მაშველები ცეცხლის კერებს ამჟამად საქართველოს სამ რეგიონში - ზემო აჭარაში, თუშეთში და კახეთში აქრობენ. ხანძარია თბილისში, ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზეც. აქ ცეცხლი 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტს მოედო, იწვოდა ბალახი.
შინაგან საქმეთა მინისტრი დამაიმედებელ პროგნოზებს იძლევა. როგორც გიორგი მღებრიშვილი ამბობს, თითქმის ყველა ლოკაციაზე ცეცხლის ლიკვიდაციის ღონისძიებები მიმდინარეობს.
ზემო აჭარა, ხულო
შს მინისტრის ინფორმაციით, ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით 100 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო და მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცეცხლის გავრცელების საფრთხე ხანძრის არც ერთ ლოკაციაზე არ არსებობს.
"ხულოს მიმართულებაზე გუშინ კიდევ დაემატა დაახლოებით 100 მეხანძრე-მაშველი. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს. საგანგაშო არაფერია. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება ცეცხლის გავრცელების კუთხით. ზოგადად, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს ასევე იმ მიდამოებში, სადაც ხანძრის კერებია", - განაცხადა შს მინისტრმა.
რაც შეეხება თუშეთს, გიორგი მღებრიშვილის თქმით, თუშეთში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და იქაც ცეცხლის სრული ლოკალიზაციაა.
კახეთი, ართანას მთა
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ართანას მთაზე ხანძარი პრაქტიკულად ლოკალიზებულია. "დილიდან ართანას ფერდობზე კვამლი არ შეინიშნებოდა. ცოტა ხნის წინ შევნიშნეთ დაკვამლიანება. ეს იმის ბრალია, რომ შუადღეს ტემპერატურა პიკშია და ამ დროს პატარ-პატარა კერები იღვიძებს და დაკვამლიანება შეინიშნება, მხოლოდ და მხოლოდ ამის გამოა ", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია სხვადასხვა რამეა და ხშირად, როდესაც უწყება ხანძრის ლოკალიზებას აცხადებს, ამის არასწორი ინტერპრეტირება ხდება.
"ართანას ფერდობზე შეიძლება ვთქვათ, რომ ლოკალიზება გვაქვს ყველა კერის. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია, რადგან ხდება არასწორი ინტერპრეტირება იმის, რომ თითქოს ლოკალიზებული გამოვაცხადეთ და ცეცხლი ანთია. ცეცხლი შეიძლება ენთოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გავრცელების რაიმე საფრთხე არსებობს. კერები ძალიან პატარ-პატარა ადგილებზეა", - აღნიშნა მღებრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
თბილისი, ზაჰესი
მინისტრის თქმით, ზაჰესში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებგიორგი მღებრიშვილმა, კახეთში საგანგებო შტაბში განუცხადა ჟურნალისტებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად მეხანძრე-მაშველები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
"ზაჰესში ხანძრის ლოკალიზება გვაქვს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დიდი ფართობი და რთულად მისადგომი ადგილი არ იყო. ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად იმოქმედეს და მივიდნენ შემთხვევის ადგილზე", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.