როგორც მშობელს, მეც გამიჩნდებოდა უკმაყოფილება, რომ ორი კვირის გამო უნდა დაელოდო ბავშვის სკოლაში შეყვანას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ის საპარლამენტო უმცირესობის წევრ კობა სუბელიანის ინიციატივას გამოეხმაურა.
"თუ თქვენ ხართ გულწრფელი და განიცდით და ნერვიულობთ იმ ბავშვებზე რომელთაც შეუსრულდებათ 6 წელი ორ კვირაში ანუ ოქტომბერში, მე ვიზიარებ თქვენს წუხილს. როგორც მოქალაქე და მშობელი მეც გამიჩნდებოდა კითხვა და უკმაყოფილება, რომ ორი კვირის გამო, რატომ უნდა დაელოდოს მშობელი ბავშვის სკოლაში შეყვანას. სწორედ ამიტომ პარლამენტმა და განათლების სამინისტრომ ერთობლივად უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე. თუ აქ ორ კვირაზეა საუბარი, ვფიქრობ ამ საკითხის გადაჭრა შეიძლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს მიმართა, დაასაბუთოს თავისი საპირისპირო პოზიცია.
პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს უსმენენ.