ერაყის ქალაქ მოსულთან სამხედროებმა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. როგორც დასავლური პრესა წერს, დასახლებულ პუნქტ ჰამამ ალ-ალილში 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ყველა მათგანი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" სიკვდილით დასაჯეს. სავარაუდოდ, დაღუპულები სამოქალაქო პირები იყვნენ.
ერაყელი სამხედროების ცნობით, ჰამამ ალ-ალილში "ისლამური სახელმწიფოს" ციხე მდებარეობდა. აღნიშნულ დასახლებულ პუნქტზე არმიამ კონტროლი გუშინ დაამყარა. ჰამამ ალ-ალილი მოსულიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
გასულ კვირას გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარიატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბოევიკებმა" მოსულის რამდენიმე ასეული მცხოვრები სიკვდილით დასაჯეს.