როდესაც გადაწყდა, რომ ავლაბარში, ელიას მთაზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარი უნდა აშენებულიყო, საძირკველი გაითხარა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ ის ადგილი ეკურთხა კიდეც; ჯვარიც დაისვა იმის ნიშნად, რომ იქ წმინდა სამების ტაძარი უნდა აგებულიყო.
მაშინ ყველა მოქმედი ტაძრის წინამძღვარს კურთხევა ჰქონდა, - თავისი მრევლით მისულიყო იმ ჯვართან და წმინდა სამების სახელზე პარაკლისი აღევლინა. იქ ერთხელ მოძღვრთან ერთად, მეც მოვხვდი, რომელმაც მხურვალედ ილოცა. ვესწრებოდი იმ მსახურებას და ვფიქრობდი, - ნეტავ, ახლა მამა რევაზს მართლა სჯერა იმის, რომ აქ გრანდიოზული ტაძარი აშენდება-მეთქი?! ამ ფიქრის საფუძველს კი მძიმე 90-იანი წლები მაძლევდა - საძირკველი ხომ 1995 წელს გაიჭრა...
მაგრამ გავიდა დრო და 2004 წელს იქ სამების გრანდიოზული ტაძრის მშენებლობა დასრულდა.
მოგვიანებით, იმ ჩემი მაშინდელი ეჭვის შესახებ ერთ სასულიერო პირს გავანდე, რომელმაც გაიცინა და ხუმრობით მომიგო: - ეჰ, როგორ გაგიწბილა უფალმა იმედები?..
ახლა სწორედ იმ შეჩერებული წამის შესახებ მინდა მოგითხროთ, რომელზეც სამების ტაძრის საძირკვლის კურთხევაა ასახული. ამ საოცარი ფოტოსურათის ავტორი ჯემალ კასრაძე გახლავთ...
ტაძარი არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით აშენდა... ყველაფერი კი ასე დაიწყო: ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად, თბილისში ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა.
1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით, გამოცხადდა კონკურსი - "წმინდა სამების საკათედრო ტაძრის" პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე ნამუშევარი განიხილეს, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ, არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა, მაგრამ საქართველოში შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა მისი განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. მშენებლობა ძირითადად, კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა.
2004 წლის 23 ნოემბერს კი, გიორგობას, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამების ტაძარი აკურთხა.