მოძრაობს თუ არა თბილისში აფხაზეთის ე.წ. საავტომობილო ნომრებით ავტომობილები? სოციალურ ქსელებში ამ კითხვის შესატყვისი ფოტოსურათი ვრცელდება. ამ ფოტოს მიხედვით, აფხაზური ე.წ. ნომრებით "მერსედესის" ტიპის ავტომობილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, კი თბილისში მოძრაობს. უცნობია, თუ როდის არის გადაღებული ფოტო, თუმცა სოციალურ ქსელებში დარწმუნებით წერენ, რომ ეს ფოტო ნამდვილია.
კომენტარისთვის დავუკავშირდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: "საქართველოს საზღვარი ამ ნომრით ავტომობილს არ გადმოუკვეთია. როგორც კი მოხდება საპატრულო პოლიციის თვალთახედვაში ავტომანქანა მსგავსი ნომრებით, კანონის შესაბამისი ყველა პროცედურა გატარდება და რეაგირება მოხდება. საქართველოს საზღვარს ასეთი ნომრებით ავტომობილი ვერ გადმოკვეთს", - აცხადებენ შსს-ში.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ ასევე დასადგენია, თუ სად არის და როდის არის ეს ფოტო გადაღებული.
ლექსო ნაბახტეველი
Ambebi.ge