"სტარტი" - ეს არის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ბავშვთა კონკურს-ფესტივალი, რომელსაც თბილისი 22-26 სექტემბერს უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი კონკურსანტები. კონკურსზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური, ინსტრუმენტალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ფესტივალის ორგანიზატორია ა.ა.ი.პ. "სტარტფესტი", კონკურსი კი მერიის კულტურული ღონისძებების ცენტრის პატრონაჟით ტარდება.
თორნიკე კაკუშაძე, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი:
- ეს არის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ბავშვთა კონკურს-ფესტივალი, რომელიც ძალიან კარგ საშუალებას აძლევს დამწყებ მომღერლებს, მოცეკვავეებსა და ხელოვანებს გამოსცადონ საკუთარი თავი, მიიღონ პროფესიული გამოცდილება, დადგნენ სცენაზე, მიიღონ რჩევები და შეფასებები პრფესიონალი სართაშორისო ჟიურისაგან, გზა გაიკვლიონ საერთაშორისო არენაზე და მოიპოვონ აღიარება.
- როგორია მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი?
- მონაწილეობის მიღება შეუძლია 6-დან 16 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს, რომელიც თვლის, რომ შეუძლია სიმღერა, ცეკვა, სხვადასხვა ინსტრუმენტალური ნომრის შესრულება და ა.შ.
- რომელი ქვეყნებიდან იქნებიან უცხოელი კონკურსანტები?
- ამ ეტაპზე უკვე ველოდებით სტუმრებს იტალიიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან. და გარდა ამისა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც.
- რომელ კატეგორიებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ მათ და ვინ იქნებიან ჟიურის წევრები?
- რაც შეეხება პრიზებს, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გავცემთ ძალიან ბევრ პრიზსა და საჩუქარს. გამოვლინდებიან ისეთ ნომინაციებში გამარჯვებულები, როგორიც არის მაგალითად საუკეთესო ვოკალი, ჟიურის სიმპატია, პერფომანსი და ა.შ. ასევე დასახელდებიან I, II და III ადგლის მფლობელები სხვადასხვა ასაკის კატეგორიებში როგორც სიმღერაში, ისე ცეკვასა და ინსტრუმენტალურ ნომრებში. და რაც მთავარია, დასახელდება გრამპრის მფლობელი. ყველა კონკურსანტს გადაეცემა დიპლომი და მედალი, გამარჯვებულებს კი დიპლომებსა და მედლებთან ერთად გადაეცემათ თასები და ჩვენი მეგობარი კომპანიებისგანს სხვადასხვა საჩუქერები. გამარჯებულებს გამოავლენენ კომპეტენტური ჟიურის წევრები, რომლებიც იქნებიან მოყვეული სხვადასხვა ქვეყნებიდან, მუსიკოსები, პროფესორები, მსგავსი ფესტივალის ორგანიზატორები სხვა ქვენებში და ა.შ. ყველა მონაწილე ქვეყანას ეყოლება ერთი წარმომდგენელი ჟიურის წევრი.
- რა ეტაპები უნდა გაიარონ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა და როგორ მოხდება მათი რეგისტრაცია?
- რეგისტრაციისთვის მსურველმა უნდა გამოგზავნოს შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც ჩვენს საიტზე დევს (www.startfest.ge), და აქვე შეუძლიათ მოიძიონ დეტალური წესები და რეგულაციები ფესტივალის შესახებ. უბრალოდ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ წელს მონაწილე კონკურსანტების რაოდენობა შეზღუდული გვაქვს, ამიტომ მსურველებმა უნდა იჩქარონ რეგისტრაცია.
- რა იგეგმება და როგორი იქნება ფესტივალის პირველი საკონკურსო დღეები და გალა-კონცერტი?
- ფესტივალის დღეებია 23, 24 და 25 სექტემბერი. ამ დღეების განმავლობაში დაგეგმილია ძალიან ბევრი აქტივობა და ღონისძიება, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მონაწილეებს გაიჩინონ ახალი უცხოელი მეგობრები, დაუხლოვდნენ მათ და ა.შ. გარდა ამისა, იქნება ორი საკონკურსო ტური და დასკვნითი გალა-კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ გამარჯვებული კონკურსანტები და ასევე ცნობილი ქართველი შემსრულებლები. აღსანიშნავია ისიც რომ გალა-კონცერტს ექნება საქველმოქმედო ხასიათი და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას.
- სად გაიმართება კონცერტები და სად შეძლებს მაყურებელი მასზე დასასწრები ბილეთების შეძენას?
- კონცერტი და საკონკურსო ტურები ჩატარდება თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. პირველ და მეორე საკონკურსო ტურებზე დასწრება იქნება თავისუფალი, სადაც მხოლოდ კონკურსანტები გამოვლენ და ჟიურის წევრები შეაფასებენ. რაც შეეხება გალა-კონცერტს, ბილეთები გაიყიდება თეატრის სალაროში.
- არის თუ არა ეს ფესტივალი ერთჯერადი პროექტი და თუ იგეგმება მისი მომავალში გაგრძელება?
- ამ ფესტივალის ჩატარებით ჩვენ გავხდებით საზღვარგარეთ მსგავსი ფესტივალების მეგობარი, შევძლებთ იქ ქართველი კონკურსანტების გაგზავნას და საქართველოს სახელით გამოსვლას. შესაბამისად, ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, კონკრეტულად ეს ფესტივალი იქნება ყოველწლიური ისევე, როგორც სხვა უცხოური ანალოგები (რომლებიც უკვე 15-20 წელია ტარდება).
დამატებითი ინფორმაციის მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 555 108 330, ეწვიონ ჩვენს ოფიციალურ facebook-ის გვერდს: www.facebook.com/StartFestOfficial ან ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.startfest.ge