ავტორი:

გიორგი მამალაძის მხარდასაჭერ აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ - დეკანოზის ოჯახი პატრიარქს მიმართავს

გიორგი მამალაძის მხარდასაჭერ აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ - დეკანოზის ოჯახი პატრიარქს მიმართავს

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას პოლიტიკური ჯგუფებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციაზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკოლოზ მაჭუტაძე.

"წარმოუდგენელია გულგრილად უყურო იმას, თუ როგორ იჭყლიტება და ნადგურდება ადამიანი სასტიკი სისტემის მიერ. ეს არის მორიგი შემთხვევა სისტემის პრობლემის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ტექნიკურად რა და როგორ უნდა მოხდეს შეწყალება არ ვიცი, თუმცა ეს ადამიანი რომ უდანაშაულოა და უსამართლოდ ზის ციხეში ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ შეთანხმებაა საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის და სწორედ საპატრიარქომ ჩაასმევინა ხელისუფლებას ციხეში მამალაძე", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

საპროტესტო აქციაზე გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად ასევე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ საპატრიარქოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, საჭიროა საპატრიარქოში სინოდის მომავალ სხდომაზე განიხილონ მსჯავრდებული დეკანოზის საკითხი, ასევე, საპატრიარქომ პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით მიმართოს.

"დეკანოზის დაკავებიდან ორი წელი გავიდა და ვიდრე ინსულტმა არ დაარტყა და საავადმყოფოში არ მოხვდა, მანამდე არ აზიარეს. სირცხვილია რომ ამ მდგომარეობამდე მიყვანა გახდა საჭირო. საპატრიარქო რეალურად არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაპირებთ საპატრიარქოსთან სისტემატური აქციები გავმართოთ, რადგან დეკანოზი არის საპატრიარქოს ნაწილი. დეკანოზის დაკავებაში მონაწილეობას საპატრიარქოს გარკვეული გავლენიანი პირები იღებდნენ. სწორედაც საპატრიარქომ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ დეკანოზის საკითხი განიხილონ სინოდის სხდომაზე და ასევე მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და მისგან იყო წინასწარი მზაობა, რომ შეწყალებულიყო გიორგი მამალაძე. თუმცა, სამწუხაროდ, საპატროარქოს გავლენიანი ჯგუფების მიერ მოხდა ამ გადაწყვეტილების დაბლოკვა. იმედი მაქვს საპატრიარქოში არსებობენ ჯანსაღი ჯგუფები რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ იმ ჯგუფებს, რომლებიც საპატრიარქოს სახელით უკანონობას სჩადიან", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

თორნიკე მამალაძე საქართველოს პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს. მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა პატრიარქმა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დააყენოს.

"ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოვუწოდებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე მიმართოს. განმეორების შემთხვევაში შესაძლოა სავალალო მდგომარეობა მივიღოთ. ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და არის მისი უწმინდესობის მღვდელი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ პატრიარქს, რომ შეასრულოს "მწყემსი კეთილობა". იმედი მაქვს უფლის და იმედი მაქვს, რომ ღმერთი გაუნათებთ გონებას და გადადგამენ იმ ნაბიჯს რისთვისაც არიან მოვლენილი ამ ქვეყანაზე.

ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, გუშინ მამა ნიკოლოზი იყო შესული. მან აზიარა და ზიარება მოხდა მაშინ, როდესაც ჩემი ძმის მდგომარეობა კრიტიკულია. მღვდელმაც დააფიქსირა, რომ მდგომარეობა მძიმეა და მას აქვს ინსულტი", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ხონის მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა

დასავლეთ საქართველოში 32 გრადუსამდე დათბება - 15-18 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 13 საბავშვო ბაღია დახურული