სულ ცოტა ხნის წინ ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა საკუთარი თავი და ჩვენი ქვეყანა მაღალი მოდის კვირეულზე წარმოაჩინა. 18 წლის მოდელმა ისეთ დიზაინერებთან იმუშავა, როგორებიც არიან დიორი, არმანი, დოლჩე და გაბანა, ელი სააბი, იამამოტო და ა.შ. თაკოს დედა ნინო ცქიტიშვილი გახლავთ, რომელიც საკუთარ სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელობს.
- თაკო ყოველთვის კარგი ზნის ბავშვი იყო. თავიდანვე მაღალი და გამხდარი გახლდათ, მაგრამ მოდელობაზე არც კი ფიქრობდა, ჩოგბურთელობა უნდოდა. დაიწყო კიდეც სიარული, დაახლოებით წელი თამაშობდა, მისი მიზანი იყო უცხოეთში კონტრაქტით წასულიყო და ეთამაშა, მაგრამ 13 წლის რომ გახდა, უცებ განაცხადა, ჩოგბურთს თავი უნდა დავანებოო. მოდელობით დაინტერესდა. მეც ჩემი სააგენტო ახალი დაარსებული მქონდა და რომ ნახა, ჩვენი სააგენტოდან ბევრი გოგო წარმატებით მიდიოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, მოტივაცია გაუჩნდა. ბედის საცდელად მოვიდა.
ერთ წელიწადში ძალიან დაიხვეწა, მიწვევა მოგვივიდა ჰონკონგის "ელიტიდან", გავაფორმეთ ხელშეკრულება და წაიყვანეს. სწორედ იქ დაიწყო ისეთ წამყვან ბრენდებთან მუშაობა, როგორიცაა "კელვინ კლაინი", "შანელი","ლუი ვიტონი". ამის შემდეგ გაიცნო აზიის ბაზარმა, რასაც მოჰყვა დაინტერესება ამერიკიდან, ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო "ნექსთან" გავაფორმეთ ხელშეკრულება. თაკოს ყველაზე დიდი წარმატება იყო მაღალი მოდის კვირეული პარიზში, დებიუტი შედგა ვერსაჩეს ჩვენებაზე, რასაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ვერსაჩეს მოჰყვა დიორი, იამამოტო, ელი სააბი, არმანი, დოლჩე და გაბანა და ა.შ.