ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები და დაადგინა, რომ დევნოზაშვილი ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტორეპორტიორებზე ზეწოლას ახორციელებდა.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, დავით დევნოზაშვილს სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძეც და სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. როგორც მან ჟურნალისტებს დავით დევნოზაშვილისა და ალექსანდრე მუხაძისთვის, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე განაჩენის გამოტანის შეფასებისას განუცხადა, ის დარწმუნებული იყო, რომ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები ჰქონდა დევნოზაშვილის წინააღმდეგ.
"გამოძიება დიდი ხანი მუშაობდა. გარკვეული მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და დარწმუნებული ვიყავი, რომ პროკურატურა იქნებოდა მართალი და მტკიცებულებებით გამყარებული, როცა დევნოზაშვილს ბრალი წაუყენა. დარწმუნებული ვარ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება სარწმუნო სააპელაციო სასამართლოსთვის, რათა ჩვენს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით შეიცვალოს", - აღნიშნა ნათია გედენიძემ.
ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ფონზე, ფოტოგრაფებს სააპელაციო სასამართლო უმოკლეს ვადაში გაამართლებს:
"პროკურატურამ საკმაოდ რთული სამუშაო ჩაატარა და შედეგიც სახეზეა. დევნოზაშვილი და ციხის უფროსი, ე.წ. კილერა დამნაშავედ ცნეს. პარალელურად, მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში მეორე პროცესი, სადაც ჩვენ უნდა გვცნონ უდანაშაულოდ და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანონ. მე იმედი მაქვს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი გამამართლებელი განაჩენი მალე დადგეს", - განაცხადა აბდალაძემ.