ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ
ბოლო განახლება: პოლიციამ მოსკოვში ის ავტომანქანები აღმოაჩინა, საიდანაც ნემცოვს ესროლეს
პოლიციამ ბორის ნემცოვის მკვლელების ავტომანქანები აღმოაჩინა. ამის შესახებ ფოტოებს "რენტვ" ავრცელებს. ამ დროისთვის ამ ავტომობილების დათვალიერება მიმდინარეობს ბიოლოგიური ნაწილაკების აღმოსაჩენად. ასევე ხდება თითის ანაბეჭდების აღებაც.
აღსანიშნავია, რომ თეთრი ავტომანქანები მკვლელობის ადგილთან ახლოს იპოვეს.
მანამდე რუსული მედია წერდა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმეზე პოლიცია თეთრი ფერის Ford Focus-ის ან Ford Mondeo-ს მარკის ავტომანქანას ეძებდა.
რუს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვს, რომელიც გუშინ ღამით მოსკოვის ცენტრში მოკლეს, 1991 წელს დაბადებული 23 წლის უკრაინელი მოდელი, ანნა დურიტსკაია ახლდა თან. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა გოგონა არ დაშავებულა.
"ლაიფნიუსის" ინფორმაციით, უკრაინელ მოდელთან რუს ოპოზიციონერს ახლო კავშირი ჰქონდა. როგორც თავად ანნა დურიტსკაია ამბობს, ის ნემცოვს თავიდან სავაჭრო ცენტრ "გუმში" ელოდებოდა, სადაც ისინი ვახშმობას გეგმავდნენ. დაახლოებით 23 საათისთვის წყვილი ქუჩაში ფეხით გამოვიდა და ვასილევსკის დაღმართისკენ გაემართა. რუსული მედიის ინფორმაციით, მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი სწორედ უკრაინელი მოდელია.
რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი მკვლელობამდე ორი საათით ადრე რადიო "ეხო მასკვის" ეთერში ჟურნალისტ ვიტალი დიმარსკის ჰყავდა მიწვეული. დიმარსკის ცნობით, ნემცოვმა მასთან სტუმრობისას 1 მარტს დაგეგმილი ანტიკრიზისული აქცია "გაზაფხულის" შესახებ ისაუბრა.
"ბორისი როგორც ყოველთვის მკაცრი იყო. თუმცა, ვერ ვიტყვი რომ ეს საუბარი უფრო მეტად აგრესიული იყო, ვიდრე ადრე. ეთერში მან ისაუბრა მარტში დაგეგმილ აქციაზე და იმაზე თუ რატომ დათანხმდნენ ოპოზიციონერები დემონსტრაციის მარინოს რაიონში გამართვას. მან ასევე სიცილით აღნიშნა, რომ ჩვენთან მოსვლამდე ცოტა ხნის ადრე შეატყობინეს, რომ კვირას "ენტევეს" ეთერში კიდევ ერთი "პროტესტის ანატომია" უნდა გასულიყო, რომელშიც ის იქნებოდა მთავარი გმირი", - ამბობს დიმარსკი.
"ეხო მასკვის" ჟურნალისტის თქმით, ბორის ნემცოვი ჩვეულებრივ ხასიათზე იყო.
გარდაცვლილის ცხედარი რეანიმობილით გადაასვენეს. ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები მიდიან, რომლებსაც ყვავილები მიაქვთ.
მსოფლიოში უკვე მოჰყვა ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოხმაურება. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს "ტვიტერის" გვერდზე წერია, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ობამამ მომხდარს "საზარელი მკვლელობა" უწოდა.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას დაიწყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიება და დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს", - წერია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს "ტვიტერის" გვერდზე. ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიც.
"შოკირებული ვარ მოსკოვის ცენტრში რუსეთის ყოფილი ვიცე პრემიერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო. ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა უფრო დემოკრატიული, აყვავებული და ღია რუსეთის მშენებლობას. ის რუსეთს და მთელ მსოფლიოს დააკლდება", - წერია ჯონ კერის განცხადებაში.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მწუხარებას გამოთქვამს რუსი პოლიტიკოსის მკვლელობის გამო და "თვითერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ "ძალიან დამწუხრებულია". მაკკეინი ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ნემცოვთან ერთად არის გადაღებული. "თვითერითვე" ეხმაურება მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც წერს, რომ შოკირებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობით და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან მკვლელობა გამოძიებული იქნება.
ამავე სოციალური ქსელით ეხმაურება მკვლელობას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი, რომელიც წერს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა ადასტურებს უგნურებას, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება მიუკერძოებლად წარიმართება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბორის ნემცოვის მკვლელობა პირად კონტროლზე აიყვანა, - ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. პუტინის განცხადებით, "ამ სასტიკ მკვლელობას გააჩნია ყველა ნიშანი იმისა, რომ იყო შეკვეთილი მკვლელობა და განსაკუთრებით პროვოკაციული ხასიათისაა" , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გამომძიებლები ყველა ვერსიას განიხილავენ, მათ შორის შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა იულია ივანოვამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, განიხილება, თუ არა პოლიტიკური მოტივი ბორის ნემცოვის მკვლელობის ვერსიად, მან აღნიშნა, რომ ყველა ვერსია იხილება. მანვე დაადასტურა, რომ საქმეში საუკეთესო კრიმინალისტები და გამოძიებლები არიან ჩართული.
ნემცოვის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიტიკოსს სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება . ადვოკატის თქმით, რამდენიმე თვით ადრე დაიწყო მუქარები სოციალურ ქსელებში, რასთან დაკავშირებითაც სამართალდამცავ ორგანოებში შესაბამისი განცხადებაც შეიტანეს, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.
ადვოკატი აცხადებს, რომ მუქარა კონკრეტულად ნემცოვის მკვლელობას შეიცავდა. თუმცა, მისი თქმით, ეს მუქარები მოდიოდა რამდენიმე თვის წინ.
ნემცოვის მკვლელობის გამო ხვალ დაგეგმილი ანტიკრიზისული აქცია "გაზაფხული" გააუქმეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდის" ცნობით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მიხაილ კასიანოვმა განაცხადა.
"ტრაგიკული მოვლენების გამო, ანტიკრიზისული მარში, რომელიც ხვალ დილით ქალაქის ცენტრში უნდა გამართულიყო, გავაუქმეთ. ხვალ უფრო მართებული იქნება, თუ ჩვენ ბორისს პატივს მივაგებთ", - განაცხადა კასიანოვმა. მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები ნემცოვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიების გამართვაზე იზრუნებენ.
ბორის ნემცოვი ხვალ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. თუმცა, იგი გუშინ საღამოს მოსკოვში მოკლეს. ნემცოვთან ერთად იმყოფებოდა 1991 წელს დაბადებული გოგონა, რომელიც წუხელ უკვე დაიკითხა.