დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინა, ანი მურადელი ქალთა მეხუთე დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა. პროკურატურა ასევე ითხოვდა ანი მურადელის წინააღმდეგ აღძრულ განზრახ მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და ეს შუამდგომლობაც დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილებამდე სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მივიდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბალერინას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედება. დადგენილია, რომ შეურაცხად მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა დანაშაული.
შეგახსენებთ, შემზარავი ტრაგედია 20 მაისს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დატრიალდა. გამოძიების მტკიცებით, მთვრალმა ახალგაზრდა ქალმა 84 წლის დედას, ლამარა მინდორაშვილს შელაპარაკების დროს სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა დაზიანებები, მათ შორის ერთი ჭრილობა სასიკვდილო იყო. სავარაუდოდ, ბრალდებულმა დედას თავში ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც მოხუცი გარდაიცვალა. ისიც ცნობილია, რომ შვილმა თითქმის 24 საათი გარდაცვლილ დედასთან ერთად გაატარა, განგაში მეორე დღეს მოკლულის დამ ატეხა, რადგან ტელეფონს არავინ პასუხობდა. მან პოლიცია და "სასწრაფო" გამოიძახა. კარგა ხანს ბინის კარი არავინ გაუღო, ბოლოს პოლიციამ ბინაში შეაღწია და იქ უმძიმესი სურათი დახვდა. ოთახი არეული იყო, იქვე ესვენა მოხუცის ცხედარი, სახლში იყო ბალერინაც.
ანი მურადელი 15 წელი სცენაზე იდგა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. თავიდანვე ბრალდებულის მეგობრები გამორიცხავდნენ განზრახ მკვლელობას, ყველა საუბრობდა დედა-შვილის კონფლიქტებზე. დაძაბულ მდგომარეობაზე საუბრობს მათი ოჯახის უახლოესი წევრიც - ანის ნათესავი,
დედის მხრიდან:
- მე და ანი ერთად გავიზარდეთ. გული მიკვდება, ამ ტრაგედიაზე რომ მიწევს საუბარი. ანის დედა ძალზე მძიმე ხასიათის მკაცრი და უკარება ქალი იყო. თუ ვინმეს ჰკითხავთ, ყველა გეტყვით, რომ მისი მოფერება არავის უნახავს. უბრალოდ, ასეთი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილი არ უყვარდა. პირიქით, ძალიან უხაროდა შვილის წარმატება, მის ყოველ სპექტაკლს ესწრებოდა. ყველანაირად ხელს უწყობდა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ არასდროს შეაქებდა, ხალხში კი სულ ამაყობდა თავისი ანით, სულ მის წარმატებებზე საუბრობდა. მეც ზურგს უკან მაქებდა, ამას სხვებისგან ვიგებდი. რაც შეეხება ანის, ის ნაშვილები იყო. 47 წლის იყო დედამისი, ორი წლის ანი მინსკის ბავშვთა სახლიდან რომ წამოიყვანა. ყველასთან ამბობდა, რომ მისი ღვიძლი შვილი იყო და იქ გააჩინა. ასე იცოდა ანიმაც. ოჯახში ეს საკითხი არასოდეს განხილულა. ისიც მართალია, რომ ანის მამა განსაკუთრებულად უყვარდა. ორივე ხელოვანები იყვნენ და ერთმანეთს კარგად უგებდნენ. დედამისს, რაც ასაკში შედიოდა, სულ ეკითხებოდნენ, ასეთი ახალგაზრდა შვილი როგორ გყავსო? ანიმ სიმართლე რამდენიმე წლის წინ შეიტყო.
- გოგონას ცხოვრება მამის სიკვდილის მერე შეიცვალაო, ასეა?
- მამის სიკვდილამდე ორი თვით ადრე მეუღლეს გაშორდა, ეს ტკივილი არ ჰქონდა განელებული, რომ უცებ მამის გარდაცვალება დაემატა. ამ ტრაგედიიდან დაახლოებით 6 თვეში ფეხი დაიზიანა. სამი უდიდესი ტკივილი ერთმანეთს დაემატა, ვეღარ გაუძლო და ალკოჰოლს მიეძალა. ეს კი ოჯახისთვის დიდი პრობლემა იყო. დედამ და დეიდამისმა 5 თუ 6 სხვადასხვა ნარკოლოგიურში დააწვინეს, დაახლოებით 3 წელიწადი საშინელ მდგომარეობაში იყო. არაფერი დაუკლიათ მისთვის. ღამეებს უთევდნენ, მთელ დღეებს მის გვერდით ატარებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. ერთხელ ფსიქორეაბილიტაციის ცენტრშიც მოხვდა. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინო ანანიაშვილმა უმკურნალა, როცა სვამდა. ეს ტყუილია. თეატრმა გაიღო მისი ფეხის ოპერაციის თანხები სრულად, მაგრამ რაც შეეხება ალკოჰოლდამოკიდებულებას, პირიქით, ამას სულ ვმალავდით და ყველაფერმა ოჯახის კისერზე გადაიარა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე