"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მერიასთან მიმდინარე აქციიდან სუს-ის წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის და მისი თანაგუნდელები არ დაუშვებენ, რომ თბილისი და საქართველო ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში იყოს. როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, მას დაზიანებები სხეულზე აღენიშნება.
"პირდაპირ ვიტყვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მომიპარეს აქციიდან. როდესაც მერიის შენობაში შევყავდი, ისინი იძახდნენ, უნდა დავსაჯოთო. ის "ტიტუშკები", რომლებიც ჰყავს ბიძინა ივანიშვილს და საპატრულო პოლიციის წინ ვინც იდგნენ, ის ადამიანები გამისწორდნენ ფიზიკურად. სისხლჩაქცევები თავის არეშიც მეტყობა. კაცს, თავში და გვერდებშიც მოხვედრია, პრობლემა არ არის, წაქცეულზეც მირტყეს და არც ამის პრობლემა არ არის და დარტყმასაც ავიტანთ. ჩვენ თბილისის და საქართველოს ქონებას მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს არ დავუთმობთ. მირტყამდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ. მერიის მაღალი თანამდებობის პირები მადგნენ თავზე, შეეშინდათ და სასწრაფო გამოიძახეს. თუ არ ვცდები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პაპაშვილი უყურებდა ჩემს ცემას. მას ამ დროის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. შემდეგ გამომაგდეს’, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამ დროისთვის შარტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გახსნილია. ქუჩაზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი საპატრულო პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა.