სოფელ ქვეშის განაპირას დაკავებული კობა ხუბულაშვილი ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან 2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
კობა ხუბულაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
"არანაირი ე.წ. საზღვარი არ გადამიკვეთავს. საკუთარ ბაღში ვიყავი, როდესაც ერთ-ერთი შეიარაღებული ზურგიდან მომეპარა, მალე მეორეც გამოჩნდა და იარაღის მუქარით წამიყვანეს ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით. იძულებით გადამიყვანეს მავთულხლართების იქით, საიდანაც ოკუპირებული ტერიტორია იწყება და შემდგომ სურათები გადამიღეს თითქოს ე.წ. საზღვარი თავად გადავკვეთე. აღნიშნულმა ე.წ. მესაზღვრეებმა დამხმარე ძალაც გამოიძახეს. "კამაზის" მარკის სამხედრო ავტომანქანით 4 ფორმიანი მოვიდა და ჯერ სოფელ არცევში მდებარე სამხედრო ბაზაზე გადამიყვანეს, სადაც დამკითხეს, შემდეგ კი ცხინვალის მილიციის იზოლატორში. მოთხოვნილი 2000 რუსული რუბლი ჩემმა ახლობლებმა გადაიხადეს, რის შედეგადაც გამათავისუფლეს", - განაცხადა კობა ხუბულაშვილმა.
მისივე განცხადებით, სამხედრო ბაზაზე და მილიციის იზოლატორში დაკითხვებისას მის მიმართ რაიმე ტიპის ზეწოლა არ განხორციელებულა.