დე ფაქტო აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, პირველი ტურისგან დიდად არ განსხვავდება. პროცესმა საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა და მეორე დილისთვის, დარჩენილ 22 ოლქში გამარჯვებული დეპუტატები გამოვლინდნენ... საბოლოო შედეგებით, რაულ ხაჯიმბა დამარცხდა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, - "მათი იმედები ვერ გაამართლა..." თუმცა, პასუხი კითხვაზე, - რას ელიან ანქვაბის გამარჯვებისგან, ჯერჯერობით არ აქვთ... პესიმისტების თქმით კი - "ორი უარესისგან უკეთესი უარესი აირჩიეს..."
ე.წ. მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატებს შორის არის რაულ ლოლუა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი შს მინისტრი და ალექსანდრე ანქვაბის კადრია, რომლის მინისტრად ყოფნის პერიოდში უწყებაში რეფორმები წამოიწყეს, თუმცა, ცხადია, ვერ განხორციელდა და ის გადადგა. არადა, ადგილობრივ მოსახლეობას მაშინ იმედის მომცემად ეჩვენა მისი სიტყვები, რომ "აფხაზეთს უსაფრთხოების თავისი მოდელი სჭირდება"... თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მან ორგანიზაცია "ჩვენი სახლი - აფხაზეთი" დააფუძნა. ის მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთსა და ე.წ აფხაზეთს შორის გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შეთანხმებას და ამბობდა, რომ "საღი აზრის მქონე ადამიანი იქ ჩადებულ პირობებს არ დათანხმდებოდა..."
მთლიანობაში, აფხაზეთის "პარლამენტში" 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძოდა. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა, ხოლო 24 - პოლიტიკურმა პარტიებმა - "აინარი", "ამცახარა", "აფხაზეთის სახალხო ფრონტი" და "აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი" წარადგინეს.
2017 წლის 12 მარტს ჩატარებული არჩევნების შედეგად, 35 საარჩევნო ოლქიდან გამარჯვებული კანდიდატები მხოლოდ 12-ში გამოვლინდნენ. მეორე ტურში კი დანარჩენი 22 ოლქიდან თითოეულში ორ-ორი კანდიდატი მონაწილეობდა.
პირველ ტურში გამარჯვებულებს შორის იყვნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუა და ამჟამინდელი დეპუტატი ალმას ჯოპუა.
ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე მსჯელობასთან ერთად, აფხაზეთში კიდევ ერთი საკითხი იყო ძალზედ მნიშვნელოვანი, - საქართველოს ვიზალიბერალიზაცია...
საქმე ის არის, რომ აფხაზები თავს უძველეს ევროპელებად მიიჩნევენ და საერთოდაც, ამბობენ, რომ "უფრო მეტი ევროპელები არიან, ვიდრე საქართველო..." უბრალოდ, ახლა ევროპა მათ დამოუკიდებლობას არ აღიარებს და მათ იზოლაციას ხელს უწობს, ამიტომაც მის მიმართ უარყოფითი განწყობაა, ხოლო რუსეთის მიმართ, რომელმაც, "მათი დამოუკიდებლობა აღიარა და ლამის მსოფლიოს დაუპირისპირდა", მეტი ნდობა გაუჩნდათ...
აფხაზი ჟურნალისტი ახრა სმირი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტსა და ჟურნალისტ დომინიკ კ. კაგარასთან საუბარში ამბობს, - "ქართველები ყოველთვის ცდილობენ თავი დააღწიონ საკუთარ წარსულს და აღმოსავლეთს. ჯერ ირანის გავლენისგან გაქცევას ცდილობდნენ, ახლა რუსული გავლენის გათავისუფლებისკენ ილტვიან და დასავლეთისკენ ცდილობენ სვლას, რათა საკუთარი შიდა "ირანი" ჩაახშონ... გარკვეულწილად, აფხაზეთი ყოველთვის გაცილებით უფრო მეტად იყო ევროპის ნაწილი, ვიდრე საქართველო".
კაგარასთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია "სოხუმის ახალგაზრდული სახლის" წარმომადგენელი აიდა ლადარიაც გამოთქვამს თავის მოსაზრებას, - "აფხაზეთი ევროპაა... ჩვენ ევროპელები ვართ. მართალია, ბევრი აზიელს გვეძახის, მაგრამ გეოგრაფიულად და მენტალურად უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე აზიელები. ყოველთვის გვქონდა კავშირები ევროპასთან; აფხაზეთი აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა, აქ გენუელებიც იყვნენ. აფხაზეთის ისტორიის გამორჩეულობა სწორედ აზიური და ევროპული ტრადიციების აშკარა თანაარსებობაშია..."
ცნობისთვის, აფხაზური გამოცემები მუდმივად ცდილობენ, ანტიკურ საბერძნეთთან ისტორიული კავშირები იპოვონ და წინ წამოსწიონ... იმავე ჟურნალისტთან საუბარში, წარმოშობით ესტონელი და აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილი ახალგაზრდა ისტორიკოსი ინა კრესტსი საყვედურით ამბობს, რომ თავად ნახა, "ევროპული მიდგომების არასრულყოფილება და სისუსტე აფხაზეთთან მიმართებაში" და მან გამოიწვია იმედგაცრუებაც.
"ისტორიულად, ევროპა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აფხაზეთში. გეოპოლიტიკურად, აფხაზეთი ორი სამყაროს - ევროპისა და აზიის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენს გერბზე გამოსახული ორი ვარსკვლავი ორივე ამ კულტურის ერთობის სიმბოლოა. ბერძნებმა, გენუელმა, ვენეციელმა, მოგვიანებით კი ინგლისელმა, ფრანგმა და გერმანელმა მოგზაურებმა თავიანთი გავლენა მოახდინეს აფხაზეთზე... ძველ დროს, აბაზგების სახელით ცნობილი ხალხი ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ერთი ვერსიის თანახმად, ბასკები, რომლებიც ასევე იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, გადასახლებული აბაზგების შთამომავლები არიან", - ამბობს ისტორიკოსი, რომლის თქმითაც, მსოფლიოში აფხაზეთზე უფრო პატარა სახელმწიფოებიც არსებობენ და რატომ აქვთ მათ არსებობის უფლება და "აფხაზეთს" - არა?!
ეს მოსაზრებები აშკარად მიანიშნებს, რომ წყენის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში ევროპის მიმართ ცხოველი ინტერესია, მეტიც, ისინი თავს ევროპის ნაწილად თვლიან, თუმცა, დანარჩენი საქართველოს გარეშე და ფარულად ოცნებობენ ეროპასთან ინტეგრაციაზე, რადგან უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, გარკვეულ ნაწილს ევროპული სიკეთეები კარგად აქვს გააზრებული... სხვა საკითხია, რამდენად ახდენადია მათი ოცნება რუსეთთან დაახლოების ფონზე. კიდევ ერთი, ჯერჯერობთ არც იმის ილუზია აქვთ, რომ ახლად არჩეული გუნდი მათ ევროპისკენ დამოუკიდებლად გასვლის შანსს მისცემს. ოკუპირებულ აფხაზეთში ესმით, რომ იქ ჯერჯერობით კორუფცია, კრიმინალი და მისი თანხმლები სოციალური პრობლემები აქვთ დასამარცხებელი...
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE