"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ქართული ოცნების" წევრებს საყვედურობს. მისი ინფორმაციით, კოალიციის წევრებიდან ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.
ფანჯიკიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ საავადმყოფოში მხოლოდ ნუკრი ქანთარია მივიდა და ესეც იმიტომ, რომ "სპეციალური განცხადება გაეკეთებინა".
"ოცნების წევრებიდან საავადმყოფოსთან არ მოსულა არავინ, არცერთი ყოფილი კოლეგა არ დაინტერესებულა გადარჩებოდა თუ არა ბუკა. უცაბედად და ერთადერთი მოვიდა ნუკრი ქანთარია. ვიფიქრე, ალბათ ადამიანის ნატამალია მასში გადარჩენილითქო. თურმე სპეციალური განცხადებით მოსულა, ჟურნალისტებისთვის საავადმყოფოს ხედთან ასვეტილს რომ განეცხადებინა, რადგან ფეხებში ესროლეს, ამით ბევრი რამ არის ცხადი და გასაგებიო და დაგვტოვა. ხელისუფლებას პირველი წამიდან "გასაგები და ცხადი" ვერსია აქვს ამ მკვლელობის შესახებ და ვინ იცის, გადასინჯვას და გამოძიებასაც არ აპირებენ, რატომ უნდა დაიღალონ, ისედაც იციან თურმე.
ისე, მაინც ცნობისთვის, ბუკას ფეხში მხოლოდ ერთი ჭრილობა აქვს, ორი აქვს მუცლის არეში და თავში ძლიერად აქვს ჩარტყმული ბლაგვი საგანი.
ერთადერთი ადეკვატური ადამიანი არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც მოიკითხა და აზრიანი განცხადება და შეფასება გააკეთა. ნამდვილად განსხვავებული კულტურული და ინტელექტუალური დონე აქვს, ეს ოდნავ მაიმედებს", - წერს ფანჯიკიძე.
ალექსი პეტრიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე იმ დროს დაჭრეს, როდესაც ის ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
ასევე იხილეთ: ალექსი პეტრიაშვილს ბოლო დროს ემუქრებოდნენ... - ვის სახელს უკავშირებენ პოლიტიკოსზე თავდასხმას
ნუკრი ქანთარია - რაღაც ძალიან პირადულს ჰგავს ეს ამბავი