უკრაინის ლუგანსკის ოლქში პრორუს მებრძოლებთან დაპირისპირების შედეგად გუშინ ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პერიოდულად სროლის ხმა მაინც ისმის.
თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა უკრაინის საკითხი მსოფლიო მედიისა და ასევე პოლიტიკის დღის წესრიგში აღარ იკავებს წამყვან ადგილს. გაიყინა თუ არა დონბასის კონფლიქტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინის აღმოსავლეთში, ამის შესახებ ALLNEWS.GE ევროატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის მკვლევარს, გერმანელ პროფესორ ანდრეას უმლანდს ესაუბრა.
- ბოლო პერიოდში უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა საერთაშორისო დონეზე აქტუალობა დაკარგა მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება საბოლოოდ შეიძლება ითქვას, არ შეწყვეტილა. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია უკრაინის კონფლიქტის მივიწყება?
- მაგალითად, ევროკავშირისთვის გაჩნდა უფრო აქტუალური საკითხები, როგორიცაა სირიის კონფლიქტი, მიგრაციის კრიზისი და თურქეთთან ურთიერთობა, - ეს საკითხები ევროპისთვის უფრო გადაუდებელი გახდა, ვინაიდან ეს პრობლემები გავლენას ახდენს მის შიდა პოლიტიკაზე. ამასთან, უკრაინაში ბრძოლები შესუსტდა 2015 წლის ზაფხულის შემდეგ. ვფიქრობ, თუ დონბასში კვლავ დაიძაბება ვითარება და პრორუსული თუ რუსული ძალების ქმედებები უფრო ფართო სახეს მიიღებს, უკრაინის კონფლიქტი კვლავ დადგება მსოფლიოს დღის წესრიგში.
- უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, 2015 წლის თებერვალში რუსეთმა, უკრაინამ, საფრანგეთმა და გერმანიამ მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის მიუხედავად, დონბასში დაპირისპირება ბოლომდე აღმოფხვრილი მაინც არ არის. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ დონბასში სროლა საბოლოოდ შეწყდეს?
- ჩემი აზრით, მინსკის შეთანხმება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს. ჩვენ ნაწილობრივ ვხედავთ, რომ ცეცხლი შეწყდა, თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ კონფლიქტი შესაძლოა, გაიყინა. როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი გაიყინა. ვფიქრობ, კონფლიქტიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება მშვიდობისმყოფელთა მისიის განთავსება დონბასის ტერიტორიაზე, რომელიც გარდამავალ პერიოდში შეასრულებს მისიას, ასევე დონბასის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს დემილიტარიზაციის პროცესს და უსაფრთხოებას ადგილობრივი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. იხილეთ გაგრძელება