შოთა პაკელიანის მხარდასაჭერად ისან-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" და პაკელიანის ოჯახის წევრებისა და მეგობრების ორგანიზებით ტარდება.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ორი სამართალდამცველის, გურამ კასრაძისა და ირაკლი ქიტოშვილის დაკავებას. მათი თქმით, სწორედ ამ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელდა პაკელიანის მიმართ სასტიკი მოპყრობა და მათ სასტიკად სცემეს აღნიშნული მოქალაქე.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ასევე, უსაფუძვლოა ის მიზეზი, რის გამოც მოხდა პაკელიანის დაკავება, რადგან პაკელიანს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ გააჩნდა. აქციის მონაწილეების თქმით, პაკელიანის ცემის ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, ამ გამოძიებისგან შედეგს არ მოელიან, რადგან აღნიშნული პირები კვლავ სამართალდამცავ უწყებაში მუშაობენ.
აქციის მონაწილეების თქმით, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, ვიდრე შედეგს არ მიიღებენ და პაკელიანის საქმეზე ობიექტური გამოძიება არ ჩატარდება. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: "არ ჩაუდო", "წამება უნდა დასრულდეს", "დანაშაულის ადგილი არის აქ", "დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები", "პაკელიანით დასრულდეს" და ა. შ.
შოთა პაკელიანი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ოჯახის წევრებისა და პაკელიანის უფლებადამცველების განცხადებით, პაკელიანს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.