საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოდგომიდან გაძვირდება. ცვლილება ძირითადად მიკროავტობუსებს და ტაქსებს შეეხება. დედაქალაქის წამყვან ავტოსადგურებში აცხადებენ, რომ ტარიფის გადახედვას არ გეგმავენ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრებს ტარიფი არ გაუძვირდებათ. შიდასაქალაქო მიკროავტობუსების მძღოლები ირწმუნებიან, რომ მგზავრობა რამდენიმე თვეში გაძვირდება. ჯერჯერობით კი ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი მოთხოვნის კლების გამო მოქმედ ტარიფს შემოდგომამდე შეინარჩუნებენ. ასეთი გადაწყვეტილება მძღოლებმა, როგორც ისინი ამბობენ, გაზისა და თხევადი საწვავის გაძვირების გამო მიიღეს. გარდა ამისა, მოიმატა სათადარიგო ნაწილების ფასმაც, რამაც დამატებითი პრობლემა შექმნა.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერია მათი ახლით ჩანაცვლებას გეგმავს. თბილისის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ავტობუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება, თუმცა კონკრეტულად როდის გამოჩნდება თბილისის ქუჩებში იაპონური ჰიბრიდული ავტობუსები, ამის შესახებ ინფორმაცია არ კონკრეტდება. მერიაში ამბობენ, რომ კომფორტული ავტობუსების შემოყვანის მიუხედავად, მგზავრობის საფასური არ გაძვირდება. განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ყვითელი ავტობუსის მძღოლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ახალი ტრანსპორტის შემოყვანის პარალელურად, მერია მგზავრობის 20 თეთრით გაძვირებას გეგმავს.
ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია მგზავრობის მოსალოდნელ გაძვირებას ლარის გაუფასურებას უკავშირებს. მისი განცხადებით, ტარიფი სექტემბრიდან მოიმატებს. "ლარის გაუფასურებამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მიკვირს კიდეც, რომ ტარიფის შენარჩუნება დღემდე მოახერხეს. ვინც უნდა ისაუბროს, რომ ტრანსპორტი არ გაძვირდება, ცვლილება გარდაუვალია. მოსახლეობას ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის, მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც თვითღირებულებაზე მუშაობენ და ზარალდებიან? მერიას გარკვეული ბერკეტი აქვს, რომ ყვითელი ავტობუსი მომხმარებლისთვის არ გაძვირდეს, მაგრამ კერძო კომპანიებს ვერავინ დაავალდებულებს, რომ ძველი ტარიფით მოემსახურონ ხალხს. ამისთვის მათ ყველა შესაძლებლობა ამოეწურათ", - აცხადებს ალანია.
მისი ვარაუდით, ცვლილება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტარიფზეც აისახება. "ვერ გეტყვით, რა მაჩვენებლით მოიმატებს ტარიფი, ეს დამოკიდებულია როგორც სავალუტო კურსზე, ასევე საწვავისა და გაზის ფასზე. ნაკლებად მაქვს იმედი, რომ შემოდგომიდან ამ მხრივ ვითარება დასტაბილურდება, ასეთ პოზიტიურ ცვლილებას არ ველოდები. მძღოლებს სხვა გამოსავალი არ რჩებათ და იძულებული არიან, ტარიფს გადახედონ. სხვა შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ იმუშავებს. ცხადია, ცვლილება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებითაც იქნება.