"ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა" - ეს და სხვა უამრავი საყვარელი ფრაზა, რომელიც პეპისა და სხვა ცნობილ პერსონაჟებს ეკუთვნით, ორმა ახალგაზრდამ, დემეტრემ და ლალიკომ გააცოცხლეს და გადაიტანეს ჩანთებზე, საფულეებზე, ბლოკნოტებზე. ასე შეიქმნა სტარტაპი Hippie, რომელიც უამრავ მხრიარულ და ლამაზ ხელნაკეთს ნივთს ქმნის.
21 წლის წყვილმა, რომლებიც ერთმანეთს პირველი კლასიდან იცნობენ, საქმიანობა 2 წლის წინ დაიწყეს. ახლა კი Hippie-ის აქსესუარები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია და მოდურია საქართველოს მასშტაბით.
"ორივეს გვინდოდა საკუთარი შემოსავალი გვქონოდა და ეს შემოსავალი არ მოეტანა რუტინულ, დამღლელ სამსახურს. ხშირად დავდიოდით ხელნაკეთი ნივთების გამოფენაზე და ყოველთვის მოგვწონდა მსგავსი საქმიანობა. უდიდეს დადებით მუხტს ვიღებდით იქ არსებული გარემოთი. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩვენც შეგვექმნა რაიმე განსაკუთრებული, განსხვავებული, რისი მსგავსი საქართველოში ჯერ არ იყო. თავიდან დავიწყეთ პატარა ნივთების დამზადება, შემდეგ მოვხატეთ ჩანთები, ბლოკნოტები და ყველაფერი, რისი ორიგინალურად გაფერადებაც შეიძლებოდა.
ჩვენი ოცნება იყო, გვეყიდა ძველი ვინტაჟური სტილის ავტობუსი, მოგვეხატა და ბევრი გვემოგზაურა. ამ შემთხვევაში ჩვენი ორი ოცნება გავაერთიანეთ და საქართველოში პირველ მოხატულ ავტობუსში, რომელსაც გაყიდული ნივთებიდან შეგროვებული თანხით 3 თვე ვაკეთებდით, გავაკეთეთ პატარა მაღაზია. მისი საშუალებით ვმონაწილეობთ სხვადასხვა ღონისძიებაში, საქართველოს ქალაქებში გამართულ გამოფენებში და ვსტუმრობთ ბევრ ლამაზ ადგილს," - განმარტავს სტარტაპერი ლალი თვალიაშვილი.
მისივე თქმით, Hippie-ს ნაკეთობებიდან ყველაზე პოპულარულია მოხატული ჩანთები, რომლებზე შესრულებული ნახატებიც თითქმის ყველა თემას მოიცავს. ჩანთები საქართველოში იკერება. სტარტაპერები თავად არჩევენ დიზაინს და ხატავენ. ასევე მოთხოვნადია ნამდვილი მცენარეებისგან დამზადებული სამკაულები. ლალიკო და დემეტრე მცენარეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აგროვებენ.
"Hippie-ს ერთ-ერთი დანიშნულება თავიდანვე იყო საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა და საინტერესო ადგილების გაცნობა მათთვის, ვინც თავად მოგზაურობას ვერ ახერხებს ან უნდა წასვლა და არ იცის სად წავიდეს. მოხატულმა ავტობუსმა უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, გვემოგზაურა საქართველოში, აღმოგვეჩინა ახალი ადგილები და ამით მეტად პოპულარული გაგვეხადა საქართველოს ქალაქები და კუთხეები.
Hippie მოგზაურობისას ახორციელებს პროექტს "ატარე შენი საქართველო". სხვადასხვა კუთხეებში ყოფნისას ჩვენ ვკრეფთ მდელოებზე ამოსულ მცენარეებს, მათი გამოყენებით ვამზადებთ სამკაულებს, შეფუთვას ფონად ვურთავთ კონკრეტულ კუთხეში გადაღებულ ფოტოს და ამგვარი სახით ვაწვდით იმ ადამიანებს, ვისაც სურს საკუთარ კუთხეში ამოსული ყვავილი სულ გულთან ახლოს ატაროს," - ამბობს ლალი.
შეთავაზებული პროდუქციის უნიკალურობიდან გამომდინარე, Hippie ძალიან მალე გახდა პოპულარული. სტარტაპერებმა მაღაზიაც გახსნეს, რაც მათთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა.
"მაღაზიის გახნის პროცესში უნდა გაგვეთვალისწინებინა ადგილი, დრო, ხარჯები და სხვა ბევრი ფაქტორი, რისი გათვლაც დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა," - დაამატა ლალი თვალიაშვილმა.
სამომავლოდ ფილიალების გახსნას სხვადასხვა ქალაქში გეგმავენ. სტარტაპერებს პროდუქციის საზღვარგარეთ გაყიდვაც სურთ. ცოტა ხნის წინ Hippie-მ მომხმარებელს ფერადი და ყვავილებიანი ტანსაცმელიც შესთავაზა, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. ლალი თვალიაშვილის თქმით, ტანსაცმლის დამზადებას მომავალშიც აპირებენ. რაც უფრო პოპულარული ხდება Hippie, მით უფრო მრავალფეროვანი ხდება მათი შეთავაზებები.
სტარტაპი ამჟამად "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერის" მონაწილეა და პროგრამის არაფინანსური სერვისით, მედია და პიარმხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობს.
#სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოები: Advan/ედვენი
ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE