ზაფხული მძიმე გამოცდაა ორგანიზმისთვის. ამ დროს ბევრი, უმთავრესად - ქალები, ფეხების შეშუპებას და ტკივილს უჩივის. საღამო ხანს შესამჩნევად სივდება კოჭების არე, ყრუ ტკივილი აღმოცენდება წვივის კუნთებსა და თითებში...
რისი ბრალია ეს - ამინდის, გაუწყლოების, მოუხერხებელი ფეხსაცმლის?
ცოტ-ცოტა ყველაფრის, მაგრამ მთავარი მიზეზია სხეულის ქვედა ნახევარში ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კერძოდ, ზაფხულში სისხლძარღვების კიდევ უფრო გაფართოება მაღალი ტემპერატურის გამო. ქვედა კიდურებში ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის მექანიზმი ვენათა კედლების სისუსტესა და ვენათა სარქვლების უკმარისობასთანაა დაკავშირებული, ამიტომ გირჩევთ, დაავადების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართოთ ფლებოლოგს ან ოჯახის ექიმს, რომელიც საჭირო პრეპარატებს დაგინიშნავთ. სიცხე ამწვავებს ვარიკოზულ დაავადებას: ვენების ტონუსი მცირდება, სისხლის მიმოქცევა ნელდება, სისხლი გუბდება. ამიტომ არის, რომ მათ, ვისაც ვენური უკმარისობა აქვს, ცხელ დღეებში ფეხები ჩვეულებრივზე მეტად უშუპდებათ და სტკივათ.
როგორ მოვიქცეთ?
თუ ვენების უკმარისობის ან ვარიკოზული დაავადების დიაგნოზი უკვე დაგისვეს და ექიმის რჩევით სპეციალურ წინდებსაც ატარებთ, იგივე გააკეთეთ ზაფხულშიც. ამ რეკომენდაციის შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისა და მათთვის, ვისაც ფრენა, ავტომობილით ან მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობა უწევს. მდგომარეობას გამოგიკეთებთ:
ვენების ვარიკოზული გაგანიერების პროფილაქტიკისთვის კარგია წვივის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები, ველოსპორტი, ცურვა, სიარული. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებმა შესაძლოა ვენების მდგომარეობა დაამძიმოს, ამიტომ მათ მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან.
გაუწყლოება
ცნობილია, რომ ზაფხულის სიცხეში ორგანიზმი მეტ სითხეს კარგავს. სწორედ ზაფხულთან დაკავშირებული გაუწყლოება და დარღვეული წყალ-ელექტროლიტური ბალანსი იწვევს წვივის კუნთების ძლიერ ტკივილს და ფეხის გაკავებასაც კი. ეცადეთ, დროულად შეივსოთ წლის დეფიციტი. მიიღეთ დღე-ღამეში არანაკლებ 2,5-3 ლიტრი სითხე. სვით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. მიკროელემენტების, განსაკუთრებით - კალიუმისა და მაგნიუმის, დეფიციტი შეივსეთ ხილითა და ბოსტნეულით - გარგარით, ატმით, პარკოსნებით, სტაფილოთი, ყვავილოვანი კომბოსტოთი... თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს უჩივით, ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ პანანგინი ან ასპარკამი, რომლებიც ასევე აღმოფხვრის ზემოხსენებული მიკროელემენტების დეფიციტს და ამით დაგიცავთ ისეთი უსიამოვნო მოვლენისგან, როგორიცაა ფეხის გაკავება და კრუნჩხვა.