ავტორი:

რისი თქმა ვერ მოასწრო გურანდა გაბუნიამ ოთარ მეღვინეთუხუცესისთვის - მსახიობის ინტერვიუ არქივიდან

რისი თქმა ვერ მოასწრო გურანდა გაბუნიამ ოთარ მეღვინეთუხუცესისთვის - მსახიობის ინტერვიუ არქივიდან

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალება Ambebi.ge-ს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიას "ბუბას" ეძახდნენ, მათ შორის ოჯახის წევრებიც. მამამისი სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დედა - მსახიობი და ამიტომ ბავშვობიდან დაუახლოვდა თეატრს. სცენაზეც საკმაოდ პატარა ასაკში დადგა. უყვარდა ცეკვა და ბალერინობაზე ოცნებობდა. სკოლა სოხუმში დაამთავრა. შემდეგ დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ქორეოგრაფიულის მაგივრად თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტს მიაშურა. კარგად სწავლობდა, ოთხი წლის განმავლობაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიას იღებდა. იმავე შენობაში გაიცნო თავისი ცხოვრების თანამგზავრი ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომლის გვერდით 56 წელი გაატარა...

ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაშინ გურანდა გაბუნია 19 წლის გახლდათ, ოთარი - მასზე 7 წლით უფროსი. შეუღლების შემდეგ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალეს, ბოლოს ბინა მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს დაიდეს.

გთავაზობთ გურანდა გაბუნიას ინტერვიუს, რომელიც წლების წინ ჟურნალ "რეიტინგს" მისცა:

- ცეკვა ჩემთვის მთავარი იყო. თბილისში რომ ჩამოვედი, გავიგე, რომ ბუხუტი დარახველიძეს ცეკვის ანსამბლი ჰქონდა და მასთან მივედი. მაშინვე მიმიღეს და ძალიან სერიოზული რეპეტიციები დაიწყო. მაშინ უკვე სტუდენტი ვიყავი, ოთარს ვიცნობდი. დღევანდელი განათლების სამინისტროს შენობაში გვქონდა რეპეტიციები, რომელიც ხშირად დილის ოთხ საათამდეც გრძელდებოდა. ოთარი გარეთ იდგა და მელოდებოდა. ანსამბლი მოსკოვში ფესტივალზე გასამგზავრებლად ემზადებოდა და მეც იმ ჯგუფში ვიყავი. სპორტულ ცეკვას ვცეკვავდით, რომელიც ბუხუტი დარახველიძემ დადგა, ოთხნი სოლოს და დანარჩენი დასი მოგვიანებით გვიერთდებოდა. შთამბეჭდავი გამოსვლა გვქონდა... სამწუხაროდ, ის ანსამბლი დაიშალა და იქიდან შემდეგში ძალიან ბევრი მოცეკვავე "სუხიშვილებში" გადავიდა. თეატრალურ ინსტიტუტში დატვირთული რეჟიმის გამო მეც აღარ შემეძლო ცეკვის რეპეტიციებზე სიარული. თეატრალურში კარგი სწავლა იყო, სპექტაკლები, რეპეტიციები, ხან მეტყველების პედაგოგთან სიარული გვიწევდა და ყოველთვის ძალიან ბევრი საქმე გვქონდა.

- თქვით, რომ ოთარი გვიანობამდე გარეთ გელოდათ, თქვენს ცეკვაზე არ ჰქონდა პრეტენზია?

- არა, ძალიან მოსწონდა ჩვენი ანსამბლი... ოთარი მაშინ უკვე ცნობილი მსახიობი იყო, მე - სტუდენტი. ის თეატრალურ ინსტიტუტში მოდიოდა ჩემს სპექტაკლებზე.

- თქვენი გაცნობის ისტორია ცნობილია...

- დიახ, სულ ამას ვყვები. მე და ოთარი ერთმანეთს ნუგზარ გაჩავამ გაგვაცნო და ამისათვის მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

- თქვენი მეჯვარეები ვინ იყვნენ?

- ირაკლი უჩანეიშვილი და იუზა ხუსკივაძე. ხელი რომ მოვაწერეთ, იმ დღეს წვიმდა და შენობაში, ლესელიძის ქუჩაზე, წყალი ჩამოდიოდა. ჩემთვის ვფიქრობდი, წვიმს, ეს ცუდის ნიშანია-მეთქი.

- მაშინ სად ცხოვრობდით?

- მე საიათნოვაზე, ირაკლი - ლერმონტოვზე, ოთარი კი ვაკეში კავშირის ქუჩაზე ნახევრად სარდაფში ცხოვრობდა. თავიდან 15 წლის განმავლობაში მე და ოთარი იქ ვცხოვრობდით და მახსოვს, წვიმის დროს მთელ კედელზე წყალი რომ ჩამოუყვებოდა ხოლმე. შემდეგ დიღმის მასივში გადავედით. მარჯანიშვილის მოედანზე ბინა კი გიგა ლორთქიფანიძემ გაგვიკეთა. ის რომ არა, ესეც არ გვექნებოდა.

- ბევრი აკვირდება ისეთ დეტალებს, როგორიცაა, რა თქვა მამაკაცმა გაცნობისას პირველად, რა ეცვა და ა.შ. თქვენ გახსოვთ?

- რა უნდა სცმოდა? ოთარი გაჭირვებაში გაზრდილი ბიჭი იყო. ეს ის პერიოდია, როცა ყველანი იმავე სიტუაციაში ვიყავით. ოთარი, ნოდარ მგალობლიშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, მალხაზ მებურიშვილი სულ ერთად იყვნენ. ირაკლი რომ არა, მათ ტანსაცმელი არ ექნებოდათ. ის უკერავდა პერანგებს, შარვლებს, თავისთვის ფეხსაცმელებსაც კი. ხელის მოწერისთვის ოთარს ირაკლიმ შეუკერა შარვალი. ის უნიკალური პიროვნება იყო, არაჩვეულებრივად მღეროდა. ბევრ მხატვრულ და მულტიპლიკაციურ ფილმში ისმის მისი ხმა. მათ შორისაა: "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", სადაც ის ფოსტალიონის სიმღერას ასრულებს. მიკვირს, წლები ისე გადის, არავის მოსდის აზრად, ტელევიზიით ის კადრები გაუშვან, სადაც ირაკლი პატარა გოგონასთან ერთად საახალწლო სიმღერას მღეროდა. შეიძლება, დაკარგულია ეს ჩანაწერი. ბევრი რამ აღარ არსებობს, ისევე, როგორც კინოსტუდიაში ხანძრისას განადგურდა ბევრი ფილმი.

- ბატონ ოთარს უამრავი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული...

- დიახ. ოთარმა დიმიტრი ასტრახანის ფილმში "განვედ ჩემგან" 1991 წელს ტოკიოს VI საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა, ნომინაციაში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. იმავე წელს გადასცეს ეს პრემია ალან პარკერსაც ნომინაციაში საუკეთესო რეჟისურისთვის. აქვეა რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია "თოლია", "კუმირი". ასევე - სტანისლავსკის პრემია, რომელიც ოთარს ჯორჯო სტრელერთან ერთად "თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის" გადაეცა.

ახლახან თბილისში რეჟისორი დიმიტრი ასტრახანი იმყოფებოდა. რუსული ფილმების ფესტივალზე ჩამოვიდა და მისი ინიციატივით კინო "რუსთაველის" მცირე დარბაზში უჩვენეს ფილმი "განვედ ჩემგან". უნდა მოგესმინათ, რას ამბობდა რეჟისორი თავის მსახიობზე: ოთარი პირველად რომ დავინახე, ჰოლივუდის მსახიობი მეგონა, მაღალი, ლამაზი, ვიფიქრე, მოტლი ამან როგორ უნდა ითამაშოს-მეთქი. ოთარმა გაიღიმა და მითხრა, ვითამაშებ, არ ინერვიულო, ვითამაშებო. რეჟისორის მხრიდან მსახიობის ასეთი სიყვარული იშვიათია. ასტრახანს ოთარი ძალიან უყვარდა. "ველიკი", "ველიკი", - სულ ასე ამბობდა.

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს

"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე

ნანი ბრეგვაძის საარქივო ფოტოები მისი ოფიციალური "ინსტაგრამგვერდიდან" - როგორ აღინიშნება დიდი მომღერლის 85 წლის იუბილე?