ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გასული პოლიტიკური ლიდერები პოლიტიკურ საქმიანობას პარტია "ევროპულ საქართველოში" გააგრძელებენ. აღნიშნულ პარტიას შესაძლოა შეეცვალოს სახელწოდება, მასში სხვა ტიპის ცვლილებებიც განხორციელდება. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ისინი მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას აღნიშნული პარტიის ბაზაზე გააგრძელებენ.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, პოლიტიკური საქმიანობისთვის "ევროპული საქართველოს" პლატფორმას აუცილებლად გამოიყენებენ, ხოლო ყველა სხვა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ანალოგიურ განმარტებებს აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობიდან გასული სხვა ლიდერები.
"ევროპული საქართველო" იმ საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში შედის, რომელიც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მისი თავმჯდომარე გიგი წერეთლის მამა, ნუგზარ წერეთელია.
რაც შეეხება ახალი პარტიის თავმჯდომარეს, გიგი უგულავა ამ პოსტზე მხარს დავით ბაქრაძეს უჭერს. "თავმჯდომარეს აირჩევს ყრილობა, მე პირადად მხარს დავით ბაქრაძეს ვუჭერ", - განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება ცნობილ სახეებს, რომლებიც ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან და "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს, ესენი არიან:
გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.