მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.
პროკურატურამ მტკიცებულებად გამოკითხვების და დაკითხვის ოქმები წარადგინა, ასევე წარადგინა საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. ბრალდებამ მოწმეთა სიაც წაიკითხა, ვის დაკითხვასაც პროკურატურა არსებითი განხილვების დაწყების დროს აპირებს. მათ შორის არიან: მიხეილ კალანდია, გიორგი კალანდია, დაჩი ღლონტი, მერაბ მორჩაძე, ზაზა სარალიძე და გიორგი მენაბდე.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ დაცვის მხარემ საკუთარი პოზიცია წარმოადგინა, კერძოდ, პროკურატურიდან და სასჯელაღსრულების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის სახით.
ამასთან, დაცვის მხარეს ბრალდების მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია. ადვოკატებმა სადავოდ მხოლოდ ერთი, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება გახადეს.
ბრალდებულ მირზა სუბელიანის თქმით, მისთვის შაყულაშვილის ჩვენება მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, სუბელიანის განმარტებით, იცნობს ყველა მტკიცებულებას და მათ არ თვლის სადავოდ.
"ჩემი ჩვენებიდან არის გამომდინარე ბრალი. მე ვაღიარებ ბრალს და ვიცი, რა შედეგები მოყვება ჩემს ქმედებას. მე არ ვხდი სადავოდ მტკიცებულებებს... საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ეს ჩემთვის პოპულარიზაცია არ არის ჩემი თავის. უბრალოდ ჩემი პოზიციაა, რომ მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს. ასევე, მე ვაცხადებ, რომ ვეთანხმები ბრალდების მხარეს და მსურს, დავრჩე პატიმრობაში, თუმცა ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემი მიმალვის საფრთხე არსებობს - ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია, მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი, ვიდრე აქ ვიჯდე" - განაცხადა მირზა სუბელიანმა.
საქმის არსებითი განხილვა 1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.