"ქუჩა იქცა ჩემს თავშესაფრად დიდი ხანია. ამის აღიარება ძალიან მიჭირს, მაგრამ უკვე ისე "გაგიშინაურდით", რომ გულის გადაშლა მომანდომეთ. ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერ ქუჩას ხომ ცხოვრების გზამდე მივყავართ და სიმბოლურია, ახლა "გზას" რომ შევჩივლებ ჩემს გასაჭირს. ჩემი მონათხრობი ჭკუის სასწავლებლად არავის გამოადგება. შეიძლება, ბევრს არ მოეწონოს კიდეც ჩემი გულახდილობა, მაგრამ ვიცი, ოდესმე ცხოვრება ერთ შანსს მეც მომცემს და ფეხზე წამოვდგები, მერე კი აუცილებლად გაგიმხელთ "წელის მომაგრების" მეთოდსაც. ახლა კი შეგიძლიათ, გამლანძღოთ ან უბრალოდ, ჩემი გულისტკივილი გაიზიაროთ. დიახ, მე "ქუჩის ქალი" ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დღევანდელი საქმიანობა სულაც არ მეამაყება, ამას მაინც დაუფარავად გეუბნებით თქვენ, ჩემი ოჯახის ხშირ სტუმრებს..." ტკივილით სავსეა 32 წლის ელზას ცხოვრება. უცნაური ბედი ხვდა წილად და მერე, შვილების სარჩენად ის გზა აირჩია, რომელიც რისკითა და ხიფათით არის სავსე. საქმე, რომელიც სულაც არ არის სასიამოვნო, მაგრამ შვილების შიმშილისგან გადასარჩენად ერთადერთ გზად ეს მიიჩნია. ელზას პირადად გაცნობის საშუალება არ მომეცა. მან ჩემთან საუბარი ტელეფონით მოისურვა.
- ძალიან მიხარია, რომ დამიკავშირდით. ახლა მეც ადამიანად ვიგრძენი თავი... ქართლელი ვარ. ულამაზეს რაიონში დავიბადე და გავიზარდე. ბედნიერი ბავშვობა არ მქონია, მაგრამ მაინც იმ წლებს მივტირი, რადგან მაშინ "სუფთა" ვიყავი და ჩემზე აუგს ვერავინ იტყოდა. ახლა ყველას თავს ვარიდებ. არავინ იცის, რას ვსაქმიანობ, მხოლოდ ორი ასევე მეძავი დაქალის გარდა. მაგრამ თავად ხომ ვიცი, რასაც ვაკეთებ თავის გადასარჩენად და ეს საკმარისია საიმისოდ, რომ სინდისი მქენჯნიდეს. მერწმუნეთ, ჩემი ცხოვრება სულაც არ არის ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. ვინც ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ჩემს გალანძღვას მოისურვებს, იმან გაითვალისწინოს - მე მოწოდებით მეძავი არ ვარ.
- რამ გაიძულა, ნების საწინააღმდეგოდ აგერჩია გზა, რომელიც თავადვე გაღიზიანებს?
-15 წლის ვიყავი, როცა ერთი ბიჭი შემიყვარდა. იმასაც მოვწონდი და ბაზრობის დღეს (ჩვენს რაიონში კვირაში ორჯერ ან ერთხელ იყო ბაზრობის დღე) ვხვდებოდით ერთმანეთს. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ასე ვარ, ადამიანს თუ შევეჩვიე, შეიძლება, მის გარეშე თავი ცუდად ვიგრძნო, მიჯაჭვულობა მახასიათებს. კარგი მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ და სწავლით დიდად არ ვიკლავდი თავს, მაგრამ ხელი მერჩის და კარგად ვქსოვ, ვქარგავ. ეს იყო ჩემი გასართობიც და საქმეც. ოჯახის წევრებისთვის თბილ ტანსაცმელს, წინდებს, შარფებს ვქსოვდი. მასაც მოვუქსოვე რამდენჯერმე და თავს იწონებდა შეყვარებულის ნაჩუქარი ქუდი მახურავს ან კაშნე მიკეთიაო. 16 წლისა გავყევი ცოლად. ოჯახის წევრებს ეს ამბავი არ გაუპროტესტებიათ, რადგან მათთვის სულაც არ იყო მნიშვნელოვანი შვილის სწავლა-განათლება. პირიქით, სურდათ, რაც შეიძლება მალე მეპოვა ჩემი ბედი და სადმე დავფუძნებულიყავი. ჩემს რაიონში, ასე მგონია, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისია. ისევ ძველებურად არაფერს ნიშნავს სწავლა-განათლების მიცემა ქალიშვილისთვის, თორემ გვარის გამგრძელებელს, თავს მოიკლავენ და "უმაღლესში" ჩასაბარებლად მაინც შეუწყობენ ხელს... თუმცა, სამდურავი არაფერი მაქვს, სწავლა არც მე მინდოდა. არავის არაფერი დაუძალებია, მიყვარდა და გავყევი ცოლად. 18 წლის ვიყავი, როცა პირველად დავფეხმძიმდი. მუცელი მომეშალა, რადგან არ ვიცოდი, ორსული როგორ უნდა გაფრთხილებოდა თავს. დღეს და ღამეს შრომაში ვასწორებდი, ქმრის გვერდით. თიბვისგანაც არ ვიხევდი უკან... ცოტა ხანში ისევ დავფეხმძიმდი და ისევ დავკარგე ნაყოფი. ექიმთან წამიყვანეს. იმ ქალმა თქვა, რომ ჩემს საშვილოსნოს რაღაც სჭირდა. ის სიტყვა, რაც მან ახსენა, არ მახსოვს, სამაგიეროდ, გონებაში ჩამებეჭდა სიტყვები: "რამდენჯერაც დაორსულდება, იმდენჯერ მოეშლება მუცელი!" მაგრამ მადლობა ღმერთს, ასე არ მოხდა და მესამედ რომ დავფეხმძიმდი, აღარანაირი პრობლემა არ მქონია - 9 თვის თავზე გაჩნდა ჩემი ლელა. 3 წლის შემდეგ ნიკაც დაიბადა. სულ მინდოდა მრავალშვილიანი დედა ვყოფილიყავი, საყვარელი ადამიანის გული გამეხარებინა, მაგრამ გეგმები ჩამეშალა. ნიკა წლინახევრის იყო, ქმარი რომ დავკარგე - ახალგაზრდა კაცს ღვიძლი დაეშალა. ეს ჩემთვის შოკი იყო. მიკვირს, იმ პერიოდში ჭკუიდან როგორ არ შევიშალე. ეტყობა, შვილებმა გადამატანინეს ის მძიმე პერიოდი, მაგრამ ქმრის გარეშე ცხოვრება ჩემთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. მას მერე, რაც შვილი მოუკვდა, ჩემი დედამთილი გაავდა. არც მანამდე იყო ტკბილი ქალი, მაგრამ კლანჭები ამის მერე უფრო გამოაჩინა: შენ ცოცხალი უნდა იყო და ჩემი ანგელოზი მიწაში უნდა იწვეს? მეხი დაგაყარე, როდემდე უნდა გიყუროო?- ყოველ დილით დამჩხაოდა თავზე. ალბათ, შეიძლებოდა მისი მწარე სიტყვების ატანა, მაგრამ უქმრობამ მეც ამიწეწა ნერვები და ვერავის ვერაფერს ვუთმენდი. მის ყოველ წყევლას ჩემგანაც მოჰყვებოდა ხოლმე აგრესია და გამუდმებით ერთმანეთის გინებაში ვიყავით. ის უფრო მეტად მაღიზიანებდა, ლელას ზედაც რომ არ უყურებდა, მხოლოდ ნიკას ეფერებოდა: ჩემს შვილს ჰგავხარ, ეს თხა გოგო კი დედის ასლიაო. ამას ლელაც ძალიან განიცდიდა. ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის: დედიკო, ბაბოს რა დავუშავე, ასე რომ მექცევაო? ეს ყველაფერი ჩემთვის ორმაგად აუტანელი იყო. ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლებოდა მოხუცის ნათქვამი ამეტანა, მაგრამ მაშინ ეს ვერ შევძელი და ვერც შვილს შთავაგონე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც მისი ბაბოა - მამის დედა, რომელიც უნდა უყვარდეს. ახლა ჩემს შვილებს მამის ნათესავებთან კონტაქტი არ აქვთ და მერწმუნეთ, ამას ძალიან განვიცდი, მაგრამ რა ვქნა, ვაღიარებ, გამწარებულს ცეცხლზე ნავთს რომ მისხამდნენ, ამის ატანა ვერ მოვახერხე და ერთ დღეს ვიფეთქე კიდეც.
- ვიდრე ქმარი გარდაგეცვლებოდათ, დედამთილთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ყოველთვის თავისებური ქალი იყო, გულჩათხრობილი. ოჯახში რძლად რომ მიმიყვანეს, ღიმილი არა და არ მაღირსა მანამდე, ვიდრე ლელა არ გავაჩინე. მერე თითქოს დათბა ურთიერთობა, მაგრამ შვილის გარდაცვალებამ ძალიან შეცვალა... უცნაური ქალი იყო და ქმარი დაჩაჩანაკებული ჰყავდა თავისი საქციელით. კაცი სახლიდან ფეხს ვერ გაადგამდა ცოლის დაუკითხავად. თუ მთვრალი დაბრუნდებოდა, ჩემს მტერს, ისეთ ამბავს დააწევდა. ის კაციც მიჯდებოდა კუთხეში და ჩუმად უსმენდა ცოლის ლანძღვა-გინებას. ერთხელ კი გაბრაზდა, იცოცხლე და მაშას წამოავლო ხელი, - ქალო, რაებს ლაპარაკობ, ახლა თავს გაგიხეთქავო. მაშინ ვნახე პირველად ის ქალი შეშინებული. უკან დაიხია, მაგრამ ბუტბუტი არ შეწყვიტა. იმ დღეს მე გადავარჩინე. ჰო, შევძელი მამამთილის დაწყნარება და იმანაც, შვილიშვილების ხათრით, უკან დაიხია. ამის მერე, ცოტა ხანი ენა მუცელში ჰქონდა ჩავარდნილი, მაგრამ მერე ჩვევას ვერ უმტყუნა და ისევ აყაყანდა. მისი ქმარი კი ძველებურად იტანდა ცოლის ქოთქოთს. არ ვიცი, დღემდე როგორ უძლებს ასეთ ცოლს, მაგრამ ფაქტია, ოჯახი შეინარჩუნეს...
- ანუ ადრე მხოლოდ ქმარს ერჩოდა?