რეჟისორი და მსახიობი თემურ ბაბლუანი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში როგორც თავისი ფილმებით, ისე შესრულებული როლებით. თუმცა, ის არცთუ ხშირად გვათამამებს ინტერვიუებით. მიხარია, რომ ჩვენი ინტერვიუ შედგა...
- სვანეთში, ლენტეხის რაიონში დავიბადე. პირველად კინო იქ ვნახე, მთაში. კალოზე გაშალეს... თეთრი ზეწარი ჩამოკიდეს და ელოდებოდნენ დაღამებას. ახლაც მახსოვს, ეკრანზე ქალაქური სახლები მოჩანდა, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა, მერე გამოჩნდა ქალი, რომელიც ძაღლს ეფერებოდა. ჩემთვის ამის ნახვა სასწაული იყო.
- რეჟისორობაც მაშინ გადაწყვიტეთ?
- მაშინ არ მქონია ეს სურვილი... მოხდა ისე, რომ რეზო ჩხეიძემ გადამიღო "ღიმილის ბიჭებში". მაშინ 17 წლის ვიყავი. იქ ვისწავლე ყველაფერი, თვალს ვადევნებდი, როგორ იღებდა ფილმს რეზო ჩხეიძე... ამის შემდეგ ჯერ იურიდიულზე ჩავაბარე, მერე თავი დავანებე, შემდეგ კიდევ ორ ინსტიტუტში ვსწავლობდი და ისიც მივატოვე - ინტერესს ვკარგავდი.
- თეატრალურ ინსტიტუტში როგორ აღმოჩნდით?
- ტრავმა მივიღე და საავადმყოფოში ვიწექი. ვფიქრობდი, რომ გავეწერები, ყაზახეთში მეგობართან წავალ-მეთქი. მირეკავდა, საქმე წამოვიწყოთო. ერთ დღეს ჩემმა დამ მითხრა, თეატრალურში სარეჟისორო ფაკულტეტი გახსნეს და იქნებ ჩააბაროო... მაინცდამაინც არ დამიჯდა ჭკუაში, მაგრამ გამოცდაზე მაინც გავედი და ჩავაბარე. სწავლის პერიოდში გადავიღეთ საკურსო, მთავარი პრიზი დავიმსახურე. მერე მოსკოვშიც მომცეს მთავარი პრიზი. თეატრალურში გავიცანი ჩემი მეუღლე და ამის შემდეგ არსად წასვლა არ მინდოდა. დავამთავრე სარეჟისორო და ახლაც ამ საქმეს ვეწევი.
- "უძინართა მზე" თქვენს მამას ეძღვნება.
- მამა ექიმი იყო. სვანეთში მუშაობდა ომის დროს. მაშინ წამლების დეფიციტი იყო და რა საშუალებაც ჰქონდა, იმით მკურნალობდა. ძალიან კარგად იცოდა ხალხური მედიცინა. რომ დავიბადე, ჭლექი შემყრია, მაშინ პენიცილინი არ იყო და ისეთი ბალახეულით მიწამლა, განმკურნა. ჩვენს ხეობაში არაერთი ადამიანი განკურნა.
მამა თავისებური და კეთილი კაცი იყო. არ მახსოვს, ვინმეზე გაბრაზებულიყოს. მე მამაჩემისთანა კარგი კაცი ვერა ვარ. ერთი თანამშრომელი ჰყავდა - მნე, რომელიც სულ უჩიოდა. ერთხელ მოვდივართ და გზად დაინახა ამორღვეული ღობე. მეუბნება, ეს იმ კაცის ღობეა, მოდი, შევუკეთოთო... შევაკეთეთ და მითხრა: ეს კაცი მთელ სოფელს სძულს, შეკეთებულ ღობეს რომ ნახავს, ვერ წარმოიდგენ, რა დღეში ჩავარდება, სულ იმის ფიქრში იქნება, ვინ შეაკეთაო. ვუთხარი, ჭკვიან კაცად არ ჩათვლის ამ ღობის შემკეთებელს-მეთქი. იფიქრებს, ვიღაცამ შეცდომით შეაკეთაო. მახსოვს, ეწყინა, თუმცა არაფერი უთქვამს...