29 ნოემბერს კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნამ, ბრაზილიური საფეხბურთო კლუბ "შაპეკოენსეს" მოთამაშეები იმსხვერპლა. ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ შეხვედრაზე მიემართებოდნენ. ავიალაინერის ბორტზე, რომელიც ბოლო ვერსიით, საწვავის უკმარისობის გამო ჩამოვარდა, 81 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის "შაპეკოენსეს" მოთამაშეები, გუნდის მწვრთნელები და ხელმძღვანელი პირები, ჟურნალისტები. თვითმფრინავის ფრაგმენტებში მაშველებმა 6 ცოცხალ მგზავრს მიაგნეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიო სპორტის ისტორიაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საავიაციო კატასტროფაში სპორტული გუნდი, პრაქტიკულად, მთლიანად იღუპება.
საფეხბურთო კლუბი "ტორინო", 1949 წლის 4 მაისი
იმ დროის ტურინის "ტორინო" იტალიის ყველაზე ძლიერ საფეხბურთო კლუბად ითვლებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გუნდმა ეროვნული ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ მოიგო. იმ საბედისწერო დღეს ტურინელები ლისაბონიდან (პორტუგალია) ბრუნდებოდნენ, სადაც ადგილობრივ "ბენფიკასთან" ამხანაგური მატჩი გამართეს. FIAT G-121CP-ის ბორტზე 18 ფეხბურთელი, კლუბის ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. სულ 31 ადამიანი. ძლიერი ნისლისა და პილოტის შეცდომის გამო, თვითმფრინავი შენობას დაეჯახა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. კატასტროფას მხოლოდ ერთი ფეხბურთელი - ლაურო ტომა გადაურჩა, რომელიც პორტუგალიაში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა.
საფეხბურთო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი", 1958 წლის 6 თებერვალი
ბრიტანული "მანჩესტერ იუნაიტედი" იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადიდან ბრუნდებოდა. მიუნხენში თვითმფრინავი საწვავის მარაგის შევსებისთვის დაეშვა. ტექნიკური გაუმართაობის, უამინდობისა და ძლიერი თოვლის გამო, მიუნხენიდან აფრენის ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ერთხანს რეისის გადადებასაც ფიქრობდნენ, მაგრამ პილოტმა გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ ეცადა. ეს გადაწყვეტილება საბედისწერო აღმოჩნდა.
თვითმფრინავმა ვერ შეძლო აფრენა. ის ასაფრენ ბილიკს გასცდა და ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ანგარს დაეჯახა, რომელშიც საწვავით სავსე სატვირთო მანქანა იდგა. ძლიერმა აფეთქებამ და ხანძარმა ბორტზე მყოფი 44 ადამიანიდან 21 იმსხვერპლა.
ურუგვაის რაგბის ნაკრები, 1972 წლის 13 ოქტომბერი
ეს ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი კატასტროფაა. იმ დღეს თვითმფრინავი, რომელშიც ეკიპაჟის 5 წევრი და 40 მგზავრი (რაგბისტები, მწვრთნელები, ნათესავები) იმყოფებოდნენ, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიფრინავდა. ანდების თავზე, ძლიერ ციკლონში მოხვედრილმა თვითმფრინავმა მთის მწვერვალს კუდი გამოსდო. უშუალოდ ჩამოვარდნისას 12 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 6 - მეორე დღეს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. დანარჩენი 27 ადამიანი 3 600 მ სიმაღლეზე თოვლში და უმკაცრეს კლიმატურ პირობებში აღმოჩნდა. მათ არც საკვები და არც თბილი ტანსაცმელი ჰქონდათ. შიმშილმა გადარჩენილები უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანა - ცოცხლებმა დაღუპულების ხორცის ჭამა დაიწყეს.
12 დეკემბერს სამმა ადამიანმა ანდების გადალახვა შესძლო. დაბლობში ჩამოსულებმა ჩილელ მწყემსს მიაგნეს. ავიაკატასტროფაში გადარჩენილების შესახებ პოლიციას სწორედ მან აუწყა. მთებში ჩარჩენილი ხალხი 72 დღიანი ლოდინის შემდეგ, შვეულმფრენებით გადაარჩინეს.
საფეხბურთო კლუბი "პახტაკორი", 1979 წლის 11 აგვისტო
იმ საბედისწერო დღეს ტაშკენტის საფეხბურთო კლუბი "პახტაკორი" მინსკში მიფრინავდა, სადაც სსრკ-ს ჩემპიონატის ფარგლებში ადგილობრივ "დინამოს" უნდა შეხვედროდა. დისპეჩერის შეცდომის გამო, უკრაინის ქალაქ დნეპროდზერჟინსკის თავზე ერთმანეთს ორი Ту-134 შეეჯახა. კატასტროფის შედეგად ორივე ავიალაინერზე მყოფი 178 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის "პახტაკორის" 17 მოთამაშე.
გამოძიებამ მომხდარში ბრალი დისპეჩერებს დასდო. ორ მათგანს 15-15 წელი მიუსაჯეს. ტრაგედიის გამო "პახტაკორში" სსრკ-ს სხვა კლუბებიდან მოხალისე მოთამაშეები გადავიდნენ - თითო კაცი საბჭოთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 15 კლუბიდან.
ხოკეის კლუბი "ლოკომოტივი", 2011 წლის 7 სექტემბერი
თვითმფრინავი, რომლითაც "ლოკომოტივის" ხოკეისტები მინსკში მორიგ თამაშზე მიფრინავდნენ, პრაქტიკულად, აფრენისთანავე ჩამოვარდა. Як-42Д რეისს იაროსლავლის აეროპორტიდან ასრულებდა. მის ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 37 მგზავრი იმყოფებოდნენ. ავიალაინერმა ვერ შეძლო სიმაღლის აკრეფა, რადიოგადამცემის ანძას შეეჯახა და იქვე არსებულ მდინარეში ჩავარდა. უშუალოდ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი მხოლოდ 2 ადამიანი გადაურჩა. შემდგომ ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE