სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორი ამავე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის ცემის ფაქტზე კომენტარს აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამტრედიის მე-12 საჯარო (ყოფილი მე-14) სკოლის დირექტორმა ხათუნა თელიამ განუცხადა, მეოთხე კლასის მოსწავლე, გუშინ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლში წავიდა. სახლთან ახლოს 50 მეტრში მე-10 საჯარო სკოლაა, რომლის მეოთხე კლასელმა მოსწავლეებმაც ბიჭს სცემეს.
როგორც დირექტორმა აღნიშნა, მეზობლების ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება წინა დღეს, ძაღლის გამო მოხდა. დირექტორის ცნობით, სავარაუდოდ, მე-12 სკოლის მოსწავლემ მე-10 სკოლის მოსწავლეებისგან ძაღლი წამოიყვანა, თუმცა ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. ნაცემი ბიჭი რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოსწავლე მეზობლებმა იპოვეს და დამრიგებელს შეატყობინეს. ნაცემი მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამტრედიაში მცირეწლოვანი ბავშვის ცემასთან დაკავშირებით შს სამინიტრო უკვე დაინტერესდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით სამტრედიის პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.
ნაცემი ბავშვი ტვინის შერყევით ქუთაისის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.