ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში 70 წლის მამაკაცმა მეუღლე სცემა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მეზობლებმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.
როგორც დაზარალებული 66 წლის ნ.ჩ "გურიის მოამბესთან" აცხადებს, მეუღლე ჯ.ჩ მას ბოლო პერიოდში ფიზიკურად უსწორდება.
"ბოლო სამი წელია, ასე ვარ. ვერ ვხედავ და ჯოხის გარეშე ვეღარ დავდივარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ინსულტი მაქვს გადატანილი. სანამ შემეძლო, მეზობლებთან ვიმალებოდი, თუმცა ახლა აღარ შემიძლია და სად დავიმალო? ბოლო დროს დალევა დაიწყო და სულ მეჩხუბებოდა. როგორც კი დათვრება, მაშინვე შეტევაზე გადმოდის და რაც ხელში მოხვდება, ყველაფერს მესვრის. ყოველ საღამოს ნასვამი მოდის სახლში და იძახის, რომ ნაჯახით დამჩეხავს, დამახრჩობს და ჩემს სიკვდილს ვერავინ ვერ გაიგებს. იმ დღეს კი მუშტები სულ სახეში მირტყა, პირიდან და ცხვირიდან სისხლი მდიოდა. მერე კი ყელში წამიჭირა ხელები და მახრჩობდა. მეზობლებს, რომ არ მოესწროთ, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - ამბობს ქალბატონი.
დაზარალებულის თმით, მას საპატრულო პოლიცია სიტუაციის დარეგულირებას დაპირდა.
"მითხრეს, რომ ამას ახლა წავიყვანთ განყოფილებაში და შენ ამაღამ მშვიდად დაიძინეო. მაინც ვერ მოვისვენე და ფანჯრები ჯოხით გადავრაზე. არ გასულა ცოტა ხანი და გავიხედე, არ მომადგა კარებზე? როგორ გაბედე და პოლიციაში როგორ დარეკეო. ისევ პოლიციამ მომიყვანა აგერ ახლობლის სახლში და მას შემდეგ აღარ მოვუკითხივარ არავის", - ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი.