სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით "მე - მედეა" საგასტროლოდ ირანში, ფაჯირის 34-ე საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა.
"მე - მედეა" ერთმოქმედებიანი სპექტაკლია, რომელიც ევრიპიდესა და ოვიდიუსის მიხედვით შეიქმნა.
ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი სალომე ჯოგლიძეა. მას თეირანში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ.
- ეს წარმოდგენა თბილისში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ვითამაშეთ. როგორც იცით, ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრები ჩამოდიან და სპექტაკლებს ესწრებიან, - შოუქეისებს ნახულობენ. შოუქეისებიც ამისთვის არის, რომ მოხდეს შემდგომი თანამშრომლობის განვითარება. მოკლედ, ნახეს და საერთაშორისო ფესტივალისთვის შეარჩიეს, რომელიც თეირანში იმართება.
- ვინ შეარჩია?
- საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის ხელმძღვანელებმა. გვითხრეს, სიამოვნებით მიგიწვევდით ჩვენთან, თუ თანახმები იქნებითო, დავთანხმდით და ეს ყველაფრი იმით დასრულდა, რომ ფესტივალზე მივემგზავრებით.
- რამდენ ხანს გრძელდება ფესტივალი?
- 2 კვირა გრძელდება, მაგრამ მთელი პერიოდის მანძილზე იქ არ მოგვიწევს ყოფნა. 23 იანვარს ჩავალთ, 25-ში 2-ჯერ ვითამაშებთ და 26-ში საღამოს დავბრუნდებით.
- რომ გაიმარჯვოთ?
- 1-ელში არის დახურვა და დაჯილდოება. თუ რაიმეს დავიმსახურებთ, შეგვატყობინებენ.
- ეს სპექტაკლი როდის დადგით?
- 2014 წლის ზაფხულში, მაგრამ ამ წარმოდგენას ისეთი ბედი ერგო, რომ ხშირად ვერ ვთამაშობთ. იცით, რომ სოხუმის თეატრს არ აქვს თავისი სცენა, დასი სპექტაკლებს ახმეტელის თეატრში მართავს, მაგრამ ეს სპექტაკლი გათვლილია სხვანაირი სცენისთვის, სადაც მაყურებელი ნახევარწრეზე ზის, ანუ პარტერი და სცენა ერთ სიბრტყეზეა. ასეთი სივრცე "ახმეტელში" არ არის. თავიდან "თუმანიშვილის" მცირე სცენაზე წარმოვადგინეთ, შემდეგ "მარჯანიშვილში", უშანგი ჩხეიძის სახელობის სარეპეტიციოში, სადაც ირანის ფესტივალის ხელმძღვანელებმა ნახეს კიდეც ჩვენი ნამუშევარი. მოკლედ, პრობლემა ის არის, რომ სისტემატურად ვერ ვთამაშობთ.
- როგორც ვიცი, სულ სამი პერსონაჟია სცენაზე.
- კი, ეს არის სპექტაკლის არაკლასიკური გააზრება, - ქალისგან მოყოლილი ამბავი და სცენაზე 2 მედეა. ერთი - ახალგაზრდა, რომელიც კოლხეთშია, მეორე - უკვე ტრაგედიის ბოლოს, მედეა - კორინთოსში. არის კიდევ მესამე პერსონაჟი - ძიძა. მოკლედ, აქ არის ოვიდეუსისა და ევრიპიდეს ტექსტები, შეერთებული და ახალ ინსცენირებად ქცეული, - ყველაფრი მარადიულია და დროის გარდა არაფერი იცვლება. ამბავი გადმოტანილია ტრაგედიიდან დრამაში. მოქმედება სამზარეულოში ხდება და ამ შემთხვევაში, მთავარი პერსონაჟია მედეა კორინთოში, რომელიც ცდილობს, გაარკვიოს, რა მოხდა და რატომ. ტრაგედიის მიზეზებს თავის თავსა და წარსულში ეძებს.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE