რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მამა მარკეტში ქურდობაში ამხილეს. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება გავრცელდა, რომელშიც ვკითხულობთ: სუპერმარკეტ "ზღაპარში" მომხდარ ქურდობაზე მხილებულია ერთი მამაკაცი დ.თ. გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს". ჩიორა თაქთაქიშვილმა მამასთან დაკავშირებულ ინციდენტზე პირველი კომენტარი "ფეისბუკში" გააკეთა. როგორც ის განმარტავს, მამამისმა პროდუქტების შეძენის დროს შოკოლადის ფილა, რომელიც ხელში არ დაეტია, ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ კი მისი სალაროში გატარება დაავიწყდა.
"ახლა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან, მართლა მოიპარა თუ არა მამაჩემმა სუპერმარკეტიდან სურსათი!!! გესმით რა მარაზმში ვართ??? თავი უნდა იმართლოს 75 წლის კაცმა იმისთვის, რომ არ ქურდობდა სუპერმარკეტში?" - წერს დეპუტატი.
ჩიორა თაქთაქიშვილის მამა "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ტრიპოლსკის მეგობარი აღმოჩნდა:
- როდესაც ეს ინფორმაცია შევიტყვე, მთელი ღამე ნერვიულობაში გავათენე. "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი წარმომადგენლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება საზოგადოებას კარგად მოეხსენება, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკური დაპირისპირება არაფერ შუაშია. დათო თაქთაქიშვილი და მე 8 წლის განმავლობაში რაგბს ერთად ვთამაშობდით. მასაც და მის მეუღლესაც კარგად ვიცნობ - ლალი ჩემი ლექტორიც იყო. ის, რაც სოციალურ ქსელში წავიკითხე, თითქოს თაქთაქიშვილმა შეიძლება ჯიბეში რამე ჩაიდოს და მოიპაროს, ასეთ ცილისწამებას ვერასოდეს შევეგუები. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ და დარწმუნებული ვარ, მსგავს ქმედებას ის არასოდეს იკადრებდა. 75 წლის კაცია და შესაძლოა რაღაც შეეშალა, მაგრამ საზოგადოებას ამის გარკვევა არც უცდია.