მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პირველი რიგის ამოცანაა, "დაისაჯონ ის ბინძური პოლიტიკოსები, რომლებიც პატიმრების გათავისუფლებით ცდილობდა ფული ეშოვა".
ამასთან, ელისაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას "უსირცხვილო" და "ლაჩარი" უწოდა.
აღნიშნულ კონტექსტში შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ და საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ მის "მეორე ამოცანას" გულგრილობის ფაქტზე ბადაშვილისა და გოგაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება წარმოადგენს.
"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ეხება "ქართული ოცნების" გავლენიანი მაღალჩინოსნების მხრიდან ფულის აღებას პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, პირადად მივაწოდე გიორგი გოგაძეს და გიორგი ბადაშვილს, თუმცა, გოგაძეს დღეს არ ეყო ვაჟკაცობა, ეს ეღიარებინა. არ ველოდი, რომ მათ არ აღმოაჩნდებოდათ ღირსება, ეს დაედასტურებინათ, თუმცა გოგაძეს რომ ჩემგან ინფორმაციის მიღება ეღიარებინა, მაშინ მეორე გამოძიება უნდა დაწყებულიყო გულგრილობის ფაქტზე, რაც მათ რეალურად გამოავლინეს. აქედან გამომდინარე, გოგაძემ არ აღიარა ეს. ბატონი გოგაძე ძალიან სამარცხვინო პერსონაჟი აღმოჩნდა", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ტიპის ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურის მაღალჩინოსნებს ინფორმაცია სხვა პირებმაც მიაწოდეს.
"გოგაძე რეალურად არ არის პროკურორი, როგორიც ქვეყანას საჭირდება. ეს არის სამარცხვინო ადამიანი. პირველ რიგში, უნდა დაისაჯონ პოლიტიკოსები, რომლებიც ფულის აღებით ცდილობდნენ პატიმრების გათავისუფლებას, მეორე რიგის ამოცანა კი არის ის, რომ რადგან გოგაძე ასეთი უსირცხვილო და ლაჩარია, მისი და ბადაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება გულგრილობის ფაქტზე", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება გიორგი გოგაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, ელისაშვილი ადასტურებს, რომ პროკურატურაში ერთ-ერთი სკოლის დირექტორს მიყვა, თუმცა მისი თქმით, ამის შემდეგ ის ბადაშვილს შეხვდა.
"161-ე სკოლის დირექტორის, ლონდა მებურიშვილის მეუღლეს და ვაჟიშვილს გამოვყევი ვაკე-საბურთალოს პროკურორთან შესახვედრად და ასეთი რამ მანამდეც გამიკეთებია. თავად მე ამ სკოლაში არ ვსწავლობდი და ეს ადამიანი არის ჩემი ამომრჩეველი. ეს ოჯახი დაზარალდა თაღლითობის შედეგად და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჰქონდათ განცდა, რომ მათი საქმის გამოძიებას პროკურატურა აფერხებდა. ვაკე-საბურთალოს პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჩამოვიდა გოგაძე და მითხრა, რომ გიორგი ბადაშვილს ჩემთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სურდა. ეს შეხვედრა შედგა ბადაშვილის კაბინეტში და სავარაუდოდ, ამის ვიდეოჩანაწერებიც იარსებებს. ბადაშვილს ვკითხე, იცოდა თუ არა ამ ფაქტების შესახებ, რაზეც მითხრა, არ ვიციო. შემდეგ ამ უსირცხვილო გოგაძეს და ბადაშვილს თავიდან ბოლომდე მოვუყევი ყველა დეტალი. ბოლომდე მივიყვან ამ ბინძური პოლიტიკოსების საქმეებსაც და გოგაძისა და ბადაშვილის საქმეებსაც. ვისურვებდი, რომ გოგაძეს ვაჟკაცობა და პატიოსნება ჰქონოდა და ეღიარებინა რაც იყო და როგორც იყო. ასეთი სამარცხვინო პროკურორები გვყავს დღეს", - განაცხადა ელისაშვილმა.
უშუალოდ დაკითხვის შესახებ კი, შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გამომძიებელს მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.
"მე გამომძიებელს ვუთხარი ამ პოლიტიკოსების გვარები. ზვიად ქორიძეც დაიკითხება ამ საქმეზე, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც, ასევე ეს პოლიტიკოსებიც. მე ვფიქრობ, რომ უნდა დაიკითხოს პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და კიდევ სხვები", - აღნიშნა ელისაშვილმა.
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.
გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.