"როცა რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია" - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ხანგრძლივ გამოსვლაში, თბილისის მერობის კანდიდატმა მისი საფეხბურთო და პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა.
"როდესაც ენერგეტიკის მინისტრად წარმადგინეს, ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა ამ გადაწყვეტილებას. მე არ მეთაკილება ამაზე საუბარი და ღიად ვამბობ, დავიწყე ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ გუნდთან ერთად და შევძელით ის, რაც შევძელით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ თანამშრომელს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო 2011 წელი, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, პოლიტიკაში შემოვსულიყავი. რა თქმა უნდა, არავის სჯეროდა, რომ ჩვენ შევძლებდით სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დამარცხებას არჩევნების გზით. მაშინ ბატონი ბიძინას ირგვლივ გაერთიანდა მთელი საქართველო და ჩვენ ეს მოვახერხეთ.
...მინდა გავიხსენო ჩემთვის სენსიტიური მომენტი: როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი და მინდოდა გამოვსულიყავი მაგარი ფეხბურთელი და მეთამაშა მაგარ გუნდში. ერთ დღეს მითხრეს, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, მითხრეს წავსულიყავი სახლში. ეს სიტყვები ძალიან მძიმე იყო, ატირებული, ცრემლიანი დავბრუნდი სახლში, თუმცა თავი არ დამიხრია და მინდა გითხრათ, რომ როცა რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ენერგეტიკის დარგში, არის იმ დაუღალავი შრომის და ერთობის შედეგი, რაც ამ წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის დარგში", - განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს თანადგომისთვის.
"მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილს, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რამდენად რთული იყო, რა სიძნელეები იყო. ყოველთვის იყო პრობლემები, ყოველთვის იყვნენ მოწინააღმდეგეები, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, თუმცა ჩვენ ერთად დგომით, ერთსულოვნებით გადავტეხეთ ეს ყველაფერი და შედეგები სახეზეა", - დასძინა კალაძემ.