითხზე, რომლებსაც აქვთ მეტი ტექნიკური ინფორმაცია ამ საკითხზე, მაგრამ ბატონო თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტარებო, მე ვფიქრობ, ამ საკითხის განხილვა ასეთ სიტუაციაში არ არის მართებული", - განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, არის იერიშის მიტანა რეგულატორის დამოუკიდებლობაზე.
მისი თქმით, ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე.
"როგორც მოგეხსენებათ, ის საკითხი, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში და ეხება „თიბისი ბანკს“, განხილვის საგანი იყო საზოგადოებაში. "თიბისი ბანკთან" ერთად, რომლის რეგულატორიც ჩვენ ვართ, ისევე როგორც სხვა ბანკებისა, ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც მკაფიოდ ვთქვით, რომ ეროვნულ ბანკს და "თიბისი ბანკს" შორის დავები არ არსებობს. მე გარკვეულწილად, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი და მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ჩემს თავზე ავიღე ის რისკი, რასაც შეიძლებოდა ჩემი რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა, რადგან მე ვზრუნავ ბანკსა და ფინანსურ სექტორზე. აქედან გამომდინარე, სანამ არ გაკეთდა განცხადება "თიბისი ბანკისა" და ეროვნული ბანკის ერთობლივი, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვივრცელებია. ამის შემდეგ კი ჩვენ დამატებით ძალიან ნათელი და დეტალური ინფორმაცია მივეცით, სადაც აბსოლუტურად ნათელი იყო შეფასება იმის, რაც გადავწყვიტეთ. მე ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა. ვფიქრობ, ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე. მე არ მახსოვს ასეთი პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში, როცა რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთი დავის საგანი ხდება", - განაცხადა გვენეტაძემ.