რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა... ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე.
ერთად გადავავლოთ თვალი ტრაგიკული დღეების ქრონოლოგიას პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით - ომის დღეებს, რომელიც ბევრად უფრო ადრე დაიწყო და რომელმაც საქართველოს მომავალი მთლიანად შეცვალა.
1-ელი აგვისტო
ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე აფეთქდა საქართველოს შსს-ს კუთვნილი ავტომანქანა, ინტენსიური, ორმხრივი სროლა დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, დაიღუპა 6 და დაიჭრა 21 ადამიანი.
2 აგვისტო
მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ქართული სოფლები: ქვემო და ზემო ნიქოზი, ავნევი, ერედვი, ერგნეთი. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელს, მარატ კულახმეტოვს ხვდება. იაკობაშვილი ოს სეპარატისტებთან შეხვედრასაც ითხოვს, მაგრამ უარს იღებს.
3 აგვისტო
ცხინვალიდან რუსეთში ევაკუირებულ იქნა ადგილობრივი მოსახლეობა – ბავშვები და ქალები. ვლადიკავკაზში ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარდამჭერი მიტინგი იმართება. ამ დღეს აფხაზი სეპარატისტები იღებენ გადაწყვეტილებას სექტემბრიდან გალში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ. სერგეი ბაღაფში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ენგურის ხიდს კეტავს. როკის გვირაბიდან რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი, ჯავშანტექნიკა და არტილერია შემოდის.
4 აგვისტო
ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ რუსეთის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებას არ გამართავს. სეპარატისტთა ე. წ. შს მინისტრი მიხეილ მინძაევი აცხადებს, რომ ცხინვალი მზად არის ცეცხლის გასახსნელად. კონფლიქტის ზონაში მდგარი რუსული ბატალიონი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.
5 აგვისტო
ისევ დაცხრილეს ქართული სოფლები. აფხაზი სეპარატისტები მეორე ფრონტის გახსნაზე იწყებენ ლაპარაკს. სამხრეთ რუსეთიდან მოხალისეთა ნაკადი მოედინება. განცხადებას ავრცელებს ეუთო და ვითარების დაძაბვაში სეპარატისტებს ადანაშაულებს.
6 აგვისტო
მსხვილკალიბრიანი არტილერიით მთელი დღე იბომბება ქართული სოფლები: ნული, ავნევი, თამარაშენი... ააფეთქეს ქართული სამშვიდობო ძალების ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბე-ემ-პე“. ქართული სოფლები კვლავ იცხრილება. არის მსხვერპლი. ქართულმა მხარემ რეგიონის საზღვართან ტანკები, ჯარი და არტილერია განალაგა და სროლითვე პასუხობს მოწინააღმდეგეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგანგებო თათბირის შემდეგ, თბილისში გზავნიან იური პოპოვს, რომლის განცხადებითაც, იაკობაშვილისა და ჩოჩიევის შეხვედრა რუსული მხარის ხელშეწყობით გაიმართება, ხოლო რეგიონში მოვლენათა ძალისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში რუსეთი განზე ვერ დარჩება. ოსმა სეპარატისტებმა 7 აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრა გადადეს და ქართულ მხარეს შეხვედრა 9 აგვისტოს შესთავაზეს.
7 აგვისტო
ქართულ სოფლებზე თავდასხმა გახშირდა - სეპარატისტები განუწყვეტლივ ბომბავენ ქართულ სოფლებს.
საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას აკეთებს, რომ ქართული მხარე მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისთვის მზად არის... საქართველოს საგარეო უწყება კი მოუწოდებს რუსეთს, გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა აღკვეთოს...
კონფლიქტის ზონაში სნაიპერული ომი მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ, ინტენსიურად ისვრიან არტილერია, ტანკები და ხელსატყორცნი არტილერიული სისტემები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არალეგალურად არის შემოტანილი - აცხადებს სააკაშვილი
ის მხარეებს ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს - პირობა, სამხრეთ ოსეთისთვის სრული ავტონომიის მინიჭებისა, ძალაში რჩება... სააკაშვილი კიდევ ერთხელ სთავაზობს რუსეთის ფედერაციას შუამავლობას კონფლიქტის მოგვარებაში. ოსურმა მხარემ ცეცხლი დროებით შეწყვიტა, მაგრამ მალე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია და კვლავ შეუტია ქართულ სოფლებს...
23:30 საათზე ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად, სააკაშვილის ბრძანებით, ქართული მხარე საბრძოლო მოქმედებებს იწყებს... ქართული მხარის საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოდის.
8 აგვისტო
რუსულმა მხარემ ჩრდილო კავკასიაში სამხედრო წვრთნების დამთავრების შემდეგ იქვე დატოვებული თავისი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ცხინვალის რეგიონში განალაგა... რუსულმა ავიაციამ დაბომბა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები კონფლიქტის ზონის მიღმა, საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მოსახლეობაში და დაზიანდა ინფრასტრუქტურა:
9 აგვისტო
რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს - კოდორის ხეობაზე თავდასხმის შემდეგ დასავლეთ საქართველოში შეიჭრნენ და ფოთისა და სენაკის ოკუპირება მოახდინეს, დაბომბეს ინფრასტრუქტურული და სტრატეგიული წერტილები – ფლოტი, საცხოვრებელი სახლები და სამკურნალო დაწესებულებები... იმ დღეს საქართველოს ვებსაიტებზე ჰაკერებმაც მიიტანეს მძლავრი იერიში.
ორმა რუსულმა მოიერიშემ ქალაქ გორთან ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა. გორში ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. რუსეთის საჰაერო ძალების ფსკოვის 76-ე საჰაერო დივიზია ცხინვალში შევიდა. ქართული მხარის განცხადებით, ჩამოგდებულია 10 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველო ერაყიდან ათასი სამხედრო მოსამსახურის გამოწვევის გადაწყვეტილებას იღებს. რუსეთის სამხედრო ავიაცია ლიახვის ხეობის ცხრავე სოფელს ბომბავს. ხეობაში დარჩენილი მოსახლეობა შველას ითხოვს.
ცხინვალში ბრძოლები მძაფრდება. რუსეთის სამხედრო ავიაციამ ონის რაიონის სოფლები: წედისი და ბარი დაბომბა.
10 აგვისტო
რუსებმა აფხაზეთში 9 000 ქვეითი და 350 ჯავშანმანქანა შეიყვანეს. სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ აფხაზეთი მზად არის "კანონის დასამყარებლად". მან 1 000 ჯარისკაცი გაგზავნა კოდორის ხეობაში და გამოაცხადა მობილიზაცია.
ქართული ჯარები ცხინვალს ტოვებენ, თუმცა, ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, საქართველომ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რუსეთის მხარემ კი ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა, რადგან, მათი მტკიცებით, ქართული ჯარები უკან დახევის ნაცვლად პოზიციებს იკავებენ. საქართველოს შს სამინისტროს სპიკერის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, საქართველომ ცეცხლი შეწყვიტა და ქართულმა ჯარებმა დატოვეს ე. წ. სამხრეთი ოსეთი.
იმავე დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის ჩამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს... თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა. მედიის ცნობით, საქართველო დათანხმდა რუსეთის სამშვიდობო ძალების შესვლას ზუგდიდში. ინტენსიურად იბომბება ზუგდიდის, სენაკის, გორის, ქარელის რაიონები, ზემო აფხაზეთი, თბილისის მიმდებარე ტერიტორია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავით ბაქრაძე ტელეეთერით მოუწოდებს მოსახლეობას, თბილისის დასაცავად ყველა საშუალებით დახვდეს მტერს... მოგვიანებით შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის პირველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ, საზოგადოება „დაამშვიდა“: რუსული ტანკები თბილისზე აღარ მოდიან – ორჭოსანთან გადაუხვიესო.
მოსკოვი საქართველოს გენოციდში ადანაშაულებს, ეუთოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ რუსეთი შუამავლის როლს კი არ ასრულებს, კონფლიქტის მხარედ მოგვევლინა.
11 აგვისტო
რუსული წყაროების ცნობით, ცხინვალი ისევ ქართული არტილერიის ცეცხლქვეშაა. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიაზე გაცხადდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან დიპლომატიურ სატელეფონო საუბარში თქვა: „საქართველოს პრეზიდენტი უნდა წავიდეს!“ დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობის დამხობას აპირებს. რუსეთმა უარყო საქართველოს ოკუპაციის მცდელობა: "ჩვენ საკმარისი ტერიტორია გვაქვს და საქართველო არ გვჭირდება" - განაცხადა კრემლის სპიკერმა ალექსეი როგოზინმა.
არსებობს რუსული არმიის თბილისში შემოსვლის საფრთხე... უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრე ლომაიას, განცხადებით, ქართულ არმიას ნაბრძანები აქვს ქალაქ მცხეთასთან გამაგრება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ რუსეთს თბილისზე თავდასხმა არა აქვს დაგეგმილი(?!). თუმცა... ტანკებზე ამხედრებული რუსული საჯარისო ნაწილები თბილისისკენ დაიძრნენ და სოფელ იგოეთთან შეჩერდნენ... მოგვიანებით გავრცელდა CNN-ის კადრები, სადაც აღელვებული მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით უკავშირდება დასავლეთის ლიდერებს და აგრესიის შეჩერებას სთხოვს. ამ საუბრის კადრები, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი ჰალსტუხს ნერვიულად ღეჭავს, მთელმა მსოფლიომ იხილა...
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან ქართველ მაღალჩინოსანთა გრძელი რიგი დგას... ისინი ოჯახებიანად ქვეყანას ტოვებენ და გარბიან. მოგვიანებით გამოქვეყნდა სიაც, სადაც თანამდებობის პირთა ქვეყნიდან გასვლისა და უკან დაბრუნების ზუსტი დროა მითითებული.
12 აგვისტო
რუსული მხარე ქმნის ფოთის პორტის გარშემო 50-კილომეტრიან ბუფერულ ზონას. აშშ-ის პრეზიდენტი ისევ მოუწოდებს რუსეთს, გადადგას ნაბიჯები კრიზისის გადასალახავად. "დიდი შვიდიანის" საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისგან უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს სპეცოპერაცია ზემო აფხაზეთში... კოდორის ხეობიდან გამოდის მოსახლეობა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა - შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკება. თუმცა, რუსეთის ავიაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას. საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს...
საქართველოსთვის სოლიდარობის გამოსახატავად თბილისში ჩამოვიდნენ ესტონეთის, ლიტვის, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი. იმავე საღამოს მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა ქართული მხარისთვის რფ პრეზიდენტთან შეთანხმებული 6-პუნქტიანი ხელშეკრულების გასაცნობად საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.
პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი კი სკანდირებს: "სარკო, სარკო". ისინი იმედით შეჰყურებენ სარკოზის მიერ მედვედევთან შეთანხმებულ ხელშეკრულებას, რომელზეც სააკაშვილსაც ხელი აქვს მოსაწერი. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს ხელშეკრულების მე-6 პუნქტის ფორმულირებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო გარანტიების მინიჭების თაობაზე...
აშშ-მა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გამოგზავნა საესკადრო ნაღმოსანი „მაკფოლი“ (აღჭურვილი „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით და უახლესი საბრძოლო-საინფორმაციო ანტისარაკეტო სისტემით), „მაუნთ უითნი“ (აშშ-ის მეექვსე ფლოტის ფლაგმანი) და სანაპირო დაცვის კატარღა. ამერიკულ ხომალდებს ნატოს ათზე მეტი გემი ახლდა. აშშ-მა უახლესი სამხედრო ხომალდები რეგიონში დისლოცირებული რუსი ანალოგებისგან მხოლოდ 90 მილის დაშორებით განალაგა და შეიძლება ითქვას, ამით მათ დაუპირისპირდა.
სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი გვამცნობს: "მშვიდობისთვის იძულების ოპერაცია დასრულებულია!"
13 აგვისტო
სარკოზის ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო – რუსულმა ტანკებმა, რომლებიც თბილისისკენ მიემართებოდნენ, უფლისციხესთან გადაუხვიეს... გორს კი აკონტროლებენ რუსული და ე.წ. ოსური დანაყოფები, რომლებიც განუკითხავად მაროდიორობენ და სასტიკად უსწორდებიან გორის მშვიდობიან მოსახლეობას.
საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა...
14 აგვისტო
თბილისში თავი მოიყარა 28 ათასმა ლტოლვილმა ცხინვალის რეგიონიდან.
15 აგვისტო
მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ხელი მოაწერა სარკოზის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი ხელშეკრულების ახალ ვერსიას.
16 აგვისტო
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი ხელშეკრულებას.
ინფორმაცია ეფუძნება "კვირის პალიტრის" პუბლიკაციებს, რომლებიც გაერთიანებულია "პალიტრა L"-ის გამოცემაში "რჩეული ეპოქა".
ფოტოები: "ინტერპრესნიუსის" არქივი; მზია საგანელიძე, ნოდარ ცხვირაშვილი, გია აბდალაძე