თანამედროვე ცხოვრებაში, დატვირთული რიტმის გამო დრო ძალიან ძვირფასი გახდა. შესაბამისად, ადამიანებისთვის აქტუალური გახდა ისეთი სივრცეები, სადაც ისინი რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას მოასწრებენ - წაიკითხავენ საინტერესო ლიტერატურას, გაართობენ ბავშვებს, დაეკონტაქტებიან ადამიანებს, ისადილებენ და ა.შ. წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე ცხოვრებასა და მომხმარებლების მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა მულტიფუნქციური ცენტრის, "ბიბლუსი გალერის" გახსნა, რომელიც ყველა ჩამოთვლილ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
რით განსხვავდება "ბიბლუსი გალერი" სტანდარტული წიგნის მაღაზიებისგან და რას სთავაზობენ იდეის ავტორები მომხმარებლებს? ამის შესახებ "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი, თათა დგებუაძე გვიამბობს:
- თუ აქამდე ბიბლუსი მხოლოდ წიგნის მაღაზიების სახით იყო წარმოდგენილი საქართველოში, ახლა უკვე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ხსნის ინტელექტუალურ, დასასვენებელ, სავაჭრო ტიპის ცენტრს. "ბიბლუსი გალერიში" წიგნის მაღაზიასთან ერთად წარმოდგენილი იქნება საკანცელარიო ნივთების, ელექტრონული პადების, საბავშვო სათამაშოების და მსგავსი თემატიკის მაღაზიები, სადაც მომხმარებელი შეძლებს შეარჩიოს განსაკუთრებული საჩუქრები მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის. სწორედაც ამიტომ, "ბიბლუსი გალერი" წინასაახალწლოდ იხსნება, რათა მომხმარებელს მიეცეს საშუალება, ერთ სივრცეში იპოვოს მისთვის სასურველი ინტელექტუალური საჩუქარი, "შოპინგის დროს’’ დაისვენოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. "გალერიში’’ ასევე იფუნქციონირებს ბავშვთა ინტელექტუალურ-გასართობი სივრცე, იტალიური კაფე და სამკითხველო კუთხე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება განმარტოვდეს და თავისუფლად შეარჩიოს მისთვის სასურველი წიგნი.
- რა კატეგორიისა და ასაკის მომხმარებელზე იქნება გათვლილი "ბიბლუსის" მულტიფუნქციური ცენტრი?
- გვსურს "ბიბლუსი გალერი" იყოს ისეთი სივრცე, სადაც ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. მათთვის, ვინც ტექნოლოგიურ ინოვაციებს ფეხდაფეხ მისდევს და ელექტრონულ წიგნებს ანიჭებს უპირატესობას, გალერიში შეძლებენ ფიზიკურ წიგნთან ერთად, საკითხავი პადებიც შეარჩიონ. ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება არა მარტო უფროსებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც. აქ იქნება ბავშვების გასართობი ცენტრი, თუმცა ამ ცენტრში მთავარი აქცენტი კეთდება ბავშვების არა მხოლოდ ფიზიკურ გართობაზე, არამედ მათ გონებრივ განვითარებაზეც. სპეციალურად მოწვეული ანიმატორები და ფსიქოლოგები ბავშვების შემეცნებით გართობაზე იზრუნებენ.